GE

ვიქექოთ თუ არა წიგნებში გამოცდების წინ – ისტორიის მასწავლებელი აბიტურიენტების თავსატეხებზე

უნდა იმეცადინოს თუ არა აბიტურიენტმა ძველებური რეჟიმითა და სისტემატურობით გამოცდებამდე თვენახევრით ადრე? რომელი მიდგომა ამართლებს – ისტორიაში წლების დაზეპირება და გადამეორება თუ ესეს წერაში ვარჯიში? იქნებ, სულაც ჯობს, 2022 წლის გამოცდებამდე დარჩენილი დრო გალაღებულებმა გაატაროთ და ტესტებისა თუ სავარჯიშოებისკენ არცკი გაიხედოთ?

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სულ ცოტა დრო რჩება, რაც აბიტურიენტებში ბუნებრივად იწვევს ვნებათაღელვის მატებას. სტრესი, რომელიც გამოცდებს თან ახლავს, არც ისე ადვილი დასაძლევია, თუმცა არსებობს გზები და EDU.ARIS.GE -ს მეშვეობით, აბიტურიენტებს ამჯერად ისტორიის ახალგაზრდა რეპეტიტორი მრავალწლიანი გამოცდილებით და თსუ-ის მაგისტრანტი ჯონი ხუხია ესაუბრება.

„გამოცდებამდე ბოლო რამდენიმე დღე მაინც, აბიტურიენტებისათვის აუცილებელია დასვენება, განტვირთვა და ფსიქოლოგიურად მომზადება“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 18 მაისს საუბარში ისტორიის მასწავლებელი. ისტორიკოსი, რომელიც ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია შუა საუკუნეების კვლევების მიმართულებით გვიყვება, რა ეტაპზე არიან ამჟამად აბიტურიენტები და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ამბობს, რომ გამოცდებამდე ორი თვით ადრე, აბიტურიენტებს უკვე გავლილი აქვთ ძირითადი პროგრამა, ახლა კი ეროვნული გამოცდების ტესტებზე მუშაობენ:

„როგორც წესი, გამოცდებამდე რომ ორი თვე რჩება, ყველა მუშაობს ეროვნული გამოცდების ტესტებზე, რაც ყველაზე კარგი გზაა გარკვეულწილად იმისთვის, რომ აბიტურიენტმა უშუალოდ ის ნიმუშები გაიაროს, რაც გასული წლების ეროვნული გამოცდების ტესტებს მოიცავს. ეს მათ ეხმარება, რომ ნახონ, რისი გააზრება უჭირთ პროგრამიდან. მასწავლებელი კი ამის საფუძველზე შესაბამისად ახსენებს იმ კონკრეტულ ისტორიულ ეპოქას, მოვლენას და ა. შ. და ეხმარება მივიწყებული მასალის გახსენებაში“.

ჯონი ხუხიას აზრით, მას შემდეგ, რაც მასწავლებელთან ერთად შეაჯამებს აბიტურიენტი მთელს პროგრამას, უკეთესია, დაისვენოს და ფსიქოლოგიურად მოემზადოს გამოცდებისთვის.

„რა თქმა უნდა, გამოცდას თან ახლავს გარკვეული ღელვა და ნერვიულობა, თუმცა ვინც მთელი წლის განმავლობაში იშრომა და სათანადოდ მოემზადა, სანერვიულოც არაფერი აქვს, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები არ სცდება საგამოცდო პროგრამას, რომელიც ძირითადად XI-XII კლასის სახელმძღვანელოების მიხედვით არის შედგენილი. რაც დაგროვილი აქვს გონებაში ცოდნის სახით, მაინც ამოტივტივდება, როდესაც გამოცდაზე წერას დაიწყებს. ჩემს აბიტურიენტებს ვურჩევ ხოლმე, გამოცდამდე ბოლო რამდენიმე დღე აუცილებლად დაისვენონ და ფსიქოლოგიურად განეწყონ გამოცდებისთვის და ეს ამართლებს კიდეც. ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი განსაკუთრებით გამოცდის წინა დღეებში წიგნებში ქექვა და სწავლა, უმჯობესია და ეფექტური გამოცდაზე დასვენებული გონებით გასვლა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს რეპეტიტორმა.

მათთვის, ვინც ვინც გამოცდებისთვის მზადება დაგვიანებით გადაწყვიტა

ახალგაზრდა მასწავლებელი ფსიქოლოგიურად მომზადებაში თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის რწმენას გულისხმობს, დასვენებაში კი მარტო დარჩენას და არა – გართობას. მათთვის კი, ვინც ბოლოს გადაწყვიტა, დაიზეპიროს საგამოცდო მასალა და ისტორიული თარიღები, ხუხიას ასეთი აზრი რეკომენდაცია აქვს:

„ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა საკმაოდ ვრცელია. ბოლო რამდენიმე თვეში მთლიანი პროგრამის დაძლევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, თუმცა ზოგი აბიტურიენტი, გარკვეული მიზეზების გამო, წლის მეორე ნახევარში იწყებს მომზადებას. განსაკუთრებული მონდომება და პასუხისმგებლობაა ამ შემთხვევაში საჭირო, რომ ეს პროგრამა დაიძლიოს, მით უმეტეს, თუ აბიტურიენტს არ აქვს საფუძველი, თუ სკოლაში კარგად არ სწავლობდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მაინც ახერხებს მცირე დროში მთელი პროგრამის დაძლევას და ეს მთლიანად აბიტურიენტის მონდომებაზეა დამოკიდებული.

„ძალიან მომწონს ის ცვლილებები, რაც ბოლო დროს შედის საგამოცდო საკითხებში. ყველაზე ნაკლებად რაც გამოადგებათ აბიტურიენტებს გამოცდაზე, გახლავთ დაზეპირებული ფაქტების ცოდნა, რადგან სიღრმისეული ანალიზისა და გააზრების გარეშე უბრალოდ ვერ გამოიყენებენ ამ დაზეპირებულ ცოდნას. აბიტურიენტმა თუ იცის, მაგალითად, ამა თუ იმ ბრძოლის, თუ მოვლენის თარიღი, მაგრამ არ იცის, რა იყო ამ ბრძოლის გამომწვევი მიზეზი და რა შედეგები მოჰყვა, ვინ არიან დაპირისპირებული მხარეები და ა. შ., ის ამ მომენტს ვერც ისტორიულ კონტექსტში გაიაზრებს და ვერც ქრონოლოგიურად. შესაბამისად, მხოლოდ მშრალი ფაქტების დაზეპირება არაფრისმომცემია“.

ხრიკები, რომელიც ისტორიის გამოცდაზე გამოგადგებათ

ისტორიის მასწავლებელი ამბობს, რომ ეროვნული გამოცდების ტესტებს აქვს თავისი სპეციფიკა, რომელზე მუშაობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია, გარკვეული ხრიკებით და ეშმაკობებით გარკვეული ქულები დააგროვოთ.

მაგალითად, ტესტურ დავალებას, რომელიც 15 კითხვისგან შედგება, თან ახლავს სავარაუდო პასუხები და სამი ქრონოლოგია, სადაც აბიტურიენტს ძირითადად სჭირდება ფაქტობრივი ცოდნის გამოვლენა, თუმცა, თუ არ ახსოვს კონკრეტულ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, გამორიცხვის მეთოდსაც მიმართოს.

„ერთ-ერთი დავალება გამოცდაზე არის ისტორიული მოვლენის აღმწერი ორი სხვადასხვა ტიპის წყარო. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშნელოვანია, აბიტურიენტმა ყურადღებით წაიკითხოს ტექსტი და მასში მოცემული დეტალებით გამოიცნოს ბრძოლის სქემაზე მოცემული მხარეები. რომც არ იცოდეს დეტალები, იქ ისედაც ყველაფერია მოცემული“, – ამბობს მასწავლებელი.

ილუსტრაციაზე მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა ყურადღება მიაქციოს იქ დატანილ ინფორმაციას, რადგან: „აუცილებლად შეხვდება რაღაც გარკვეული მინიშნება, რომელიც დაეხმარება იმ კონკრეტული ისტორიული მომენტის ამოცნობაში. ასე რომ, თითოეული დეტალი, რომელიც ილუსტრაციაზეა, მნიშნელოვანი და გასათვალისწინებელია“.

რაც შეეხება ისტორიული რუკაზე მუშაობის დავალებას, რეპეტიტორის აზრით, აბიტურიენტი უნდა დააკვირდეს იქ დატანილ ინფორმაციებს, რაც არის გასაღები იქ მოცემული კითხვებისა.

არგუმენტირება და ისტორიული მოვლენის შეფასება – ამ დავალების შესრულებისას კი ყველაფერი დამოკიდებულია აბიტურიენტის ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარზე.

„ისტორია არ არის მხოლოდ ფაქტების მშრალი თხრობა, ანდა მეფეების დაბადების თუ გარდაცვალების თარიღები და ბრძოლების წლები. ეს არის პროცესი და თითოეულ ისტორიულ ეპოქას თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომლის მიხედვითაც, აბიტურიენტს შეუძლია გაიაზროს ესა თუ ის ისტორიული ეპოქა. ბოლო დავალება გახლავთ წყარო. წყაროზე მუშაობისას ვურჩევდი აბიტურიენტებს, რომ აუცილებლად ყურადღებით წაიკითხონ თავიდან ბოლომდე ეს წყარო, გაიაზრონ, რის შემდეგაც მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოინიშნავენ და ამის მერე ძალიან გაიმარტივებენ საქმეს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ჯონი ხუხია.

ასევე იხილეთ:

„…ეს შვების მომგვრელი იქნება“ – ასე უნდა შექმნას აბიტურიენტის მშობელმა საგამოცდო სტრესის დაძლევისთვის მხარდამჭერი გარემო

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური