GE

„ხშირად, სკოლის დირექტორს ურჩევნია არაფერი აკეთოს იმისთვის, რომ იყოს დაცული“

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ქვეყანაში განათლების სისტემის დღეს არსებული მოდელი, სკოლებს განვითარების თავისუფლებას არ აძლევს და ხელმძღვანელ პირებს ურჩევნიათ არაფერი აკეთონ, რომ მშვიდად იყვნენ.

„პრობლემა ისაა, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ სკოლის დირექტორთან ურთიერთობა სამინისტროს ძირითადად აქვს სადამსჯელო მექანიზმებით. არსებობს შეფასების სხვადასხვა სისტემა, რის შედეგადაც შეიძლება მათი საქმიანობა არა მხოლოდ განათლების სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ და სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლოს. სკოლის დირექტორს, ხშირ შემთხვევაში, ურჩევნია არაფერი აკეთოს იმისთვის, რომ იყოს დაცული, ვთქვათ კანონის წინაშე, რომ მას არ დაბრალდეს ან ფულის გაფლანგვა, ან არასათანადოდ მოქცევა. მათ ურჩევნიათ უმოქმედობა, ვიდრე ის რომ დაიწყონ სკოლის განვითარება. სკოლის განვითარებას იწყებ თუ არა, მაშინვე გიწევს რაღაც ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, საკადრო გადაწყვეტილებების მიღება: ხალხის შერჩევა, ან ვთქვათ ვიღაცის გაშვება, მაგალითად პროგრამის გადახედვა და ა.შ. დღეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, პრინციპში, სკოლებს ეშინიათ იმ საკითხებზეც კი, რისი უფლებაც აქვთ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, სკოლები სამინისტროსგან ითხოვენ ნებართვებს და სამინისტროს თანამშრომლებსაც ხშირ შემთხვევაში უხარიათ, როცა სკოლები ეკითხებიან, რადგან ფუნქცია ეძლევათ. მაგალითად, რომ მოინდომოს საზოგადოებისთვის ცნობილმა პედაგოგმა ლექციის ჩატარება საჯარო სკოლაში, ჯერ უნდა ჰკითხოს სამინისტროს და მერე მიეცემა მას ამის უფლება“, – ამბობს ჯანაშია გადაცემაში “ჩვენი სკოლა”.

მისივე თქმით, დღევანდელ პირობებში შესაძლებელია განათლების გაცილებით უკეთესი სისტემა არსებობდეს.

„იმ პირობებში, რაშიც ახლა ვართ, გაცილებით უკეთესი განათლების სისტემა შეიძლება გვქონდეს. გვაქვს უამრავი რეგულაცია, რომელიც ხელს უშლის ამ სისტემას განვითარებისთვის. მაგალითად სკოლის დირექტორს რომ არ უღირს მოიზიდოს კერძო ფული სკოლის განვითარებისთვის, თუ ურჩევნია რომ სკოლა იყოს ღარიბი, იმისთვის რომ ის არ დაისაჯოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუდიტორიას შეუძლია ის ფული, რასაც რეპეტიტორებში იხდის, მიმართოს სკოლისკენ, ეს არის სისტემის გაუმართაობის ბრალი. ჩვენ გაცილებით მეტ რესურსს ვხარჯავთ, ვიდრე შედეგი გვაქვს“, – აცხადებს განათლების მკვლევარი.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური