GE

„ხშირად, მოზარდებს არ ჰყავთ ადამიანი, ვინც მათ მოუსმენს“ – ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა, თეო ჩიტიაშვილმა მოზარდებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად, მოზარდებს არ ჰყავთ გვერდით ადამიანი ვინც მოუსმენს. ასევე არსებობს ნიშანთა ერთობლიობა, როდესაც განაგაშის ზარები უნდა ჩავრთოთ და მოზარდის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ.

„პირველ რიგში, მათ უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ მოსმენა არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მოსმენას და იმის მოსმენას, რასაც გვეუბნებიან. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად, ესეც ჭირს ხოლმე და როგორც მოზარდებს, ისე ზრდასრულებს არ ჰყავთ ადამიანი, ვინც მოუსმენს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათ ქცევას, გადატანითი მნიშვნელობით, მათ სხეულის ენას და ყველაფერს, რომ მივხვდეთ და ვიგრძნოთ, როდის უჭირთ. თავისთავად ცხადია, ვერ ვიტყვით ერთ ან ორ კონკრეტულ ნიშანს, რომელიც სუიციდის რისკზე მიუთითებს, მაგრამ არსებობს გარკვეულ ნიშანთა ერთობლიობა, სადაც უკვე განგაშის ზარები უნდა ჩავრთოთ და განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ. მაგალითად, როცა ბავშვის ან მოზარდის ხასიათი რადიკალურად შეიცვალა და არაფრით ჰგავს იმას, ვისაც მშობელი იცნობს. იმისთვის, რომ ბავშვს თუნდაც ხასიათის ცვლილება შევამჩნიოთ, მას უნდა იცნობდეს მშობელი, პედაგოგი და მისი მეგობარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თეო ჩიტიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ მშობელი ამჩნევს, რომ შესაძლოა, ბავშვს რაღაც უჭირდეს და ამისთვის მის ხელთ არსებული რესურსი საკმარისი არ არის, აუცილებელია, შესაბამის სპეციალისტს მიმართოს.

,,სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში სტიგმასაც ხშირად ვხვდებით, რომ სპეციალისტისთვის მიმართვა, იქნება ეს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი თუ სოციალური მუშაკი, გარკვეულ პრობლემებთან ასოცირდება – რას იტყვის საზოგადოება, ჩემი მეზობელი, ჩემი ნათესავი და ა.შ. მართალია, ამასთან დაკავშირებით პროგრესი მიდის და აღარ არის ისეთი ჩაკეტილი სივრცე, მაგრამ გარკვეულ პრობლემებს მაინც ვაწყდებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სპეციალისტისთვის დროული მიმართვა გადამწყვეტია და მეათეხარისხოვანია, ამის შესახებ ვინმე რას იტყვის“, – განაცხადა ჩიტიაშვილმა.

ა.წ.

1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური