GE

წერილი პედაგოგს – როგორ უნდა მოვიქცეთ თუ შვილის მასწავლებელთან შეხვედრას ვერ ვახერხებთ

აუცილებელია, მშობელს ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს შვილის მასწავლებელთან. ეს საუკეთესო საშუალებაა, როგორც ბავშვის, ისე პედაგოგის კონტროლისთვის. როცა პედაგოგმა იცის, რომ მშობლისთვის მნიშვნელოვანია, მისი შვილის სწავლა-განათლების საკითხი ის მეტ ყურადღებას დაუთმობს ბავშვს, ასევე მოსწავლეც – თუ ის დარწმუნებულია, რომ დღის ბოლოს მშობელი პედაგოგოს ნახავს, მეტად მობილიზებული იქნება გაკვეთილების მსვლელობის დროს. ასე რომ მასწავლებელი ხშირ მონახულებას სულაც არ ჩათვლის გადაჭარბებულად, თუმცა მშობელთა დიდი ნაწილი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სკოლაში სტუმრობას ვერ ახერხებს. ამის საუკეთესო ალტერნატივა მასწავლებლისთვის წერილის მიწერაა. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე ხელნაწერის სახით. მაგრამ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება წერილის დაწერის დროს?

1) დაიწყეთ წერა მადლობით

პირველ რიგში, ნებისმიერ შემთხვევაში, გადაუხადეთ მადლობა პედაგოგს გაწეული შრომისთვის და დაანახეთ, რომ თქვენ ამჩნევთ მის ძალისხმევას.

2) ჩამოაყალიბეთ მიზეზი

წერილის დაწერის მიზეზი არაერთი რამ შეიძლება გახდეს. მაგალითად,  ავადმყოფობის გამო გაცდენილი საათების გამო მობოდიშება ან ბავშვის სხვა პრობლემა, რომელზეც აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება. დაუსვით კითხვები და სთხოვეთ რჩევები.

3) შეინარჩუნეთ პოზიტიური ტონი

წერილობით არ გამოხატოთ უკმაყოფილება პედაგოგის მიმართ. იყავით მშვიდი. გაიხსენეთ რაიმე, რითაც თქვენი ან თქვენი შვილის კეთილგანწყობა მოიპოვა და ნუ დაიშურებთ სამადლობელ ფრაზებს.

4) იყავით გულისხმიერი

თუ მასწავლებელს, თქვენს შვილთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს, შეეცადეთ რაც შეიძლება გაგებით მოეკიდოთ ამას და პედაგოგსაც აგრძნობინეთ ეს. იქნებ, ამ გზით უფრო მოახერხოთ სიტუაციის მართვა, ვიდრე აგრესიული ტონით

5) ჰკითხეთ ბავშვის ყოფა-ქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ

რა თემაზეც არ უნდა წერდეთ წერილს, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება მის ქულებზე, ჰკითხეთ, რომელიმე საგანში გამოსასწორებელი ხომ არ აქვს ქულა ან მეტი მუშაობა ხომ არ სჭირდება.

მეილით გაგზავნის დროს გადაამოწმეთ ადრესატის მეილი და შეამოწმეთ ხომ არ უგზავნით მთელ ჯგუფს (თუ პედაგოგი თქვენთან კომუნიკაციისთვის მეილს იყენებს, შეიძლება ის წერილებს ყველას ერთად გიგზავნით).

თუკი ხელნაწერს უგზავნით, არ დაგავიწყდეთ ხელის მოწერა და თარიღის მითითება.

მოამზადა მარიამ ელიაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური