GE

ზურაბ ხონელიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

2021 წლის 15 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართა და აკადემიურმა საბჭომ პროფესორი ზურაბ ხონელიძე რექტორად მეორე ვადით ერთხმად აირჩია.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 ივლისს რექტორობის კანდიდატმა აკადემიური საბჭოს წევრების წინაშე სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

ძირითად პრიორიტეტებად დაისახა: საგანმანათლებლო პროგრამების განახლება და განვითარება; სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა; საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის განვითარება; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება. ინტერნაციონალიზაციისა და კავშირების გაზრდის მიმართულებით, უნივერსიტეტის გამოწვევებია: საერთაშორისო არენაზე უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდა; არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება, ახალი პროექტების ხელშეწყობა; სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა. უნივერსიტეტი შემოიღებს შიდა სასტიპენდიო სისტემას – რექტორის სტიპენდიას 5 წარჩინებული სტუდენტისათვის.

“2017 წლიდან მოყოლებული დღემდე არაერთი სიახლე განხორციელდა უნივერსიტეტში: ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლითაც განახლდა სასწავლო-სამეცნიერო სივრცე, ახალი ტექნიკის შესყიდვა და კომპიუტერული ბაზის ცვლილება, ელექტრონული უწყისის შემოღება, სტუდენტური სივრცის შექმნა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობებისა და კონტაქტების გაღრმავება. რექტორის უშუალო ინიციატივებით და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებთან პიროვნული და მეგობრული ურთიერთობების მეშვეობით, უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლისადმი უცხო სახელმწიფოთა სამთავრობო და აკადემიური წრეების გაზრდილი დაინტერესება, რომლის საფუძველზე სსუ-ში მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული საგრანტო პროექტი განხორციელდება, რაც უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზისის შემდგომ განვითარებას მოემსახურება”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი