როგორ უნდა მოიქცეთ თუ მოსწავლეს სკოლაში ნივთს მოპარავენ და რა ხდება, როცა მოსწავლე სკოლის საკუთრებას აზიანებს
საჯარო სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს სკოლის დირექცია და მანდატურის სამსახური აწესრიგებს, ხოლო კერძო სკოლები თავად უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დაცვას, თუმცა მუდმივად გადიან სახელმწიფო მონიტორინგს. ისინი დაცვის ავტონომიური, კერძო სისტემით სარგებლობენ და მანდატურის ინსტიტუტს ე.წ უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებით ანაცვლებენ. სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მონიტორინგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი ვალდებულებაა. უსაფრთხოება არ გულისხმობს მხოლოდ სკოლის საზოგადოების ფიზიკურ დაცვას. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური რესურსის დაცვის ზედამხედველობა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფაც უსაფრთხოების ნაწილია.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა ვინ უზრუნველყოფს სკოლებში საკუთრების დაცვას, ვის უნდა მიმართოთ თუ თქვენი ქონება დაზიანდება ან საქმე გვაქვს ქურდობის და დაკარგვის ფაქტთან. ამ შეკითხვებს უმეტესად მშობლები სვამენ, როცა მათი შვილების ნივთებს კარგავენ და არ იციან ასეთ დროს ვის მიმართონ.
ზემოაღნიშნულ საკითხებს საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ არეგულირებს და შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, სწორედ ამ და სხვა პრაქტიკულ საკითხებზე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას და გეტყვით რა შემთხვევაში რის გაკეთებას შეძლებთ.
საჯარო სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მანდატურის სამსახური აგვარებს, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სამართლებრივ გადაწყვეტასა და გამოძიებასთანაა დაკავშირებული, პირველ რიგში, სკოლის მანდატურების ჩართვას მოითხოვს.
თუ საქმე მოსწავლის დაკარგულ ნივთს ეხება, აუცილებელია საქმის კურსში ჯერ დამრიგებლის ჩაყენება, შემდგომ კი სკოლის ადმინისტრაციის. თუ ისინი ვერ შეძლებენ პრობლემის მოგვარებას, საქმეს გადასცემენ მანდატურს. საჭიროების შემთხვევაში, მანდატურს აქვს უფლებამოსილება, რომ მხარის მიმართვის საფუძველზე, გახსნას კამერის ჩანაწერები და მშობელთან ერთად ნახოს.
თუ პრობლემა სასკოლო სივრცეში ვერ გადაიჭრება და დაზარელებული მხარე ჩათვლის, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, მას მხოლოდ შემდგომ შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურას, მაგალითად, გამოიძახოს პოლიცია. ასეთ შემთხვევაში შუამავალ მხარეს მანდატური წარმოადგენს, რადგან ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუციას წარმოადგენს.
რაც შეეხება სკოლის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზიანებას ან ძარცვის ფაქტს, ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორი თავადაა პასუხისმგებელი პირი, რომელმაც უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან. სახელმწიფო ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით ის აცნობებს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ატყობინებს სამინისტროს.
სასკოლი სივრცეში ხშირია ისეთი ფაქტები, როცა შემთხვევით თუ განზრახ მოსწავლე აზიანებს ე.წ სასკოლო ინვენტარს, რა ხდება ასეთ შემთხვევაში?
სასკოლო შინაგანაწესი ადგენს პროცედურეულ საკითხებს როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მსგავსი შემთხვევის წინაშე დავდგებით, რაც სკოლის გადასაწყვეტია და რეგულირდება მის შინაგანაწესში.
მაგალითისთვის, ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის შინაგანაწესში ვკითხულობთ, რომ მოსწავლეს დაეკისრება დისციპლინური სახდელი, თუ დაფიქსირდება შემდეგი ფაქტები:
„სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა;
საკლასო ჟურნალის დაზიანება, დაკარგვა;
სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა’’.
ამ შემთხვებში სკოლა თავად განსაზღვრავს დისციპლინური სახდელს, მაგალითისთვის, თუ მოსწავლე განზრახ დააზიანებს დაფას (ნივთის მდგომარეობის გათვალისწინებით) მას მოუწევს შეცვალოს დაფა ან გააკეთოს ისე, რომ დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს.
სკოლა ვალდებულია, იმ შემთხვევების შესახებ, რომლის მოგვარებასაც თავად ვერ უზრუნველყოფს აცნობოს ზემდგომ ინსტანციებს, თუმცა ჯერ თავად შეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება და მხარეებთან კომუნიკაცია.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ოფიციალურ სტატისტიკას, იმის შესახებ თუ რა სიხშირით ვლინდება მსგავსი შემთხვევები სკოლებში, არ აწარმოებს არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი