GE

ზაზა ცოტნიაშვილი: კსუ-ის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია

საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო აქტუალური ხდება მულტიმედიური ჟურნალისტიკა, რომელიც აერთიანებს ტექსტურ, ფოტო, აუდიო, ვიდეო ჟურნალისტიკას და კონტენტს სხვადასხვა პლატფორმიდან ხელმისაწვდომს ხდის.

ამ ფაქტის გათვალისწინებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიქმნა ახალი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც გარკვეული მოცულობით შეავსებს ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მოთხოვნას შრომით ბაზარზე.

უფრო დაწვრილებით პროგრამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა ცოტნიაშვილი ესაუბრა.

– ბატონო ზაზა, გვითხარით რატომ გახდა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი მედიის კვლევებისა და მულტიმედიის წარმოების სამაგისტრო პროგრამის შექმნა?

– უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია ძალიან წარმატებით მოქმედებს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა ამ პროგრამაზე, შესაბამისად, განვითარდა მულტიმედია ცენტრი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი მედიის მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ მედიის კვლევის სპეციალისტის დეფიციტია ბაზარზე. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი პროგრამა, რომელიც უპრეცედენტოა, არც ერთი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში არ არსებობს, რომელიც გამოუშვებს მედიის  მკვლევარს და ამავე დროს მულტიმედია მწარმოებელს. თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩვენ ვასწავლით სტუდენტს კვლევების ჩატარებას, რომელიც მოთხოვნადი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციებში და ძალიან ბევრ კომპანიას დასჭირდება ასეთი სპეციალისტი. ამდენად, ჩავთვალეთ, რომ მედიის მკვლევარის მომზადება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ამავე დროს მულტიმედია მწარმოებლის, რომელსაც ექნება მაღალი კვალიფიკაცია და შეძლებს ძალიან აქტიურ მუშაობას კონკრეტულ მედიაში.

– ვინ მონაწილეობდა ამ სამაგისტრო პროგრამის შექმნაში?

– პროგრამა ძირითადად შექმნილია ჩვენი კვალიფიციური პროფესორების, ამავე დროს ხარისხის სამსახურის უზრუნველყოფის ძალიან აქტიური ჩართულობით, ასევე მოვიწვიეთ საინტერესო ადამიანები. ერთ-ერთია, ახლახანს აშშ-დან დაბრუნებული პროფესორი, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით წაიკითხავს ძალიან საინტერესო კურსს. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ ვინმე არ გამომრჩეს. საკმაოდ კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული პროგრამის შექმნაში, ისეთი პროფესორები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, ამავე დროს თანამედროვე ტექნოლოგიებს არიან ნაზიარები ავტორიტეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ავტორიტეტულ მედია ორგანიზაციებში არიან ეს ადამიანები წლების განმავლობაში ნამუშევარი.

– რა მიმართულებებს მოიცავს მედიის კვლევებისა და მულტიმედიის წარმოების სამაგისტრო პროგრამა?

– ეს არის რამდენიმე ბლოკისგან შემდგარი პროგრამა, ის მოიცავს სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსებს, დაახლოებით ისეთს, როგორიცაა მასკომუნიკაციის თანამედროვე თეორიები. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა მისაღებ კონტინგენტზე, შეიძლება ადამიანი იყოს სხვა საბაკალავრო პროგრამიდან მოსული, მაგრამ მას რომ შეექმნას პირველივე სემესტრში წარმოდგენა მედიაზე, ამ ფორმითაა პროგრამა ფორმირებული. სამაგისტრო დონეზე ჩვენ მასკომუნიკაციის თანამედროვე თეორიებსაც გავაცნობთ. ამავე ბლოკში ვასწავლით სავალდებულოდ ვებპროგრამირებას, ვასწავლით მულტიმედია ტექნოლოგიას – გრაფიკას, დიზაინს, ტექნიკურადაც რომ შეძლონ მუშაობა. ვასწავლით ასევე თანამედროვე მედიის ტენდენციებს, მსოფლიოს ინფორმაციულ რუკას, რომ არ ჩაიკეტოს ლოკალურ სივრცეში. ჩვენი კურსდამთავრებული უნდა იყოს საინტერესო უცხოური მედია საშუალებებისთვისაც. ვასწავლით ასევე მედიის კვლევებს, ფორმას და ტექნოლოგიებს,  საინფორმაციო სტრატეგიებს, წერას ვასწავლით, კარგი წერა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ეპოქაში. მედია ფორმატირების ხელსაწაყოებს ვასწავლით, ტექნოლოგიები და კონტენტი როგორ უნდა შეუთავსონ ერთმანეთს, აი მაზე იქნება აქცენტები გაკეთებული. კომუნიკაციის აუდიო-ვიზუალურ ფორმებს ვასწავლით, სადაც ფოტოს, ვიდეოს კონტენტის წარმოებას შეისწავლიან.

ჩვენ გვაქვს არჩევითი კურსებიც: ეს არის საქმიანი კომუნიკაციები, მედიის სამართლებრივი რეგულირება, მედია-ორგანიზაციის ბიზნეს მოდელირება, მასმედია და მასკულტურა. ჩვენ პროგრამაზე ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვითონ სტუდენტი გადაწყვეტს რა მიმართულებით სპეციალიზდეს. ჩვენ მათ ვთავაზობთ სამ მოდულს: თუ მას სურს, რომ პოლიტიკის მიმართულებით იყოს უფრო კვალიფიციური ჟურნალისტი, ჩვენ მას ვთავაზობთ, რომ უკვე მეორე სემესტრიდან გადაწყვიტოს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერობების მოდული აირჩიოს, ეკონომიკისა და ბიზნეს მოდული აირჩიოს თუ აგრარული მეცნიერებების მოდული. საკმაოდ მოქნილი პროგრამა გახლავთ და ეს მოქნილობა თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებთან შესაბამისობაშია, რასაც ჩვენი ექსპერტებიც ადასტურებენ.

– როგორია ბაზა, რომელიც დახვდებათ სტუდენტებს, ვინც სწავლას ამ მიმართულებით გააგრძელებს, რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ უნივერსიტეტი?

– ბაზასთან დაკავშირებით ნამდვილად შემიძლია გაბედულად გითხრათ, რომ გვაქვს უნიკალური ბაზა, ცალკე მთელი სართული ეთმობა კავკასიის უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრს, რომელიც ემსახურება ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც საბაკალავრო ისე სამაგისტრო დონეზე. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ურთიერთობა მედიის განვითარების პროგრამასთან, აგვისტოს განმავლობაში ჩიკაგოში ვიმყოფებოდით მე და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ჭალაგანიძე, მათთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და მუდმივად იქნებიან ჩართული პროგრამის განვითარებაში. ჩვენი პროგრამის ინგლისურენოვანი ვერსია გადაგზავნილია მათთან ექსპერტიზაზე და ასევე ვმუშაობთ, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია მოვიპოვოთ.

– თუ გაქვთ განსაზღვრული რაოდენობა სტუდენტების ვინც შეძლებს ამ პროგრამის გავლას და რა პრიორიტეტებს მოიცავს აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა?

– ჩვენ არ გვინდა მაინცდამაინც რაოდენობაზე გავაკეთოთ აქცენტი, არამედ ხარისხზე იყოს ეს მიმართული. ამ ეტაპზე 15-20 სტუდენტს მაინც მივიღებთ პროგრამაზე, რომლებიც იქნებიან ისეთი სტუდენტები, ვინც შრომის ბაზარზე აქტიურად დასაქმდებიან, საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე

– სამომავლო გეგმები როგორია, კიდევ რა კუთხით აპირებთ ამ პროგრამის განვითარებას?

– პროგრამის განვითარება იქნება პერმანენტული, მოგეხსენებათ დინამიკურ პროცესში ვართ და, მით უმეტეს, მედია ტექნოლოგიები როგორ ვითარდება, თუ მედია არ განვითარდა ყოველდღიურად, ის ჩამორჩება თანამედროვე ტემპებს. ჩვენ ვართ ჩართული მედიის განვითარების პროექტში, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ჩიკაგოს უნივერსიტეტებთან გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, ისინი აპირებენ, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან, იყოს ონლაინ ჩართვები, შეიქმნას ახალი პლატფორმები და ტექნოლოგიები, ჩვენ შევეცდებით, რომ ეს სიახლეები მუდმივად დავნერგოთ ჩვენს პროგრამაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური