GE

ვიდრე ჩვენი საერთო სასაუბრო ენა არის რუსული, ოკუპაცია ვერ დასრულდება – მარიამ ჯაში ეროვნულ უმცირესობებზე

სასტუმრო “თბილისი რუმსში” “სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში” კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მან ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ასევე აფხაზური ენის დაცვის საკითხებს.

“ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე სახელმწიფო ენა, რომელსაც ასევე დაცვა სჭირდება. 26 მაისს ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვას მოყვა რეაგირება ე.წ აფხაზეთის მთავრობისგან, რომ რუსიფიკაციის საფრთხე არ გვემუქრებაო. ე.ი.საჭირი იყო ამ საკითხზე საუბარი. აფხაზური ენა არის ჩვენი დასაცავი. საქართველოში უფრო მეტ ადგილას ისწავლება აფხაზური ენა, ვიდრე აფხაზეთში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თქმით, აფხაზურთან ერთად ასევე დასაცავია ოსური ენა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებთან კომუნიკაციის ენა არ იყოს რუსული.

“ვიდრე ჩვენი საერთო სალაპარაკო ენა არის რუსული, ოკუპაცია ვერ დამთავრდება. აფხაზურ ენასთან ერთად, ჩვენი დასაცავია ოსური ენაც”, – განაცხადა მან.

სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ბევრ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციისთვის.

“2010 წლიდან 6-ჯერ გაიზარდა სტუდენტთა რიცხვი. სპეციალურად მათთვის შევიმუშავეთ სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო სტრუქტურებში. 200-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა უკვე ეს კურსი და სრულიად მზად არიან სამსახურისთვის”, – აღნიშნა მან.

კონფერენციაზე ხელი მოაწერეს ოთხმხრივ მემორანდუმს, რომელიც ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ეხება. ხელშეკრულება გაფორმდა ოთხ უწყებას შორის. ესენი არიან: სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური