GE

წელს პირველკლასლი 55 000-მდე ბავშვი გახდება – რამდენი ვაკანტური ადგილი დარჩა და როდის შეგიძლიათ მობილობა

საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ, დილის 09:00 სათიდან დაიწყება და 2022-2023 სასწავლო წლისთვის დაახლოებით 55 000-მდე პირველკლასელს ელოდებიან.

როგორც EDU.ARIS.GE -ს 23 მაისს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპის შემდეგ, ამ მომენტისთვის დარჩენილია 43 842 ვაკანტური ადგილი.

სულ გამოყოფილი ადგილებიოს რაოდენობა 69 208-ს შეადგენდა და უკვე რეგისტრირებულია 25 366 პირველკლასელი.

თქვენმა შვილმა რომ სასურველ სკოლაში დაიწყოს სწავლა, ერთადერთი გამოსავალი გაქვთ – სხვებს უნდა დაასწროთ ბავშვის იქ დარეგისტრირება. სხვაგვარად ვერაფრით მოახვედრებთ შვილს ისეთ პოპულარულ სკოლაში, სადაც ადგილები ელვის სისწრაფით ივსება.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა გამოსავალი აქვს მშობელს, თუ შვილი მისთვის სასურველ სკოლაში ვერ მოახვედრა და როდის შეუძლია ისარგებლოს მობილობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასეთი პასუხი გაგვცეს:

„წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ დიდ დიღომში, სადაც პირობითად 10 საჯარო სკოლაა, მაგრამ ერთი არის ახალი აშენებული და ძალიან მოგწონთ, ლამაზია. ყველა, ვინც დიდ დიღომში ცხოვრობს, ცდილობს, იმ ახალ აშენებულ სკოლაში მოახვედროს შვილი. რა გამოსავალი უნდა იყოს? ვინც ყველაზე სწრაფად დარეგისტრირდება, ის ისწავლის იქ. ეს არის გამოსავალი. ყველა ვერ მოხვდება ერთ სკოლაში. I და XII კლასის მოსწავლეების მობილობა არ ხდება. მობილობა შეიძლება II კლასიდან დაწყებული XI კლასის ჩათვლით. ამ დროს შეუძლია, მშობელს, გადაიყვანოს, სადაც უნდა. შეიძლება ადგილი ნებისმიერ სკოლაში გამოჩნდეს და მაგ დროს გადაჰყავთ და გადმოჰყავთ ბავშვი ჩვეულებრივ. ანუ, I კლასში თუ ვერ მოხვდა ბავშვი სასურველ სკოლაში, II- III კლასიდან შეუძლიათ, გადაიყვანონ“.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აცხადებენ, რომ მზად არიან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციისთვის და შეფერხებებს არ ელოდებიან.

ასევე იხილეთ:

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება – წარსადგენი დოკუმენტების სია და ვადები

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება – ყველა დეტალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური