GE

ვის და რა შემთხვევაში შეუძლია გამარტივებული წესით რიგგარეშე მობილობით ისარგებლოს – მინისტრის ბრძანება

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, განსაზღვრა ვისთვის და რა შემთხვევაშია შესაძლებელი გამარტივებული წესით რიგგარეშე მობილობით სარგებლობა.

ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით, დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით შემდეგი პირებისთვის:

ა) ამ დაწესებულებების სტუდენტთათვის;

ბ) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება ამ დაწესებულებაში;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;

დ) მობილობის მსურველთათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს ის პირიც, რომლის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თორმეტთვიანი ვადა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური