GE

„წელს ძალიან გამარტივებულია, მადლობა საგამოცდო ცენტრს“ – აბიტურიენტები ქართულის მეორე სესიიდან

ქართულ ენასა ლიტერატურაში, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე აბიტურიენტების რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი, 15:00 საათზე დაიწყება.

საგამოცდო ცენტრში შესვლამდე აბიტურიენტები 103-ე საჯარო სკოლასთან, EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ პირველი სესიის საკითხების გათვალისწინებით, წელს იოლი დავალებები აქვთ:

“ძალიან კარგი განწყობა მაქვს, ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა გამოცდის დღე. ზოგადად, ადრენალინი და რისკი მიყვარს და ერთი სული მაქვს, როდის დავწერ. წელს ძალიან გამარტივებულია, მადლობა საგამოცდო ცენტრს, რომ ასე გაგვიმარტივა. შარშანდელიც მარტივი იყო ჩემთვის და ვფიქრობ, ესეც მარტივი იქნება. მე ყველა საკითხს “ვეფხისტყაოსანი” მირჩევნია და მინდა, რომ ეს თემა შემხვდეს. ყველაფრის მომცველი თემაა და ყველაზე კარგი თემა დაიწერება”, – გვითხრა ნინო ნადარეიშვილმა.

კიდევ ერთმა აბიტურიენტმა, რომელიც გამოცდამდე, რვეულით ხელში, საკითხებს იმეორებდა, EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ ყველაფრისთვის მზად არის.

“არ ვღელავ, ჩემთვის სულ ერთია საკითხთან დაკავშირებით რა მოვა, რადგან ძალიან შემართებით ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფრისთვის მზად ვარ. სექტემბრიდან ვმეცადინეობ. ჩემი აზრით, “ვეფხისტყაოსანი” მოვა, რადგან ყველაფრის მომცველია და სასურველია, რომ ეს საკითხი მოვიდეს”, – გვითხრა სალომე ნაჭყებიამ.

მარიანა ლომთაძე გამოცდაზე მაღალი განწყობით შედის:

“მაღალი განწყობით შევდივარ, ვცდილობ, რომ შევინარჩუნო სიმშვიდე. მგონია, რომ არ იქნება რთული, რადგან პირველ ვარიანტელებს რომ შევხედე, ძალიან კარგი საწერი თემები იყო, რედაქტირებაც არ იყო იმდენად რთული და გავუმკლავდები ყველაფერს. შარშანდელი არც თუ ისე მერთულა, რაც ვნახე. თანაც, შარშან სხვა ტიპის გამოცდა იყო, წელს უფრო სხვანაირია და იმედია, მეორე ვარიანტიც მარტივი იქნება, კარგი საწერი”, – მარიანა ლომთაძე.

EDU.ARIS.GE-სთან საკითხების შესახებ კომენტარი გააკეთა 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში მყოფმა მშობელმაც:

“გამოსული აბიტურიენტები თავად ამბობენ, რომ ძალიან მარტივი იყო წლევანდელი დავალებები, როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო თემა. ასე რომ, მგონია, წელს აბიტურიენტებს არაფრის უნდა ეშინოდეთ”, – ამბობს ჩვენთან საუბარში აბიტურიენტის მშობელი, ეკა წიქარიშვილი.

4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დღეს დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადეს თამარ შუკვანმა და გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური