GE

წარჩინებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლების მრავალწლიანი საქმე გადაწყვეტილია – დასკვნითი დეტალები

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ ოქროსა და ვერცხლის მედლების დამზადებაზე თანხმობა მიიღო. 3 ივნისის მდგომარეობით არსებული ინფორმაციით, 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებული კურსადამთავრებულები კუთვნილ საჩუქარს მიმდინარე წელს მიიღებენ.

„დაკმაყოფილდეს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მომართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცეს თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად მიმართოს საქართველოს მთავრობას“, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებაში, რომელსაც ხელი 28 მაისს მოაწერა.

შესყიდვის ობიექტია 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლების და მედლის ჩასადები ყუთების დამზადების და მოწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა: 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი. ჩასადები ყუთების საერთო რაოდენობა კი 8735-ია.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო, დაჩქარებული შესყიდვის განაცხადში აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს მედლები 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადაეცეს.

დაინტერესებული კომპანიებიდან ყველაზე დაბალი ფასი, 333 345 ლარი შპს „მერიდიან+“-სს ჰქონდა წარდგენილი და შესყიდვის ღირებულებადაც ეს თანხა განისაზღვრა. მედლები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღეში, 69 რესურსცენტრში უნდა განაწილდეს.

ამავე თემაზე:

წარჩინებულებს ისევ ლოდინი მოუწევთ – ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური