GE

ხალხი იჯდა თუ ხალხი ისხდა? ჩავვარდით თუ ჩავცვივდით? – რიცხვში მონაცვლე ზმნები გრამატიკულ ცნობარში

ქართულ ენაში გვაქვს სინონიმური (მსგავსი) მნიშვნელობის მქონე ზმნები რომელთაგან ერთი მხოლობით რიცხვში იხმარება, მეორე კი  – მრავლობითში. ასეთ ზმნებს რიცხვში მონაცვლე ზმნები ჰქვია.

1. ჯდომა – სხდომა – ჯდომა  – ზმნის ამ ფორმას მხოლობით რიცხვში ვხმარობთ.

მაგალითად: ბავშვი ზის, შენ იჯექი, მაგრამ მრავლობით რიცხვში უნდა ვთქვათ  – ბავშვები ისხდნენ, თქვენ ისხედით. ერთზე ითქმის – ჯდომა, ხოლო ბევრზე – სხდომა;

2. გდებაყრა – გდება მხოლობითის ფუძეა, ყრა კი – მრავლობითისა.

მაგალითად: ქვა გადავაგდე, ქვა ჩააგდო, ქვა გადააგდეთ, ჭანჭიკი ეგდო, მე გადამაგდო…  მაგრამ თუ გადასაგდები ერთზე მეტია, მაშინ გადაყრა ითქმის:  ქვები გადავყარე, ქვები გადაყარა, ქვები გადაყარეთ,  ჭანჭიკები ეყარა,  ჩვენ გადაგვყარა…

3. ბმასხმა – ერთზე მობმა ითქმის, ბევრზე – მოსხმა.

მაგალითად: ვაზს შარშან მხოლოდ ერთი მტევანი ება, წელს კი ბევრი ასხია.  პატარა ატმის ხემ ერთი ატამი მოიბა. წელს  ვაშლს კარგად ასხია. (ამ წინადადებაში ,,ვაშლი” კრებითი სახელია).

4. სმა -სხმა (დასმა, ჩასმა, გადასმა… – დასხმა, ჩასხმა, გადასხმა…)

მაგალითად:  ბავშვი დავსვი – ბავშვები დასხი. მძღოლმა მგზავრი მანქანაში ჩასვა – მძღოლმა მგზავრები მანქანაში ჩასხა.

5. ვარდნა – ცვივნა – ვარდნა ითქმის ერთზე, ცვივნა კი – ბევრზე ან კრებულზე.

მაგალითად: ბიჭი გარეთ გავარდა და ხალხიც გაცვივდა. ფოთოლი ვარდება.

მაგრამ

შემოდგომაზე ხეს ფოთოლი სცვივა (ამ მაგალითში ,,ფოთოლი”  კრებითი მნიშვნელობით იხმარება);

6. გაგდებაგარეკვა

მაგალითად: კაცმა ხბო საძოვარზე გააგდო – კაცმა ხბოები საძოვარზე გარეკა. ბიჭმა ურჩი ბატკანი წინ გამოიგდო. მეცხვარემ ცხვარი ჩამორეკა.  (,,ცხვარი” აქ კრებითი სიტყვაა)

7. თავს დაცემათავს დასხმა – თუ თავდამსხმელი ერთია, ითქმის – თავს დაეცა, თუ ბევრი  –თავს დაესხა.

მაგალითად: მძარცველი მოულოდნელად დამეცა თავს. მძარცველები თავს დაგვესხნენ. მტერი თავს დაგვესხა. (,,მტერი” კრებითი სიტყვაა)

8. კვლახოცვა

ბიჭი სიცილით მოკვდა  – ბიჭები სიცილით დაიხოცნენ.

ქათამი დავკალი  – ქათმები დავხოცე.

მონადირემ მგელი მოკლა – მონადირემ მგლები დახოცა.

დედა მოუკვდა – დედ-მამა დაეხოცა.

 

ასევე ენაცვლება ერთმანეთს:

ტეხამტვრევა, მსხვრევა

ვამბობთ  – ჭიქა გატეხა, მაგრამ  ჭიქები დაამტვრია (ჭიქები დაამსხვრია). კაკალი გატეხა – კაკლები დაამტვრია;

აღება აკრეფა

ერთზე ვამბობთ აიღო, მაგრამ ბევრზე – აკრიფა.

მაგალითად:  ბავშვმა სათამაშო აიღო – ბავშვმა სათამოშოები აკრიფა;

შენიშვნა

უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპოზიტებსა (ორი ან მეტი ფუძისაგან შედგენილი რთული სიტყვები) და კრებით სახელებს ზმნა მრავლობითის ფუძით, მაგრამ მხოლობითის ფორმით უნდა შევუწყოთ

მაგალითად:  ცოლ-ქმარი ისხდა, ხალხი ისხდა, მტერი თავს დაგვესხა, ხილი მოისხა, ხალხი ეყარა, ფარა დაიხოცა, ცხვარ-ძროხა წაასხა, მარცვალი წამოკრიფა, ნახირი გარეკა…

არასწორია: ხალხი იჯდა, მოსწავლეები იჯდნენ, ქვები გადააგდო, თქვენ მოკალით, ვაშლები აბია, მტერი თავს დაეცა, მტრები თავს დაგვეცნენ, ჩავვარდით.

სწორია:  ხალხი ისხდა, მოსწავლეები ისხდნენ, ქვები გადაყარა, თქვენ დახოცეთ, ვაშლები ასხია, მტერი თავს დაესხა, მტრები თავს დაგვესხნენ, ჩავცვივდით.

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო გელაშვილი, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური