სკოლა “პოლიგლოტის” ლიტერატურულ კლუბში იაპონელ ქართველოლოგთან შეხვედრა მოეწყო https://edu.aris.ge/pnews/skola-poliglotis-literaturul-klubshi-iaponel-qartvelologtan-shexvedra-moewyo.html

სკოლა “პოლიგლოტის” ლიტერატურულ კლუბში განსაკუთრებული დღე იყო. კლუბის ხელმძღვანელმა მაიკო კვირკველიამ სიურპრიზი მოუწყო მოსწავლეებს და სტუმრად მოიწვია იაპონელი ქართველოლოგი, ტოკიოს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი ჰაიტე სოტომე, რომელიც ცხრა წელია, რაც მოღვაწეობს საქართველოში. მან შეისწავლა ქართული ენა, მწერლობა, კულტურა, ისტორია, შეიყვარა ჩვენი ქვეყანა და იცავს დისერტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე.

ჰაიტე სოტომემ ისაუბრა მრავალ თემაზე, წაიკითხა ლექსები ქართულად, გამოხატა თავისი დამოკიდებულება იაპონური და ქართული კულტურის შესახებ, უპასუხა მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრა იყო საინტერესო, მოსწავლეები დაფიქრდნენ იაპონია-საქართველოს ურთიერთობაზე და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ქართული კულტურის მნიშვნელობა, განსაკუთრებით სასიამოვნოდ მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ იაპონელი მეცნიერი დაინტერესდა საქართველოთი და ქართული ენით, რაც საამაყო და დასაფასებელია.