GE

ზოგიერთ უნივერსიტეტში ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას ქაღალდზე აწარმოებენ  – აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში არსებულ ზოგიერთ უნივერსიტეტში, ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას ქაღალდზე აწარმოებენ, რაც რისკის შემცველია. ამის შესახებ საუბარია აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და სარეკომენდაციო ნაწილში. სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი გარემოების თანახმად:

„N1355 საბუღალტრო ანგარიშზე – „მოთხოვნები ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებზე მომსახურების მიწოდებით“, 31,634.95 ათასი ლარის ნაშთი, რაც კონსოლიდირებულ ბალანსში წარმოდგენილი „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივების“ და „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ ნაშთების ჯამური თანხის 38%-ს შეადგენს, გადმოვიდა უმაღლესი დაწესებულებების ბალანსებიდან და შედგება სტუდენტების მიმართ მოთხოვნებისაგან, რომლებიც წარმოშობილია სწავლების მომსახურების გაწევის საფუძველზე. საანგარიშგებო პერიოდში არ განხორციელებულა აღნიშნული მოთხოვნების ინვენტარიზაცია. ამასთანავე, სტუდენტთა დიდი რიცხოვნობისა და სტუდენტთა იდენტიფიცირებისათვის პერსონალურ მონაცემთა წვდომის შეზღუდვის გამო, შეუძლებელი იყო დამატებითი აუდიტორული პროცედურებითაც საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვება. ზოგიერთ უნივერსიტეტში, ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ ქაღალდზე, არ არის დანერგილი ლიცენზირებული საბუღალტრო პროგრამები. ხშირ შემთხვევაში, ერთსა და იმავე საკითხზე მოპოვებული მტკიცებულებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და არსებითი ხასიათის შეუსაბამობებს შეიცავს. დანერგილი და მოქმედი კონტროლის სისტემა არაეფექტიანია და არსებობს მაღალი რისკი, რომ შეცდომები არ იქნება გამოვლენილი. აქედან გამომდინარე, არ დასტურდება N1355 საბალანსო ანგარიშზე „მოთხოვნები ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებზე მომსახურების მიწოდებით“ 31,634.95 ათასი ლარის ნაშთის სისწორე“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს რეკომენდაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ:

„ხელმძღვანელობამ შეარჩიოს და დანერგოს აღრიცხვის ისეთი სისტემა, სადაც შესაძლებელი იქნება სტუდენტების სწავლის საფასურის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების (დარიცხვა, გადახდა და ა.შ.) საბუღალტრო რეგისტრებში სრულად და დროულად ასახვა. ამასთან, შემუშავდეს კონტროლის სისტემა და დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების პერსონიფიცირებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ოპერაციების ამსახველი მტკიცებულებითი ბაზის საიმედოობას და სისრულეს“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილში.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არ არის მოცემული იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალი, რომლებშიც ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ქაღალდზე ხორციელდება.

უნივერსიტეტები, რომელთაც არ აქვთ აღრიცხული და შეფასებული მფლობელობაში არსებული ზოგიერთი მიწა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური