GE

წვრთნა, სწავლება, წესრიგი – რა შეიცვალა სტუდენტებისთვის ეთა-ში ჩაბარების შემდეგ

ანა ნაკუდაიძე და ლუკა ბოგვერაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები არიან. ისინი აკადემიაში უკვე 4 თვეა სწავლობენ და დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ართმევენ. ორივე მათგანისთვის ეთა-ში სწავლის მოტივაცია საქართველოს ეროვნული გმირები არიან. როგორც ახალგაზრდები ამბობენ, აკადემიაში სწავლა რთული, თუმცა სასიამოვნოა. EDU.ARIS.GE ეთა-ს სტუდენტებს ესაუბრა.

 – პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ეთა-ს სტუდენტი? რა იყო თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი?

ანა ნაკუდაიძე: ,,ბავშვობიდან მინდოდა სამხედრო პირი ვყოფილიყავი. აკადემიის არსებობის შესახებ ერთი წლის წინ ჩემი დეიდაშვილისაგან შევიტყვე და მან დამარწმუნა, რომ თუ ეთა-ში ჩავაბარებდი ჩემი ოცნებაც ასრულდებოდა, ასეც მოვიქეცი. აქ სწავლის მოტივაცია იმანაც მომცა, რომ საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ჩემი სოფლიდან არის.“

ლუკა ბოგვერაძე: ,,ჯარი ბავშვობიდან მიზიდავდა და ამის გამო გავხდი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტი. ძალიან მინდა, კარგ სამხედრო პირად ჩამოვყალიბდე და საქართველოს გამოვადგე.“

 – როგორი იყო ეთა-ში სწავლის მოლოდინი და ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ სწავლის პროცესში?

ა.ნ.: ,,ეთა-ში სწავლის მოლოდინი თავიდანვე ძალიან დიდი იყო და როგორც კი აკადემიის სტუდენტი გავხდი მივხვდი, რომ არსებულმა სიტუაციამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. სასწავლებელს აქვს გაცვლითი პროგრამები, რაც სტუდენტების ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაში ეხმარება. ახლა შესაძლებლობა მაქვს მივიღო მონაწილეობა საფრანგეთის გაცვლით პროგრამაში და ამისათვის ენის კურსებს გავდივარ.“

ლ.ბ.: ,,ოთხი თვეა, რაც ამ სასწავლებლის სტუდენტი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ძალიან პროდუქტიული იყო ჩემთვის. ახალ რეჟიმთან მომიწია შეგუება. ვისწავლე დროის ეფექტურად გამოყენება, დილით ადრე ადგომა და წესრიგი. იმას, რასაც აკადემიის გარეთ არ ვაქცევდი ყურადღებას ახლა სხვანაირად ვფიქრობ იმ ყველაფერზე.“

 – რა შესაძლებლობებს აძლევს ეროვნული თავდაცვის აკადემია სტუდენტებს და თეორიული სწავლების გარდა რა პრაქტიკულ წვრთნებს გადიხართ?

ა.ნ.: ,,ეთა-ში სწავლა სტუდენტებს ეხმარება ჩამოყალიბდნენ ძლიერ სამხედრო პირებად და იდგნენ ქვეყნის სადარაჯოზე. აქ სწავლა ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან თეორიული კურსის გარდა პრაქტიკულ წვრთნებსაც გავდივართ. ვსწავლობთ იარაღის დაშლა-აწყობას და მის გამოყენებას. დავდივართ ცურვაზე და ვსწავლობთ ხელჩართულ ბრძოლას.“

ლ.ბ.: ,,ვიცოდი, რომ აკადემიაში სწავლა ადვილი არ იქნებოდა და მომიწევდა სხვადასხვა დავალების შესრულებაც. ჩვენ კარგად ვფლობთ იარაღს და მის თითოეულ დეტალს. ჩვენი პირველი პრაქტიკული დავალება საკუთარი კარადების მოწესრიგება იყო, რამაც ჩვენ წესრიგის მიმართ სიყვარული გაგვიჩინა, შემდეგ უკვე იარაღთან ურთიერთობა და მისი გამოყენება ვისწავლეთ. გავიარეთ 5-კვირიანი მომზადების კურსი, ძალიან სასიამოვნო იყო.“

 – თქვენს წარმატებაში რა წვლილი მიუძღვის ერონული თავდაცვის აკადემიას?

ა.ნ.: ,,აკადემიაში სწავლა, ვფიქრობ, რომ ჩემთვის უკვე წარმატებაა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წინ კიდევ უფრო ბევრი წარმატება გველოდება. იმ საქმეს ვემსახურები, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი“

ლ.ბ.: ,,ეროვნული თავდაცვის აკადემიას არაერთი წარმატებული სამხედრო გაუზრდია და მეც ვარ დარწმუნებული, რომ აკადემიაში სწავლა წარმატებას მომიტანს. ძალიან დიდი წვლილის შემტანია ეთა-ში სწავლა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ამ სფეროს მიუძღვნას საკუთარი თავი,,

 – რას გვეტყვით აკადემიის პროფესორებზე? როგორი ურთიერთობა აქვთ მათ სტუდენტებთან?

ა.ნ.: ,,აკადემიაში ყველა ლექტორი საკუთარი საქმის პროფესიონალია. ისინი მაღალი დონისა და კვალიფიკაციის მქონე პირები არია. ყველა მათგანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ისინიც მეგობრულები არიან“

ლ.ბ.: ,,კვალიფიციური ლექტორები გვყავს. ყველაფერში გვეხმარებიან, მაგრამ მაინც ყველაფერი იუნკერებზეა დამოკიდებული, თუ როგორი მონდომებულები არიან ისინი. ერთადერთი რამ, რაც ყველაზე მეტად მოგვეთხოვება დისციპლინაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს. ლექტორებთან პრობლემები არ გვაქვს, ისინი გვაძლევენ მასალას და ჩვენ ვსწავლობთ.”

 – რას მოელოდით საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ?

ა.ნ.: ,,საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი კარგი შესაძლებლობაა თითოეული იუნკერისთვის. გვაძლიერებს ფსიქოლოგიურადაც და მენტალურადაც.“

ლ.ბ.: ,,საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დადებით მხარეებზე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, თუმცა ერთი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ამ კურსის გავლის შემდეგ ვიქნებით სამხედრო პირები, რომლებიც იქნებიან მზად დაიცვან საკუთარი ქვეყანა.“

 – რას ურჩევდით იმ აპლიკანტებს, რომლებსაც სურთ რომ ეთა-ში ჩააბარონ?

ა.ნ.: ,,მომავალ იუნკერებს ვურჩევ, რომ ყველაფერი გააკეთონ აკადემიაში მოსახვედრად.“

ლ.ბ.: ,,ჩემი რჩევაა, რომ კარგად დაფიქრდნენ და თუ მართლაც უნდათ ეთა-ში სწავლა არაფერს არ შეუშინდნენ.“

ეროვნული თავდაცვის აკადემია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური