GE

ვსწავლობთ ანბანს, ვითვლით ხეებს – აქტივობები რომლის შესახებ პირველკლასელთა მშობლებმა უნდა იცოდნენ

სახალისო განმავითარებელ აქტივობებს რომ ჯადოსნური შედეგები აქვს მასწავლებლები ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავთ. ბავშვის მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვა მხოლოდ მასწავლებლების ვალდებულება არაა და აღმზრდელს, იქნება ეს მშობელი, ბებია-ბაბუა თუ ვინმე სხვა, ასევე აქტიურად შეუძლია მისი გამოიყენება. თუ ეძებთ გზებს ბავშვის სიცელქესა და სიზარმაცესთან გასამკლავებლად, ასევე მისი შემოქმედებითი თუ სააზროვნო უნარ-ჩვევების განსავითარებლად, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე უნივერსალურ აქტივობას, რომლებიც სპეციალურად პირველკლასელი მოსწავლეების აღმზრდელებისთვის შეიქმნა განათლების სამინისტროსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.

5 მრავალმხრივი აქტივობის ინსტრუქცია, რომელთა გამოყენება სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში შეგიძლიათ:

ჩემი ტანსაცმლის თარო – უთხარით ბავშვებს ის ფრაზა, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად ახარებთ, ,,მოდი, დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა და თან დავთვალოთ’’. ასახელებთ ფერებს და სთხოვთ ბავშვს იგივე ფერის ტანსაცმელი დაალაგოს მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ვთქვათ შავი და წითელი, შემდეგ ვუსვამთ კითხვებს ტანსაცმლის შესახებ. როგორია? მოკლეა თუ გრძელი? აქვს საყელო თუ არ აქვს? კლასიკურია თუ სპორტული? ბავშვი იმეცნებს უამრავ სიტყვას… შემდეგ ეტაპზე ვთხოვთ ნივთების დათვლას. ამ აქტივობით მათემატიკურ უნარ-ჩვევებთან ერთად უმჯობესდება ბავშვის სააზროვნო უნარ-ჩვევები და სწავლობს ლოგიკურ აზროვნებას და სწორ მეტყველებას.

ვითვლით ხეებს – პარკში სეირნობისას, აგარაკზე თუ მგზავრობის დროს, სადაც ხეები შემოგხვდებათ, სთხოვეთ ბავშვს მათი დათვლა, ხოლო შედგ ჰკითხეთ: სულ რამდენი ხე იყო? მათგან რამდენი დიდი? რამდენი პატარა?.. ეს აქტივობა ხელს უწყობს ბავშვებში სხარტი აზროვების განვითარებას და აუმჯობესებს ციფრული აზროვნების უნარს.

ვსწავლობთ ანბანს – ქუჩაში სეირნობისა თუ მოგზაურობის დროს, სთხოვეთ ბავშვს მოძებნოს აბრები, აფიშა, საგზაო ნიშნები შემდეგ წაგიკითხოთ სიტყვები, ჩამოთვალოს ასოები, რომლებიც მასზეა აღნიშნული. ეს აქტივობა ბავშვებისთვის სახალისოა, ეხმარება ინფორმაციის დამახსოვრებაში და აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.

ჩემი ბიბლიოთეკა – ამ აქტივობის დახმარებით შესაძლებელია ბავშვმა შეავსოს სიტყვების მარაგი, ფლობდეს მკითხველის ლექსიკონს. სთხოვეთ ბავშვს, წაიკითხოს შერჩეული წიგნის ყდაზე დატანილი ინფორმაცია. დაუსვით შეკითხვები: რა ფერისაა წიგნი? ვინაა მისი ავტორი? რომელ წელს გამოიცა? რას ნიშნავს ილუსტრაცია? სად ხედავ ილუსტრაციას? მას შემდეგ, რაც დაეხმარებით პასუხების მოძიებაში კიდევ გაუმეორეთ ეს შეკითხვები. ამ აქტივობით შეძლებთ ბავშთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარებას, წიგნის ელემენტების ცოდნით კი გააუმჯობესებთ მისი წერისა და კითხის უნარ-ჩვევებს.

ვკითხულობთ ხმამაღლა – წიგნის ხმამაღლა კითხვა ბავშვს ეხმარება არა მხოლოდ მკითხველის უნარების შეძენაში, ასევე ანვითარებს სწორ მეტყველებას. შეარჩიეთ ლიტერატურა და გააცანით ბავშვს, შეეცადეთ ნელა, ხმამაღლა და გარკვევით გამოთქვათ ყველა ის სიტყვა, რომელიც წიგნშია მოცემული. დაყავით აბზაცები და შემდეგ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ იგივე ტექსტი ბავშვთან ერთად, კვლავ ხმამაღლა და გარკვევით. მესამე სვლაზე თითი გააყოლეთ ტექსტს და სთხოვეთ ბავშვს წაიკითხოს დამოუკიდებლად, თქვენ, რასაკვირველია, ეხმარებით და მარტო არ ტოვებთ ამ მნიშვნელოვან პროცესში. ამ აქტივობით ბავშვს შეაყვარებთ კითხვას, თავადაც გაუჩნდება უამრავი საყვარელი წიგნი, გაიუმჯობესებს მეტყველებას და სულ მალე დამოუკიდებლად კითხვასაც შეძლებს.

თუ აქტივობების სრული ჩამონათვალისა და ინსტრუქციების ნახვა გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

EDU.ARIS.GE კი, მომავალშიც გაგიზიარებთ სახალისო აქტივობების შესრულების ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ კიდევ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეთ სააღმზრდელო გამოწვევებს.

ასევე იხილეთ:

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური