GE

წიგნები, რომლებიც გვაშინებენ

ბექა ახალაია

არ ვგულისხმობ ედგარ პოს მისტიკას, ლავკრაფტის შემაშინებელ სიუჟეტებს ან კინგის ლამის იაფფასიან ტრიუკებს. არა, ვგულისხმობ წიგნებს, რომლებიც ვერ წავიკითხეთ, რომლებმაც დაგვამარცხეს არა თავიანთი სირთულის, არამედ თავიანთი სისუსტის, ან იმის გამო, რომ უბრალოდ „ჩვენი” წიგნები არ არიან.
ასეთი წიგნი ჩემს სამკითხველო კარიერაში სულ რამდენიმეა. ორჯერ ვცადე მაინ რიდის „უთავო მხედრის” წაკითხვა. ერთხელ იმ ასაკში, როცა ამ წიგნს კითხულობენ ხოლმე, მეორედ კი – მოზრდილობისას. პირველად ორმოცდაათ გვერდს ვერ გავცდი, მეორედ კი ოთხმოცამდე ავედი, მაგრამ გავჩერდი.

ვერაფრით წავიკითხე ჯონ აპდაიკის „ისთვიქელი ალქაჯები”. როგორც მახსოვს, ნახევრამდე მივედი და გავიჭედე. ერთხელ ტელევიზორში ამ ფილმის ცნობილ ეკრანიზაციას გადავაწყდი (ჯეკ ნიკოლსონის, მიშელ პფაიფერის, შერის და სიუზან სარანდონის მონაწილეობით). ფილმი უარესი აღმოჩნდა. წიგნის მეორეხარისხოვანი პერსონაჟის დარილ ვან ჰორნის (იმედია, სწორად მახსოვს სახელი) ფილმში წინა პლანზე წამოწევამ, წიგნის ყოფითი დეტალებისა და გარემოს ხელოვნურმა გამისტიკურებამ სულ ამიბნია თავგზა. ფილმის არმოწონების ინერციით წიგნი ისევ გადმოვიღე თაროდან და ოცდაათი გვერდის წაკითხვაც გავქაჩე, მაგრამ ისევ გავჩერდი.
თუ ზემოთ ნახსენებ ორ წიგნს ტექნიკური თვალსაზრისის პრობლემა აქვს, კორტასარის „კლასობანა” უბრალოდ მოსაწყენი წიგნია. არადა, ეს კაცი დიდი მწერალი იყო, ამაზე მისი გენიალური მოთხრობები მეტყველებენ. ორჯერ ვცადე ამ რომანის წაკითხვა და ორივეჯერ წარმოუდგენლად სამარცხვინო რამ დამემართა: ჩამთვლიმა.

მომაბეზრებელი მედიტაციური მონოლოგებით გაჯერებულ ამ წიგნს მესამედ არასდროს გავეკარები, რადგან კითხვისას კიდევ ერთხელ ჩათვლემამ ჩემს თავმოყვარეობაზე შესაძლოა ფატალური გავლენა იქონიოს.

ამ სამ წიგნზე უფრო უარესი წიგნებიც მიმიყვანია ბოლომდე, მაგრამ ამათ ვერაფერი მოვუხერხე. არადა, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, პროფესიონალი მკითხველი ვარ და რთულად საკითხავი წიგნები არ მაფრთხობს. პირიქით, პროზა მძიმე და „რთულად წასაკითხი” უნდა იყოს. მხოლოდ ასეთმა წიგნებმა შეიძლება მოგცენ რამე. თორემ „ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ რომანებს”, როგორც წესი, სერიოზულად არც განვიხილავ. ვიცნობ ადამიანებს, კარგ მკითხველებს, რომლებიც „ცნობიერების ნაკადის” მწერლებთან ჭიდილში რამდენიმე გვერდის მერე უპირობოდ მარცხდებიან. მე კი პირიქით ვარ. უცნაური კია ჯოისი და ფოლკნერი რომ ვერაფერს გიხერხებენ და მაინ რიდი დაგამარცხებს.

ჩემ მიერ ნახსენები სამი წიგნი მაშინებს. ისინი თვალისგან შორს, ქვედა თაროს უკანა მხარეს მაქვს შემალული. უცნაური შეგრძნებაა, როცა ნივთი, ფურცლების გროვა, მოგერევა. თუმცა ჭკვიან ხალხს თუ ვერწმუნებით, ყველა წიგნს თავისი სული აქვს. ეს თუ მართალია, მაშინ ასეთი წიგნები პერსონალური ბოროტი სულები არიან.

რეზო გაბრიაძე წერს ერთგან, თუ რა ბედნიერება იყო მისთვის, როცა ბავშვობაში სიცხეს აუწევდა და ლოგინში ჩააწვენდნენ. არც სკოლა, არც არაფერი, მხოლოდ წიგნების კითხვა.
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე სიცხიანი ვერაფრით ვკითხულობდი. ვცდილობდი, თავს ძალას ვატანდი, მაგრამ ამაოდ. ჩემდა ჭირად, ჩემი საწოლი ოთახის კარის შუშიდან წიგნის თაროები ჩანდა. საშინლად მთრგუნავდნენ წაუკითხავი წიგნები. მეგონა, რომ მათ წაკითხვას ვერასდროს შევძლებდი. წაუკითხავი წიგნები დღესაც ასე მთრგუნავენ, შიშით კი მათი მხოლოდ მას შემდეგ მეშინია, რაც კითხვას დავიწყებ და ვეღარ ვაგრძელებ.

შიგადაშიგ ფილმებსაც (კლასიკურ კინოს ვგულისხმობ) დავუმარცხებივარ, მაგრამ ფილმების შემთხვევაში ეს ნაკლებად მტკივნეულია. შეიძლება ფელინის „რთულად საყურებელ” “8½”-ს უყურო და მისივე (შედარებით „მსუბუქად საყურებელმა“) „დედიკოს ბიჭებმა” დაგამარცხოს, თუმცა მე არც ამ უკანასკნელს დავუმარცხებივარ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური