GE

ხვალ მასწავლებელთა მეექვსე ეროვნული კონფერენცია იხსნება – „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“

15-16 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა მეექვსე ეროვნული კონფერენცია ტარდება.  მის მიზანი წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარება, რისკებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე დაფიქრება და მსჯელობაა. წელს მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის ძირითად თემას „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო“ წარმოადგენს.

„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო“ ევროპის საბჭოს მიერ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით შექმნილი სარეკომენდაციო დოკუმენტია, რომლის მიზანია მოსწავლეთა იმ კომპეტენციებით აღჭურვა, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრისთვის აუცილებელია მრავალფეროვან საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის. კონფერენციის ფარგლებში სწორედ ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება და საქმიანობა შეჯამდება და გაანალიზდება.

 

EDU.ARIS.GE-ს ხვალინდელი კონფერენციის შესახებ ესაუბრება ნათია ნაცვლიშვილი, დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი)

– როგორია კონფერენციის დღის წესრიგი?

– კონფერენცია ორ დღეს იმუშავებს. პირველ დღეს დრო დაეთმობა პლენარულ სესიებს, ხოლო მეორე დღეს დაგეგმილია მუშაობა ხუთ პარალელურ ჯგუფში. პირველი დღის აქტივობები მოიცავს სკოლებში არაძალადობრივი, არადისკრიმინაციული გარემოს ორგანიზებასთან დაკავშირებულ მიღწევებს, პრობლემებს, რისკებსა და გამოწვევებს როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით, ხოლო მეორე დღეს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან, წარმოადგენენ თავიანთ გამოცდილებას დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვასთან დაკავშირებით.

– ვინ არიან მონაწილენი და როგორ შეირჩნენ ისინი?

– კონფერენციაზე მოწვეულნი არიან განათლების სისტემის ფაქტობრივად ყველა რგოლის წარმომადგენლები -პედაგოგები, დირექტორები, სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციისა თუ გაერთიანების წევრები, განათლების პოლიტიკისა თუ შინაარსის ფორმირებაში ჩართული პირები. ასევე, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას წარმოადგენენ. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალურად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოედგინათ განაცხადი. სწორედ წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე შეარჩია კომისიამ პედაგოგთა ის ნაშრომები, რომლებიც ხვალ-ზეგ წარედგინება მსმენელებს.

– ხელმისაწვდომი გახდება  კონფერენციის მასალები დაინტერესებული საზოგადოებისთვის?

– აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის ფარგლებში გაიმართება  „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ დანერგვის ხელშემწყობი სახელმძღვანელოების, ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული სამტომეულის ქართული თარგმანების პრეზენტაცია. სახელმძღვანელოები ევროპის საბჭოს მიერ მომზადდა სულ რამდენიმე თვის წინ და ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ მათი თარგმნისა და მასწავლებლებისთვის მიწოდების მხრივ. სახელმძღვანელოების ქართული თარგმანები ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მომზადდა და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფერენციის ძირითად მასალას სწორედ ეს პუბლიკაციები წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ წიგნები კონფერენციის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ, ელექტრონული ვერსიები განთავსება ჩვენი ცენტრისა და ევროპის საბჭოს ვებგვერდზე და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მათი გამოყენება.

EDU.ARIS.GE-ს მეორე რესპონდენტია დავით მალაზონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

– როგორია თქვენი კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი?

– ჩემი მიზანია, კონფერენციის მონაწილეებს გავუზიარო, თუ როგორ ხდება “დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში გამოყენება უმაღლესი განათლების საფეხურზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩო ახალი შექმნილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებს უკვე აქვთ საზოგადოებისთვის გასაზიარებელი გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით.

– რას უკავშირდება თქვენი მოხსენება და როგორი იქნება თქვენი ძირითადი გზავნილები მონაწილეებისთვის?

– ჩემი მოხსენება უკავშირდება იმ უახლესი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან დაკავშირებით არსებობს. მასწავლებლებს გავაცნობთ არა დაგეგმილ, არამედ უკვე მოქმედ პრაქტიკას. ეს პრაქტიკა გულისხმობს როგორც გარკვეული კურსების შექმნას, ასევე, მოიაზრებს არსებული კურსების მოდიფიცირებას. მთავარი გზავნილია ის, რომ უნივერსიტეტი მხარს უბამს ახალ გამოწვევებს და კურიკულუმში მყისიერად ისახება ის კომპეტენციები, რომლებიც 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის არის მნიშვნელოვანი.

– თავად, როგორც კონფერენციის მონაწილეს, რა მოლოდინები გაქვთ?

– მოლოდინი მაქვს, რომ  ძალიან მდიდარი გამოცდილების ურთიერთ გაზიარების პროცესის მონაწილე ვიქნები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული ვითარების გაანალიზება, მასწავლებელთა მზაობისა და მოლოდინების გაცნობა მომავალი მასწავლებლის მიმართ და, მეორე მხრივ, იმ საჭიროებებზე ფოკუსირება, რომელთა წინაშეც დგას სკოლა.

– მომავალი მასწავლებლების მხრიდან თუ იკვეთება რეალური ინტერესი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა მიმართ?

– კონფერენციაზე ჩვენ წარმოვადგენთ გარკვეული კვლევების შედეგებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ დადებით განწყობებსა და პოზიციებს აფიქსირებენ სტუდენტები, ანუ მომავალი მასწავლებლები ამ კომპეტენციათა სწავლისა და სწავლების მიმართ. აღსანიშნავია, რომ მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა სასკოლო პრაქტიკის ანალიზი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს ჭრილში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური