GE

ყველა დეტალი მასწავლებელთა წინასაგამოცდო საგნობრივი და პროფესიული ტრენინგების შესახებ

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის წინასაგამოცდო ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო ყველა დეტალი მასწავლებელთა წინასაგამოცდო საგნობრივი და პროფესიული ტრენინგების შესახებ. რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მხოლოდ გამოცდაზე დარეგისტრირებულ პრაქტიკოს პედაგოგებს, მათ შორის, კერძო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არიან ჩართულნი. მონაწილეებისთვის ტრენინგის გავლა უფასოა და ტრენინგი არ „იძლევა“ კრედიტქულებს.

ჯგუფის შექმნის  შემთხვევაში, ტრენინგები მუნიციპალურ ცენტრებში ჩატარდება. თუ რაიონებში მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა არ დარეგისტრირდა, მაშინ – რეგიონებში.

სხვა დეტალებზე და ტრენინგების მიზნებზე  EDU.ARIS.GE-ს  ესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე:

–მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა რეგისტრაცია ტრენინგებზე. მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ  გამოცდაზე (როგორც საგნობრივ, ასევე პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელ) დარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს. ეს  მოდულები  ხელს შეუწყობს მონაწილეთა საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, აქტივიზაციას საგამოცდო ტესტებთან მიმართებაში. ტრენინგის მიზანს საგამოცდო  ტესტის შევსების ტექნიკური მეთოდოლოგიის გაგება-გამოყენება,   მონაწილეების მიერ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და კომპეტენციის დადასტურებისთვის უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. ცრუ მოლოდინების თავიდან ასაცილებლად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის საგნობრივ ცოდნაზე ორიენტირებული ტრენინგები, მარტივად რომ ვთქვათ, თუ პედაგოგს საგანობრივი ცოდნა არ აქვს, ტრენინგის გავლა ამ ცოდნას ვერ მისცემს.

რამდენ ხანს გაგრძელდება რეგისტრაცია და როდის ჩატარდება ტრენინგები?

–ტრენინგები გამოცხადებულია 20 საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების მიმართულებით.  რეგისტრაცია 2 კვირას გაგრძელდება. ცენტრი მზადაა, სურვილის შემთხვევაში, ტრენინგებით  უზრუნველყოს   გამოცდაზე რეგისტრირებული ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი. ტრენინგები ჩატარდება მხოლოდ პარასკევს, დღის მეორე ნახევარში (4 საათი) და შაბათ-კვირას (6-6 საათი). მოდულების ხანგრძლივობა სულ 16 საკონტაქტო საათია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება და გამოცდებამდე ყველა მსურველი გაივლის ტრენინგს.

 EDU.ARIS.GE-ს მკითხველებს აინტერესებთ, ყველასთვის უფასოა ეს ტრენინგები და ეძლევათ თუ არა მონაწილეებს კრედიტქულები?

–მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრენინგები უფასო იქნება ყველასთვის, როგორც საჯარო სკოლების, ასევე, კერძო სკოლების იმ პედაგოგებისათვის, რომლებიც სქემაში არიან ჩართულნი და დარეგისტრირდნენ გამოცდაზე. ეს ტრენინგები სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის არ არის გათვალისწინებული. ტრენინგში მონაწილეებს კრედიტქულები არ მიენიჭებათ.

–ვინ ჩაატარებს ტრენინგებს და სად ჩატარდება?

–ტრენინგებს ჩვენი ცენტრის ტრენერები ჩაატარებენ. სარეგისტრაციო აპლიკაცია საშუალებას იძლევა მონაწილემ მიუთითოს სად სურს ტრენინგის გავლა, რაიონში თუ თბილისში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ უკვე გვეცოდინება როგორ დაკომპლექტდება ჯგუფები.  ყველგან, სადაც ჯგუფი იქნება, მუნიციპალურ დონეზე ჩატარდება, მაგრამ სადაც ეს არ მოხერხდება, ჯგუფები რეგიონულ დონეზე ჩამოყალიბდება.

მოდულებზე მუშაობისას ითანამშრომლეთ თუ არა  შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან?

–ასეთი თანამშრომლობის საჭიროება კონკრეტულ სიტუაციაში არ გამოკვეთილა. საგამოცდო ტესტების სტრუქტურა საჯაროდ ცნობილია, კონკრეტულად რა კითხვები იქნება წლევანდელ გამოცდებზე არც ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ. ჩვენი  მოდულები საგნის შინაარსობრივი ცოდნისა და ტესტის სტრუქტურის ერთგვარი ,,მიქსია“. როგორი ტიპის კითხვაა, როგორ უნდა შეესაბამოს პასუხი, რომელ კითხვაზე რა მიდგომა გამოიყენოს… ასეთ საკითხებს ეხება მოდული.

–არსებობს სხვა ტრენინგების მოლოდინიც, რას გეგმავს ცენტრი უახლოეს მომავალში?

–სამინისტროს მიდგომაა, რომ სასწავლო პროცესის პარალელურად   მასწავლებლებს ტრენინგები არ ჰქონდეთ, რადგან  ეს ართულებს პედაგოგის დატვირთვას და არც შედეგის თვალსაზრისით არის ეფექტური. ამიტომ სწავლის პერიოდში ტრენინგები ჩატარდება მხოლოდ შაბათ-კვირას, ინტენსიური კი ეს პროცესი არდადეგებზე გახდება. აქედან გამომდინარე, მოგვიწია მოდულების სტრუქტურის შეცვლა ისე, რომ მორგებოდა შაბათ-კვირას. ეს ერთი მხარე, მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ყველა მოდული მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული პრაქტიკაზე.  ამიტომ გაახლებული მოდულები შინაარსობრივად ორიენტირებული იქნება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ამოქმედდება ახალი მიდგომები, რომ პედაგოგმა ეს სიახლე მაქსიმალურად გამოიყენოს სკოლაში. ამ ზაფხულიდანვე სრული დატვირთვით  დაიწყება მოდერნიზებული მოდულების ამოქმედება. ახლა ვაცხადებთ ტრენინგებს ისტ-ის მიმართიულებით, იქაც გვექნება ცვლილბები. ძირითადი ორიენტაცია გვაქვს ისტ-ის, როგორც გამჭოლი კომპეტენციის გამოყენებაზე.

– რა იგულისხმება ამ მიდგომაში?

– პედაგოგი დაესწრო მოდულს, შეასრულა დავალება, მიიღო შეფასება ამ პროცესზე მონიტორინგი მეტ-ნაკლებად ხორციელდებოდა, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩებოდა, ის თუ მასწავლებელი  მიღებულ სიახლეს როგორ იყენებდა საკლასო ოთახში. 2018 წლის იანვრიდან ცენტრში დავიწყეთ მუშაობა ხარისხის კომპონენტზე. ეს ძალიან კომპლექსური კომპონენტი იქნება. ის, ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა სერვისებთან ერთად,  ტრენინგებსაც მოიცავს. ტრენინგებთან მიმართებაში, მონიტორინგი განხორციელდება, არა მხოლოდ იმაზე, რამდენად ხარისხიანად არის მომზადებული მოდული, როგორ მიმდინარეობს ტრენინგი, რამდენად კარგად ატარებს ტრენერი, რამდენად ეფექტურია უკუკავშირი მონაწილეებისგან, არამედ იმაზეც პედაგოგი როგორ უზრუნველყოფს ამ ცოდნის საკლასო ოთახში გადატანას. ხარისხის კომპონენტი შესაბამისი მეთოდოლოგიების საშუალებით ამის შემოწმებასაც გულისხმობს.  ეს არის სიახლეები, რასაც ცენტრი ტრენინგების კუთხით გეგმავს.

სიახლეა ისიც, რომ  სავარაუდოდ 3 სკოლაში პილოტურად ვიწყებთ დისტანციურ ტრენინგებს. სამომავლოდ ეს მიმართულება განვითარდება.   ამას გარდა ადამიანური რესურსისა, ტექნიკური რესურსიც სჭირდება. ასევე, გვჭირდება საპილოტე გამოცდილება, რომ გამოჩნდეს რა პრობლემების გადალახვა და რა საჭიროებების გათვალისწინება მოგვიწევს. ეს იქნება წინაპირობა, რომ ცენტრი, მაქსიმალურად გადავიდეს დისტანციური ტრენინგების ჩატარებაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ჩვენს ცენტრში ხორციელდება, ინტენსიურად მიმდინარეობს დისტანციური მოდულების შემუშავება. ცენტრს  უნდა, როცა ამ პროგრამის სამართალმემკვიდრე გახდება, არათუ შეინარჩუნოს, არამედ განავითაროს კიდეც ეს მიმართულება.

– კიდევ რა საკითხებს მოიცავს ხარისხის კომპონენტი?

– როცა ხარისხის სისტემაზე ვლაპარაკობთ, ეს გააქტიურდება ყველა მიმართულებით. მოიცავს ტრენერთა სკოლის ფარგლებში ტრენერების გადამზადებასაც, რაც ძალიან აქტიურად დაიწყება…  მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდოლოგია ამუშავდება. ვმუშაობთ ელექტრონულ პროგრამაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესს. პროგრამაში მოხდება კონკრეტული პედაგოგის რეგისტრირება, ექნება თავისი მომხმარების სახელი, თავისი პაროლი, სადაც  დავალებების ატვირთვა მოხდება. ეს მასალა გაანალიზდება ცენტრის შესაბამისი სამსახურების მიერ. მონიტორინგმა უნდა დაგვანახოს რამდენად გაუმჯობესდა მასწავლებლის  პრაქტიკული უნარ-ჩვევები და რამდენად ეფექტური იყო ტრენინგი. ამის გაგება გაზომვით არის შესაძლებელი. ეს მეტ-ნაკლებად ხდებოდა, ახლა კი უფრო ეფექტური ინსტრუმენტები გვინდა გამოვიყენოთ.

რეგისტრაცია

მასწავლებლებს ტრენინგები მხოლოდ შაბათ-კვირას და არდადეგების პერიოდში ჩაუტარდებათ

რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური