GE

წერეთლის უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა რაოდენობა იზრდება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა რაოდენობა ყველწლიურად იზრდება. არაქართულენოვანი საქართველოს მოქალაქეები ერთ წლის განმავლობაში ქართულ ენას საფუძვლიანად სწავლობენ, რის შემდეგაც განათლების მიღება საბაკალავარო პროგრამებზე თავისუფლად შეუძლიათ.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ რეიხან ალიევამ, ელჩინ ქაზიმოვმა და ლამია კასანოვამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება გადაწყვიტეს.

სამივე მათგანის სურვილი ქართული ენისა  და გეოგრაფიის უკეთ შესწავლაა, რათა თავადაც გახდნენ მასწავლებლები.

ელჩინ ქაზიმოვი – ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი:

,,გადავწყვიტე მესწავლა ქართული ენა და ლიტერატურა, რათა შემდეგ მე თავად გავხდე მასწავლებელი და დავეხმარო იმათ სწავლაში, ვინც არ იცის. მე ბოლნისიდან ვარ და არიან მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან ქართულად წერა და კითხვა, ვფიქრობ მათ დავეხმარები“.

რეიხან ალიევა – ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი:

,,როცა არ იყო ქართულ ენაში მომზადების პროგრამა, ვერ ახერხებდა ქართულის სწავლას არაქართულენოვანი მოსახლეობა. ახლა როცა არის შესაძლებელი, ბევრია მსურველი და მათ შორის ვიყავი მეც. ახლა სწავლას ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ვაგრძელებ. მინდა გავხდე მასწავლებელი“.

ლამია კასანოვა – გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტი:

,,ჩვენთან, სკოლებში კადრების პრობლემაა. ბევრმა არ იცის ქართული. საჭიროა სწავლების ახალი მეთოდები. გეოგრაფია ჩემთვის საინტერესო სფეროა და ქართული ენაში მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ ამ მიმართულებით გადავწყვიტე სწავლა. როცა დავასრულებ მინდა, რომ გავხდე მასწავლებელი და დავეხმარო სხვებს განვითარებაში“.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამას წელს  28 სტუდენტი გაივლის, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით გაცილებით მაღალი მაჩვენებელია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით ბოლნისელი სტუდენტების დაინტერესება ბოლო წლებში გაზრდილია, რაც აწსუ-ს კურსდამთავრებულის, მოვლუდ მეხრაბოვის დამსახურებაა. მან ქართულ ენაში მომზადების პროგრამა და უმაღლესი განათლების ორი საფეხური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაასრულა და ახლა ბოლნისის რაიონის ერთ-ერთი სკოლის წარმატებული პედაგოგია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური