GE

ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურები საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 21 იანვარს დაიწყო და 4 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდაში მონაწილეობის საფასური 100 ლარია, თუმცა არსებობს პირობები, რომლის მიხედვითაც პირს შეუძლია აღნიშნული საფასური უკან დაიბრუნოს.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება:

  • თუ პირი გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე;
  • გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება.

იხილეთ განაცხადის ფორმა

თანხის დასაბრუნებლად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა და წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს:

  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომელშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ამონაწერი ან
  • თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის საფასური გადახდილია:
ა) საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;

ბ) გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, განაცხადები 4 თებერვლის 18:00 საათამდე მიიღება. თანხა დაბრუნდება გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური