GE

„ვინც ასწავლის თავადაც უნდა სწავლობდეს, ყველაფერს ჰყავს მოწინააღმდეგე, იყოს ეს მასწავლებლის გამოცდაც, რადგან მოითხოვა სახელმწიფომ“

„ვასწავლი ისეთ სკოლაში, სადაც ხანდახან სამ ენაზე ვხსნი გაკვეთილს, ქართულად, რუსულად და აზერბაიჯანულად, ამან განაპირობა ის, რომ რადგან ქართული ენაა ფუნდამენტი, ჯერ მასზეა აქცენტი და მერე დანარჩენ სხვა საგნებზე. თუ ბავშვს ბაღი აქვს გამოვლილი უფრო ადვილია მასთან მუშაობა, მაგრამ მოდიან ისეთებიც, რომელთა მშობლებმაც საურთიერთო დონეზეც კი არ იციან ქართული და ეს ბარიერი მიქმნის დიდ პრობლემებს, ამიტომ ვეძებ გზებს როგორ ვასწავლო ქართული და მივედი როლურ თამაშებამდე“, – ამბობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის პედაგოგი მარეხ დიდებაშვილი.

ოთახი, სადაც გასულ სასწავლო წელს მარეხი მასწავლებლის პირველკლასელებს გაკვეთილები უტარდებოდათ, თეატრს უფრო ჰგავს, ვიდრე სტანდარტულ საკლასო ოთახს. მეზობლის ყვითელი კაბისგან შეკერილი უზარმაზარი მზე, სხვადასხვა ზღაპრის თუ მოთხრობის პერსონაჟების ფორმები და გვირგვინები, ხის კუნძი და უამრავი ნივთი საკლასო ოთახს ზღაპრულ იერს ანიჭებს და ბავშვებს სწავლის პროცესს უადვილებს. სასწავლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვის გამო, პედაგოგმა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივით მიმდინარე მასწავლებელთა აღიარების რეგიონულ კონკურსში გაიმარჯვა და კახეთის რეგიონში საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებლის პროფესიისა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ მან, მასწავლებელთა გამოცდების დაწყებამდე EDU.ARIS.GE -სთან ისაუბრა.

– როდის გადაწყვიტეთ, რომ უნდა იყოთ მასწავლებელი და რა ფაქტორებმა განაპირობა ეს არჩევანი?

– ვარ დედისერთა და სულ მენატრებოდა ბავშვებთან თამაში. როცა პირველ კლასში მიმიყვანეს, დედამ მიხრა, რომ ესენი იყვნენ ჩემი ჯგუფელები, ისე კარგად ვიგრძენი თავი იმ გარემოში, რომ მერე მე იქიდან წასვლა აღარ მიფიქრია. დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემ თანაკლასელებთან. დედა მედიცინის მუშაკი იყო და სურდა მის კვალს გავყოლოდი, მაგრამ უკვე იმდენად ზედმეტი იყო ჩემთვის ამდენი შეჭირვებული პაციენტის ხილვა, ჯანსაღ გარემოში ვარჩიე დარჩენა. მე ვფიქრობ, რომ ვარ ისეთი მასწავლებელი, როგორსაც ვოცნებობდი რომ მყოლოდა. ცუდს არასდროს არ ვიტყვი ჩემს მასწავლებლებზე, მაგრამ ალბათ მაშინ არ იყო ის მიგნებები რაც ახლა არსებობს. მე მგონია, რომ ჩემს ოცნებაში შექმნილი მასწავლებელი ვარ, ჩემი ბავშვების მეგობარი. ძალიან ხშირად ვთამაშობ ხოლმე მათთან ერთად და თან ვსწავლობთ, ასეთი მიდგომით უფრო გახსნილები არიან ბავშვები. რომ გამოიყვანო დაფასთან და ვუთხრა რაღაცა მოყვეს, ზოგიერთს უჭირს, მაგრამ ასეთი ფორმით უადვილდებათ. მეც ვირგებ ხოლმე პერსონაჟების როლს.

– დღეს ძალიან ბევრი საუბარი მიმდინარეობს განათლების რეფორმაზე და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესზე, რომელიც მაქსიმალურად მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს ითვალისწინებს. ისმის კრიტიკაც, რომ იგივე „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა მოუმზადებლად დაიწყო, თქვენ რას ფიქრობთ?

– „ახალი სკოლის მოდელში„ ჩვენი სკოლა ჩართულ არ არის, სექტემბრიდან დავიწყებთ, ამიტომ როგორც უშუალოდ ჩართული მასწავლებელი ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გვქონდა მხარდამჭერი ტრენინგები და ძირითად ტერმინოლოგიაში გავერკვიეთ – კურიკულუმი, მატრიცა, კომპლექსური დავალება როგორ უნდა შედგეს. „ახალი სკოლის მოდელის„ ფარგლებში მე უკვე ჩავატარე გაკვეთილი, გადმოგვიგზავნეს მზა მატრიცა და აინტერესებდათ ჩვენი აზრი, ან განიხილეთ, ან ჩაატარეთო. რადგან მე მყავდა პირველი კლასი, ვუთხარი, რომ ასე წაკითხვით არ შემიძლია და მირჩევნია გამოვცადო მეთქი და სწორედ აქ გამოვიყენე როლური თამაშები. კომპლექსურ დავალებაში ბოლოს არის მსჯელობა, მოსწავლემ უნდა ილაპარაკოს რა გაუჭირდა და რა არა, პირველკლასელი ამას ვერ გააკეთებს, სხვა მხრივ არ გაჭირვებიათ. ვერც იმით მოვიწონებ თავს, რომ ყველა ბავშვმა გაართვა თავი, მით უმეტეს ჩემი კონტინგენტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან. „ ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით გავეცანი კრიტიკულ წერილებს და ვიცი რა დისკუსიაც მიდის ამ თემაზე, მაგრამ რეალურად რომ ჩავერთვები უფრო მარტივად გამოვიტან დასკვნებს. ჩემს შემთხვევაში, მაგალითად ბავშვებმა ძალიან კარგად იმუშავეს, თუმცა ეს მეთოდები პერსონაჟის დახასიათება, წერილი პერსონაჟს, დიორამა, ჯიპრაიდის პროექტის ფარგლებში აქამდეც გვქონდა, ძალიან ბევრი რამ მოგვცა ამ პროექტმა, ქართული ენის მიმართულებით ფასილიტატორი ქოუჩი ვიყავი, ძალიან ნაყოფიერი იყო. უბრალოდ, ახლა დავალებას აქვს სახელი შეცვლილი, კომპლექსური დავალება დაერქვა და უფრო მეტი დატვირთვა ბავშვს ეძლევა, რომ ბავშვმა იმუშაოს.

– ბევრი კრიტიკა ისმის მასწავლებლის სქემაზეც, პედაგოგების ნაწილი ამბობს, რომ ის ძალიან რთული და ბიუროკრატიულია, რაც სისტემაში ახალი კადრების შემოდინებასაც აფერხებს, თქვენთვისაც ბიუროკრატიაა გამოცდები და სტატუსის მოპოვების პროცედურა?

– სქემა როდესაც დაიწყო, პირველივე ვიყავი იმ მასწავლებლებს შორის, ვისაც გამოცდა ჰქონდა ჩაბარებული, მაშინ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა გარკვეული აქტივობები. რომ გითხართ გამიჭირდა და ან გამოცდის წინააღმდეგი ვარ-თქო ასე არ არის. ყველა სიახლეს ჰყავს მოწინააღმდეგე, იყოს ეს გამოცდაც, რადგან მოითხოვა სახელმწიფომ, ჩავაბარე და მაქსიმალურად გავყევი. უბრალოდ ერთი წელი ჯანმრთელობამ არ შემიწყო ხელი და მენტორობამდე ვეღარ მივედი. მე თუ მკითხავთ, ის, ვინც ასწავლის თავადაც მუდმივად უნდა სწავლობდეს, ჩემთვის ეს არის ამოსავალი წერტილი.

– განათლების სფეროსთვის ერთ ერთი გამოწვევა აღმოჩნდა კოვიდ 19-ის პანდემია, რა სირთულეები შეგიქმნათ ასე ერთბაშად შეცვლილმა სასწავლო რეჟიმმა?

– პანდემიამ თავიდან შეგვიქმნა სირთულეები, რადგან ყველას არ მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტზე. მერე, თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ მთის სოფელია, ყველამ იზრუნა, რომ ინტერნეტი ჰქონოდათ. მე თვითონ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს საკმაოდ კარგად ვფლობ, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე, რომ ბავშვს ელექტრონული რესურსი დავუმზადო. ანბანი ფაქტობრივად ონლაინ გვიარეთ, როცა დავბრუნდით სკოლაში, რამდენიმე ასოღა გვქონდა დარჩენილი, ბავშვები მეძახდნენ მასწავლებელო ის რა სახალისო იყოო. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში რთული იყო, ზოგს 5 შვილი ჰყავს და ყველას არ ჰქონდა საშუალება ცალკე დამჯდარიყო ბავშვი. ჩვენ, კოლეგები შევთანხმდით, და- ძმები ხომ გვყავს კლასში და ისეთ ცხრილი შევადგინეთ, რომ ერთმანეთს არ დამთხვეოდნენ. მე მაგალითად საღამოს მეწყებოდა გაკვეთილები. კოლეგებს, ვისაც პრობლემა ჰქონდა კომპიუტერთან, მივდიოდით სკოლაში, ვუხსნიდი, ვეხმარებოდით და გაიმართა სისტემა.

– ახსენეთ, რომ ტექნოლოგიებს კარგად ფლობთ, 21-ე საუკუნეში მის გარეშე დასაქმება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რამდენად ხშირად იყენებთ ტექნოლოგებს საკლასო ოთხში სასწავლო პროცესის დროს?

– სანამ ონლაინ სწავლება დაინერგებოდა, საკლასო ოთახში უფრო აქტიურად ვიყენებდი, მაგრამ შემდეგ უკვე იმდენად დიდი დოზით იყვნენ ბავშვები ეკრანებთან, რომ წიგნს მივანიჭე უპირატესობა. მე არ ვარ ტექნოლოგიების წინააღმდეგი, მაგრამ გაკვეთილზე რეკომენდებულია 11-12 წუთი, და ეს პროცესი შემდეგ ფაქტობრივად მთელი გაკვეთილს გართმევს, უფრო ხელოვნების გაკვეთილზე ვიყენებდით, ვაწყობდით, ვხატავდით, ვაფერადებდით, ფერებს ვასწავლიდით, მუსიკის გაკვეთილზეც ვიყენებდით. ამ პანდემიის მერე უფრო ნაკლებად ვიყენებ, ვუფრთხილდები ბავშვების ჯანმრთელობას.

მე პირადად ორჯერ შევიცვალე სათვალე პანდემიის პერიოდში, თვალებზე იმდენად პრობლემები შემექმნა. ფაქტობრივად სულ კომპიუტერთან გვიწევდა ყოფნა. გაკვეთილი თუ არ მქონდა რესურსს ვამზადებდი, რესურსი თუ არ მქონდა დავალებას ვამოწმებდი, უკუკავშირს ვუწერდი ყველას სათითაოდ. მართლა განვიცდიდი ისეთი მასწავლებლების მდგომარეობას, ვისაც პატარა შვილები ჰყავს, მე დიდები მყავს, თორემ რა ეშველებოდათ, მეუღლე კიდევ მითმენს, ეგუება ჩემს რეჟიმს.

– ასეთი რეჟიმის ფონზე, არის თუ თუ არა დამატებითი დატვირთვა მასწავლებლისთვის ელექტრონული ჟურნალი?

დაწყებით კალასებში ნიშნები არ გამოგვყავს და ალბათ სირთულე მათ უფრო ჰქონდათ ვინც შეფასებებს წერს, იქ იყო პრობლემები. ჩვენ ვწერთ უბრალოდ დასწრებას, ან არას, ამიტომ ჩემთვის დამატებითი დატვირთვა ნამდვილად არ ყოფილა.

– ხშირად ამბობენ, რომ რეგიონის და განსაკუთრებით მაღალმთიანი სკოლები განიცდიან კადრების დეფიციტს, თქვენი სკოლის შემთხვევაში რა ხდება?

– ჩვენი სკოლა მთის კია, მაგრამ თბილისთან ძალიან ახლოს ვართ, ერთი მასწავლებელი დადის თბილისიდან, ერთი რუსთავიდან, არ არის პრობლემა. თუკი ჩნდება ვაკანსია დადებულიც არ არის, რომ უკვე კადრია. ჩამოსული მასწავლებლები ბევრია იმიტომ, რომ ტრანსპორტირება არ ჭირს, თან მთის კანონით განსაზღვრული შეღავათები გვეხება, მთის დანამატი ცალკე გვაქვს და მოტივაციაც უფრო აქვთ.

„როგორც არ მინდა ჩემს შვილს ჰქონდეს დაზიანებული ფსიქიკა, ისე არ მინდა სხვის შვილებს ჰქონდეთ“ – ინტერვიუ გამოცდაზე გასულ პედაგოგთან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური