GE

ყველაზე მასშტაბური დასაქმების ფორუმი “SEU JOB FAIR 2019”

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ, თავისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშესაწყობად მასშტაბური დასაქმების ფორუმი გამართა.

ღონისძიება სახელწოდებით „სეუ-ს დასაქმების ფორუმი 2019“ სეუ-ს ახალ შენობაში გაიმართა, სადაც ერთ სივრცეში საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია დამსაქმებლის როლში იყო წარმოდგენილი.

სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ მათთვის სასურველი კომპანიები და გასაუბრების გზით პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ დამსაქმებელთან, მათთვის საინტერესო პოზიციებთან დაკავშირებით.

სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების ხელშეწყობაზე უნივერსიტეტის ვიცე რექტორი გიორგი ცხვედიანი საუბრობს: „საქართველოს შრომით ბაზარზე მოქმედ წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსდამთავრებულების წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ სეუ-ს მუდმივი და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს შრომის ბაზრის მოწინავე წარმომადგენლებთან, – ეს, არა მხოლოდ სტუდენტების პირდაპირ დასაქმებას უწყობს ხელს, არამედ უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს განავითაროს არსებული პროგრამები და გაზარდოს ყველა მისი კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობა.

გარდა ამისა, ყველა ჩვენი სტუდენტი უნივერსიტეტის ორგანიზებით გადის პრაქტიკას პარტნიორი ორგანიზაციის ბაზაზე, პერიოდულად ტარდება შრომის ბაზარზე წარმატებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ლექციები, მასტერ-კლასები და საინფორმაციო შეხვედრები.

სეუ-ს ყოველწლიური დასაქმების ფორუმი ჩვენი და დამსაქმებლების თანამშრომლობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს, სადაც მეტი სტუდენტი იღებს ინფორმაციას სეუ-ს პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ, ასევე ხდება ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარება უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარის გამორჩეულ წარმომადგენელთა შორის“.

(R)

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი