GE

ვინ არიან გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების და ლიტერატურის მაღალქულიანი აბიტურიენტები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა შედეგი გამოქვეყნდა და აბიტურიენტები აქტიურად ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთის ქულების შესახებ.

EDU.ARIS.GE იმ რამდენიმე აბიტურიენტს გაესაუბრა, ვინც სამოქალაქო განათლების, ლიტერატურის და გეოგრაფიის გამოცდებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი მიიღეს.

მარიამ ცუხიშვილმა ლიტერატურის არჩევით გამოცდაში 70-დან 67 ქულა მიიღო. ის 106-ე სკოლაში სწავლობდა და ჩაბარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აპირებს.

როგორც მარიამმა გვითხრა, ის ხშირად იმარჯვებდა ქართულის ოლიმპიადებში, ასევე წელს მოხვდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საუკეთესო ათეულში.

“ჩემს წარმატებაში დიდი როლი შეასრულეს ჩემმა ქართულის მასწავლებლებმა, რომლებმაც ბავშვობიდან შემასისხლხორცეს ქართული. ბოლო ერთი წელი აქტიურად ვიმეორებდი და სასურველ შედეგამდეც დაუღალავმა შრომამ და პროფესიონალმა მასწავლებლებმა მიმიყვანეს. ვფიქრობ, ლიტერატურის არჩევითი გამოცდა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველია, რადგან აბიტურიენტისგან მოითხოვს არა მარტო ლიტერატურული ნაწარმოებების სიღრმისეულ ცოდნას, არამედ სწორი ინტერპრეტაციის უნარს, შემოქმედებითობას, გრამატიკული ნორმების პრაქტიკაში გამოყენების ჩვევას.

“დღესდღეობით მასწავლებელთათვის კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეებისთვის ქართული ლიტერატურის შეყვარება. ჩემი ხედვით, აღნიშნული გამოცდის არსებობა აბიტურიენტს უბიძგებს სასკოლო ტექსტების გადახედვისკენ, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ვინაიდან ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდისგან განსხვავებით ლიტერატურას უფრო მკაცრად ასწორებენ, არ მინდოდა წინასწარ გადაჭარბებული მოლოდინი მქონოდა. ვფიქრობდი, რომ 65-ზე მაღალს ავიღებდი. 67 ქულის დანახვა ძალიან გამიხარდა”, – გვითხრა მარიამმა.

რაც შეეხება სხვა გამოცდების შედეგებს, შეიძლება ითქვას, ის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული აბიტურიენტია – ქართული ენა და ლიტერატურა 66/70, ზოგადი უნარები 66/80, ინგლისური 79/80, ისტორია 67/70.

თამარ სირაძე – აბიტურიენტია რომელმაც სამოქალაქო განათლების გამოცდაში 60-დან 54 ქულა მიიღო. როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს შეეძლო მაქსიმალური 60 ქულის მიღებაც, მაგრამ ერთ-ერთი დავალება გაუნულეს.

თამარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თხინვალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია და სამართლის ფაკულტეტზე აბარებს, თუმცა უნივერსიტეტზე საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა და არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე უნდა გააკეთოს. როგორც ამბობს, ბავშვობიდან გადაწყვეტილი აქვს რომ სამართალზე ისწავლოს.

“სამოქალაქო განათლების გამოცდაზე ავიღებდი მაქსიმალურ ქულასაც წყაროების ანალიზის არაადეკვატურად რომ არ გაენულებინათ, მაგრამ გასაჩივრებას არ ვაპირებ, ვფიქრობ ეს ქულაც საკმარისია მიზნის მისაღწევად. რთული გამოცდა ნამდვილად არ იყო, ვინაიდან მაქსიმალურად არის მორგებული აბიტურიენტის ზოგად განათლებაზე. მაგრამ არსებობს ემოციები, ფსიქოლოგიურ-სოციალური წონასწორობის რღვევა, რომლებიც უშუალოდ ახლავს გამოცდებს და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უბრალოდ ვერ ,,დადო”, – ამბობს აბიტურიენტი.

თამარმა მეორე არჩევით საგნად ლიტერატურაც ჩააბარა, სადაც 70-დან 60 ქულა აიღო, თუმცა ამ შედეგით არც ისე კმაყოფილია.

“სიმართლე გითხრათ,ლიტერატურის შედეგით, არც ისე კმაყოფილი ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემი პედაგოგების წვლილი ამ ,,ერუდიციაში”. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩამებარებინა 5 საგანი მდგომარეობს შემდეგში – სამოქალაქოს პედაგოგი თავად დედაჩემია, ამიტომ მსურდა, გამეხარებინა ამ გადაწყვეტილებით, იმედია, გამომივიდა კიდეც. ლიტერატურითა და სამოქალაქოთი, ბუნებრივია, უფრო ფართო არჩევანი გაქვს, როგორც პრიორიტეტული ფაკულტეტის, ისე უნივერსიტეტისა და გრანტის უზრუნველსაყოფად.”

რაც შეეხება სხვა საგნების ქულებს, თამარმა ქართულში 65 (70), უცხო ენებში 73 (80), უნარებში კი 65 (80) ქულა აიღო. უნარების შესახებ თამარი ამბობს რომ დრო არ ეყო და ამის გამო მეტი ქულის აღება ვერ შეძლო.

EDU.ARIS.GE გეოგრაფიის მაღალქულიანი აბიტურიენტებითაც დაინტერესდა. მიუხედავად იმისა რომ გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობა ტესტებს უმარტივესად აფასებდა, როგორც ჩანს მაღალი ქულები მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში დაიწერა.

ერთ-ერთი ასეთი მაღალქულიანი აბიტურიენტი ანა აბრამიძეა, რომელმაც გეოგრაფიაში 60-დან 56 ქულა აიღო. ანამ 175-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და ჩაბარებას თსუ-ს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებზე აპირებს. რაც შეეხება კონკრეტულად განხრას, როგორც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ჯერ არ გადაუწყვეტია საერთაშორისო ურთიერთობებს აირჩევს თუ საზოგადოებრივ გეოგრაფიას.

“გეოგრაფიის გამოცდა წინა წლებთან შედარებით ოდნავ გართულებული იყო. სამსჯელო კითხვები მომეწონა. ტესტი მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას არ ამოწმებდა რაც მისასალმებელია. მაღალ ქულას ველოდი და საბოლოოდ ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ,” – გვითხრა ანამ.

რაც შეეხება სხვა საგნების ქულებს, ქართულში 66 (70), ინგლისურში 77 (80), უნარებში 69 (80).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური