GE

„ვისი არჩევაც მინდოდა, ის ვერ შემოვხაზე“ – საკანონმდებლო ხარვეზი და სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების დღე EDU.ARIS.GE-ს ობიექტივში

20 ივნისს, ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა – დილის 10:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათზე დასრულდა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი მოსწავლე. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით, არანაკლებ 3-3 და არაუმეტეს 6-6 მშობელსა და პედაგოგს ირჩევენ და არჩევნებში მონაწილეობენ როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები.

EDU.ARIS.GE რამდენიმე სკოლას ესტუმრა. როგორც გავარკვიეთ, ამ არჩევნებს დიდი საკანონმდებლო ხარვეზი აქვს, რის მიხედვითაც, მაგალითად, საშუალო საფეხურის მოსწავლის მშობელს უწევს, საბაზო საფეხურის მოსწავლის მშობელს მისცეს ხმა, რაც, იმას ნიშნავს, რომ ის, ვისაც ხმა მისცა, მის ინტერესებს სულაც ვერ დაიცავს. არადა, ქაღალდზე გაწერილი დებულების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს სკოლისა და მოსწავლეების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დატვირთვა და როლი აქვს: საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში დილის 10 საათისთვის მშობლების საკმაო რაოდენობა დაგვხვდა. არჩევნების მიმდინარეობას თვალს ადევნებდა ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, მარიამ გოხელაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ ყველა სკოლაში ამ პროცესს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ისე – რესურცენტრის, თუმცა სკოლების რაოდენობიდან გამომდინარე, ყველგან ყოფნას ვერ ახერხებენ.

„დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სკოლაში მომიწევს მისვლა. ხან მე ვიქნები სკოლაში ამ პროცესის დამკვირვებლად, ხან – სამინისტროს წარმომადგენელი. რომელიღაც აუცილებლად უნდა ესწრებოდეს პროცესს. რასაც მე ახლა ამ სკოლაში ვუყურებ, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს პროცესი. კოორდინირებულად მუშაობს კომისია და მშობლებიც საკმაოდ აქტიურობენ“, – გვითხრა მარიამ გოხელაშვილმა.

EDU.ARIS.GE ესაუბრა მოსწავლის მშობელს, ხათუნა ხაჟომიას, რომელიც 55-ე საჯარო სკოლაში ამომრჩევლის სტატუსით მივიდა და გაწბილებული დარჩა, რადგან ვის ასარჩევადაც მივიდა, მას ხმა ვერ მისცა.

„ჩემმა შვილმა IX კლასი, ანუ საბაზო საფეხური დაამთავრა და საშუალო საფეხურზე გადავიდა. მე კი მოვედი არჩევნებზე და მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ხმა მივეცი საბაზო საფეხურის მშობელს. არადა, ჩემი შვილი სექტემბრიდან საშუალო საფეხურის მოსწავლე იქნება. მოვედი იმ იმედით, რომ საშუალო საფეხურზე ავირჩევდი ვიღაცას, ვისთან ერთადაც მერე რაღაც საქმიანობაში ჩავერთვებოდი, გავაკონტროლებდი და ა. შ., მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმას ვაძლევ იმ საფეხურზე, რომელშიც ჩემი შვილი აღარ იქნება. ვიკითხე, რატომ ხდება ასე-მეთქი, მაგრამ არავინ იცის და იმედი მაქვს, თქვენი სტატიის დახმარებით გავერკვევი. ახლა ვინც შემოვხაზე, მისი არჩევა ფაქტობრივად, არ მაინტერესებდა“, – გვითხრა მშობელმა.

როგორც ხათუნა ხაჟომია ამბობს, რადგან აღარ იცოდა, ვისთვის მიეცა ხმა, სკოლაში გამოკრული კანდიდატების ბიოგრაფიები წაიკითხა და, ვისი ბიოგრაფიაც მისთვის ასე თუ ისე მისაღები აღმოჩნდა, იმის მიხედვით შემოხაზა კანდიდატი.

„ერთი წელია რაც ჩემი შვილი კერძო სკოლიდან აქ გადმოვიყვანე. მინდა, სამეურვეო საბჭო, რომელიც დღეს აირჩევა, აქტიური, რეალური გადაწყვეტილებების მიმღები იყოს და არა – ფორმალური, რადგან, კანონით, ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. რაც ამ სკოლაში ვართ, არ შემინიშნავს რაიმე საქმიანობა, რომელსაც ეს საბჭო განახორციელებდა, თუმცა რთული წელიც იყო – ნახევრად ონლაინ ვიყავით და ეს ალბათ ამის ბრალიც იყო. ახლა კი უფრო მეტ ჩართულობას ველი“, – ამბობს მოსწავლის მშობელი.

ჩვენ მართლაც შევეცადეთ მშობლის მიერ ნახსენები პრობლემის მიზეზი სკოლის დირექტორთან გადაგვემოწმებინა და პასუხი მიგვეღო კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეძლო მოსწავლის მშობელმა სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა და ხმა მისთვის სრულიად უცნობ პირს მისცა.

გაუმართაობას, რომლის მიხედვითაც, უკვე X კლასელის მშობელს არ მიეცა უფლება, საშუალო საფეხურის მოსწავლის მშობლისთვის მიეცა ხმა, სკოლის დირექტორი კანონმდებლობას უკავშირებს და გვიხსნის, რომ ეს მათი ბრალი არ არის.

„ეს არჩევნები ინიშნება ბოლო არჩევნების ჩატარებიდან სამი წლისა და ორი კვირის შემდეგ. წინა არჩევნები მგონი, 6 ივნისს იყო და ახლა ასე მოუწია. გამოდის, რომ მშობლის რეგისტრაცია მიმდინარეობა იმ დროს, როდესაც მოსწავლე გარკვეულ საფეხურზე სწავლობს. კანონმდებლობის მიხედვით ასეა და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. როცა ინიშნება არჩევნები, ის მოსწავლე უკვე აღარ არის საბაზო საფეხურზე, მაგრამ… მშობელს კი აქვს არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა სამეურვეო საბჭოში რომ აირჩიონ, პირველივე სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს მისთვის სტატუსის შეჩერება, რადგან მისი შვილის საფეხური არ იქნება შესაბამისობაში“, – ასევ გვიხსნის განათლების სფეროს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს მაია აბრამიძე.

55-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი, სამი შვილის დედა, თამარ იმნაიშვილი-ბრეგვაძე გვიყვება, რომ ერთხელ უკვე იყო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, ახლა კი საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლების წარმომადგენლად ყოფნა უნდა. ჩვენს კითხვაზე, რა გააკეთა სამეურვეო საბჭომ მისი კანდიდატად ყოფნის პერიოდში, თამარი პასუხობს:

„ნამდვილად არ არის ფორმალური ეს საბჭო. რაიმე გადაწყვეტილებას რომ იღებენ, გვეხმაურებიან და ერთად გავდივართ იმ საკითხს, ვმსჯელობთ… მაგალითად, ინვენტარზე იყო საუბარი და შევთანხმდით მაშინ. ექსკურსიებთან დაკავშირებით ვწყვეტთ ხოლმე გარკვეულ დეტალებს. ბავშვთა უფლებებზეც გვქონია საუბარი – სად მთავრდება ბავშვის უფლება და სად იწყება მასწავლებლის. ასეთი გაცვლითი საუბრები ბევრი გვქონია. ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ეს მეც მსიამოვნებს, როგორც სამი შვილის დედას. ჩემმა ერთმა შვილმა უკვე დაამთავრა სკოლა, მეორე გადადის XI-ში და მესამე – VII-ში. დამამთავრებელი კლასები უფრო რთულია და ალბათ ბევრი კონსულტაცია დაგვჭირდება, როგორ მოვიქცეთ, როგორ შევუწყოთ ბავშებს ხელი და ა. შ.“

55-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია აბრამიძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ყველა მშობელს მიაწოდეს ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით და ყველა კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია სკოლაშიც გამოაკრეს. დირექტორის თქმით, მშობლებს უფრო უნდათ, საბჭოს წევრები გახდნენ, ვიდრე მასწავლებლებს.

„მშობლებს შორის კონკურენცია უფრო დიდია, ვიდრე მასწავლებლებს შორის. ეს კიდევ დამატებითი შრომაა მასწავლებლისთვის და თავს იკავებენ. თუმცა, აქტიური ბირთვი მაინც გვყავს. უკვე 20-მდე მასწავლებელი იყო სამეურვეო საბჭოს წევრი. ვინც სურვილი გამოთქვა, რომ სამეურვეო საბჭოში ყოფილიყო, მათგან სამი ახალგაზრდა, დამწყები მასწავლებელია და სამი – შედარებით გამოცდილი და ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი სამეურვეო საბჭო, რადგან ის ითვალისწინებს სასკოლო საჭიროებებს და მათ შეუძლიათ შესთავაზონ დირექტორს, ისე დაგეგმონ სასწავლო პროცესი, რომ გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა საჭიროებები. შესაბამისად, გასათვალისწინებელი იქნება პედაგოგების მოთხოვნებიც. სამეურვეო საბჭოს წლიური ანგარიშის წარდგენას ვაკეთებთ ხოლმე და ვგეგმავთ ბევრ რამეს. ვცდილობთ, სპეციალური საჭიროებების მოსწავლის მშობელი აუცილებლად მოხვდეს ამ საბჭოში და მან დაიცვას ასეთი მოსწავლეების ინტერესები. მათგან გვქონდა შემოთავაზება აღგვეჭურვა სკოლა სენსორული ტექნიკით და ამის გაკეთება შევძელით“, – ამბობს დირექტორი.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მშობელთა აქტიურობა არ შეინიშნებოდა, რაც იმით ახსნეს, რომ ჩვენი სტუმრობისას ჯერ ადრე იყო და მშობლების მოსვლას კიდევ ელოდნენ. არჩევნების პერიოდში მისულებს ადგილზე არ დაგვხვედრია არც სამინისტროს და არც რესურსცენტრის წარმომადგენელი.

როგორც სკოლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია შაღაშვილმა-გრიგოლიამ გვითხრა, პროცესი დემოკრატიულად, მშვიდად მიმდინარეობდა და დილის 10-დან 11 საათამდე პერიოდში 25 მშობელი მივიდა არჩევნებზე. სკოლაში დაახლოებით 2000 მოსწავლე სწავლობს და 154 პედაგოგი მუშაობს.

„ბავშები დათხოვილები არიან უკვე. ნელ-ნელა მოდიან მშობლები. საათში ერთხელ ვამოწმებთ მონაცემებს. 10-დან 11 საათამდე 25 მშობელი მოვიდა არჩევნებზე. ალბათ ერთი ამდენი კიდევ მოემატა ერთ საათში და 12-ზე კიდევ დავთვლით. პირველ საფეხურზე დაახლოებით 850-მდე მშობელია, საბაზისოზე – 750-მდე და საშუალოზე – 400-ზე მეტი. პედაგოგები საკმაოდ აქტიურობენ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ შვებულებაში არ ვართ და სკოლაში დავდივართ“, – გვითხრა კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც სამეურვეო საბჭოს დანიშნულებაზეც მოგვიყვა:

„მოლოდინი გვაქვს, რომ დემოკრატულ პროცესებს გავაგრძელებთ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ბიუჯეტის განკარგვა მშობლებისა და პედაგოგების თანსწრებით ისე მოხდება, რომ ბევრ რამეს ავირიდებთ თავიდან. ეს არის სამეურვეო საბჭოს უფლებები – დირექტორი წარუდგენს ბიუჯეტს და სამეურვეო საბჭო შემდგომ აძლევს ხმას. მშობელიც და მასწავლებელიც თანაბარი ხმის უფლებით არიან – 6 მშობელი, 6 მასწავლებელი. არცერთ მშობელს უნდა, რომ თავის შვილს რაღაც პირობები მოაკლდეს და არც ჩვენ ვართ ის პედაგოგები, რომლებსაც არ გვინდა, რომ ბავშვებს ბევრი კარგი რამ ჰქონდეთ“.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან მშობლების უმრავლესობა აღნიშნავს, სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე კლასის დამრიგებლის თხოვნით მიდიან და უმრავლესობამ არც კი იცის, ვის და რატომ აძლევს ხმას და კანდიდატსაც კლასის დამრიგებლის მითითებით ხაზავს.

„მოვედი არჩვენებზე კლასის დამრიგებლის თხოვნით, შემოვხაზე ვინც უნდოდა. ვიცი, არაფრის გამკეთებლები არიან, მაგრამ მაინც მოვედი. დამრიგებლის თხოვნით მოვდივართ ყველა. თან, ერთი კანდიდატი დაგვისახელა, ეს შემოხაზეთო. აღმოჩნდა, რომ ის ჩვენი საფეხურის შესაბამისი არ იყო. მერე სხვა გვარი გვითხრა და ის შემოვხაზეთ“, – გვითხრა მოსწავლის მშობელმა აჭარის რეგიონიდან.

EDU.ARIS.GE-ს მშობლები პირად შეტყობინებებსაც უგზავნიან. როგორც ერთი მშობელი გვწერს, წლებია, ერთი და იგივე უსამართლო სისტემა მოქმედებს და სკოლებში არაფერი იცვლება.

„თქვენი ინფორმაცია ვნახე სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით და მაინტერესებს, თუ მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ სკოლის დირექტორი აირჩიოს, მაშინ რა საჭიროა მისი არსებობა? მოქმედი დირექტორი ისედაც თავისთვის სასურველ მიკერძოებულ კადრებს არჩევს, ქმნის უკონკურენტო გარემოს. არ არის რამდენიმე კანდიდატი, არის მხოლოდ სამი, რომლებიც ისედაც არჩეულები არიან და ეს არჩეული კანდიდატებიც მხოლოდ დირექციის პირადი ინტერესების გამტარებლები არიან. დირექტორს დამსახურების მიხედვით სრულიად პედკოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები ერთად უნდა ირჩევდნენ და არა რამდენიმე კაცი. ამიტომ წლები ისე გადის, რომ სკოლაში არაფერი იცვლება და არავინ აკონტროლებს დირექტორის საქმიანობას, ყველაფერი დაფარული და ბუნდოვანია“, – გვწერს მშობელი 20 ივნისს.

რეალურად განხორციელდება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები სკოლებში ამ არჩევნებით, მომავალი გვიჩვენებს.

ასევე იხილეთ:

რატომ არის მნიშვნელოვანი, მშობელმა სკოლის სამეურვეო საბჭოს დანიშნულება იცოდეს – არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

რა ფუნქცია აქვს საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური