GE
ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა
დაწყების სავარაუდო თარიღი: 2016 წლის ოქტომბერი
ჩატარების ადგილი: თბილისი
სწავლების ენა: ქართული
სწავლის ფორმა: დასწრებული (სკოლის გაკვეთილების შემდეგ) 
 
თუ თქვენი შვილი სწავლობს თბილისის რომელიმე სკოლის VI, V ან IV კლასში და მიგაჩნიათ, რომ მას აქვს გამორჩეული ინტერესი და მიდრეკილება მათემატიკისადმი, ეხალისება და ეადვილება  მათემატიკურ-ლოგი­კუ­რი ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა და გინდათ, რომ იგი მოხვდეს მისი ნიჭის თვითრეალიზაციისა და სრულ­ყო­ფის სათანადო გარემოში, ასეთ შემთხვევაში მზიურის ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა თქვენთვისაა!
 
კითხვა - რა არის მზიურის ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა?
პასუხი - გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურში მოქმე­დებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხდება გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავ­შვების სელექცია და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება. ამ ჯგუფების პროგრამა ითვალისწინებს მათე­მატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას.
 
კითხვა - რა არის ამ პროგრამის მიზანი?
პასუხი - ამ პროგრამის მთავარი მიზანია ინფორმატიკის სფეროში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია (ძირითადად V-VI კლასის ასაკში) და შემდგომი მომზადება (ძირითადად სკოლის დამთავრებამდე). ეს ჯგუფები ერთგვარი “ტალანტების ფაბრიკაა”, რომლის საბოლოო “პროდუქტები” არიან საერთაშორისო მასშტაბით სრულიად კონკურენტუნარიანი სკოლადამთავრებული ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში და, მომავალშიც, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ მეცნიერ-მკვლევართა და უმაღლესი დონის მენეჯერთა შორის.
 
კითხვა - რა არის ამ პროგრამის შედეგი?
პასუხი - ჩვენთან სწავლის განმავლობაში ეს მოსწავლეები მონაწილეობენ ხოლმე ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა რანგის (მათ შორის საერთაშორისო) ოლიმპიადებსა და კონკურსებში და, ჩვეულებისამებრ, იმარჯვებენ კიდეც.
ჩვენი მოსწავლეები მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და ხშირად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და თვრამეტი ბრინჯაოს მედალი.
ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, დღეს უკვე სტუდენტები, წარმატებით სწავლობენ ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში. ყოფილ მზიურელებს საკვანძო პოსტები უჭირავთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე წამყვან ქართულ კომპანიებში.
 
კითხვა - რაში მდგომარეობს პროგრამის არსი?
პასუხი - ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა მუდმივად ვითარდება და დღეისათვის იგი ოთხი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:
  1. მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი
  2. მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“
  3. დაწყებითი ორწლიანი კურსი
  4. საოლიმპიადო ჯგუფები და პროგრამირების სკოლა
კითხვა - რა არის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი?
პასუხი - მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდი­ნა­რე­­ობს დაუსწრებელ ტურებად. მონაწილეობენ III-VI კლასის მოსწავლეები თბილი­სი­სა და სხვა ქალაქების სკოლებიდან. ყოველი დაუსწრებელი ტურისთვის საიტზე (http://www.concurs.mziuri.ge), განყოფილებაში მიმდინარე ტური გამოიკიდება ხოლმე 5 მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანა, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან და ამოხსნები ელექტრონული დოკუმენტის სახით გამოაგზავნონ მითითებულ ვადაში. ამის შემდეგ ეს ამოხსნები განიხილება, შეფასდება და გამოიკიდება გავლილი ტურის ანალიზი (ამოცანების ამოხსნები, შეფასების სქემა, მოსწავლეთა შედეგები და მათი კომენტარები). ინტერნეტშეჯიბრი ერთგვარი დისტანციური სწავლების სკოლაა, რომლის მიზანია ნიჭიერი ბავშვების შერჩევა.
 
კითხვა - რა არის მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“?
კონკურსი იმართება სასწავლო წლის ბოლოს. მასში მონაწილეობას იღებენ III-VI კლასების მოსწავლეები თბი­ლი­სის სკოლებიდან. ეს კონკურსი გარკვეულწილად ინტერნეტშეჯიბრის გაგრძელება და მისი ერთგვარი „დასკვნითი ნაწილია“. კონკურსი შედგება პირველი და მეორე ტურებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიისაგან.
 
კითხვა - რა არის დაწყებითი ორწლიანი კურსი?
პასუხი - დაწყებითი ორწლიანი კურსის  პროგრამაში მოსახვედრად თბილისის სკოლების V და VI (იშ­ვი­ათად IV და VII) კლასის მოსწავლეებმა აუცილებლად  უნდა გაიარონ შესარჩევი კონკურსი, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში იმართება. კონკურსის შედეგების მიხედვით კომპლექტდება სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სწავლობენ გაძლიერებული პროგრამით. კვირაში აქვთ სამი მეცადინეობა, თითოეული მეცა­დი­ნეობის ხანგრძლივობა 1 სთ 30 წთ. ამ მეცადინეობებზე სწავლობენ სამ სხვადასხვა დისციპლინას: დაპროგ­რა­მე­ბის საფუძვლებს, მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნას და ალგორითმების საფუძვლებს. სწავლების პროგ­რამა საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებითა და საკონტროლო წერებით. საკონტროლო წერებისა და სხვა­დასხვა კონკურსებში მონაწილეობის შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლეთა რეგულარული რეიტინგიზაცია, რო­მელიც საშუალებას გვაძლევს ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ დავაფორმიროთ ე.წ. ოლიმპიური და პროგრამირების სკოლები.
 
კითხვა - რა არის საოლიმპიადო და დაპროგრამების ჯგუფები?
პასუხი - საოლიმპიადო და დაპროგრამების ჯგუფების მოსწავლეები გაღრმავებულად ეუფლებიან ალგორითმიზაციის საფუძვლებს, საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებსა და დაპროგრამების ხელოვნებას. პროგრამისტთა სკოლის მოსწავლეები ეუფლებიან დაპროგრამების თანამედროვე ინსტრუმენტებს - C++, G#, Java და ვებგვერდების დაპროგრამების ტექნოლოგიას. ამ კურსის პროგრამა საკმაოდ რთულია და მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭისა და სიბეჯითის მქონე მოსწავლეებისთვის არის დაძლევადი. სწორედ ამ ჯგუფების მოსწავლეები აღწევენ წარმატებებს ინფორმატიკის ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
 
კითხვა - რა მნიშვნელობა აქვს ოლიმპიადებში მიღწეულ წარმატებებს?
პასუხი - პირველი და ყველაზე მთავარი - ოლიმპიადაში წარმატების მისაღწევად სათანადო ცოდნასთან ერ­თად აუცილებელია უნარების მთელი კომპლექტის გამომუშავება. მიზანსწრაფულობის, ბრძოლისუნარიანობის, კონ­ცენ­ტრირების უნარის, ამოცანის გადაწყვეტის სტრატეგიული და პრაქტიკული გზების ძიების გამოცდილებისა და სხვა ზოგადი ფსიქოლოგიური და ანალიტიკური უნარების გარეშე ოლიმპიადებზე წარმატების მიღწევა შეუძ­ლე­ბელია. ამ უნარებისა და სათანადო ცოდნის შეძენა კი მოსწავლისათვის შემდგომი კარიერული წარმატების დიდი გარანტიაა.
 
მეორე - ოლიმპიადებში მოპოვებული მედლები და დიპლომები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლისათვის ფინანსური დახმარების მოპოვების აუცილებელი (და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი) პირობაა.
 
მესამე - ოლმპიადებში მიღწეული წარმატებებისთვის მედლებსა და დიპლომებთან ერთად, როგორც წესი სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისაგან გაიცემა ფულადი პრიზები და სტიპენდიები. ამ სტიპენდიების რაოდენობა და მოცულობა (განსაკუთრებით ბოლო წლებში) განუხრელად იზრდება. სტიპენდიებისა და სხვა პრიზების მოპოვება მოსწავლისათვის ერთის მხრივ საკმაოდ კარგი მატერიალური სტიმულია, მეორეს მხრივ კი იმ ორბიტაზე მოხვედრის საშუალებაა, რომელიც საზოგადოების (მათ შორის ხელისუფლების) ყურადღების ცენტრშია და საიდანაც ქვეყნის მომავალი ლიდერები ჩნდებიან.
 
მეოთხე - არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოლიმპიადებში აქტიური მონაწილეობისას ბავშვი ხვდება საერთო ინტერესის მქონე თანატოლთა წრეში და კონკურენციით დაწყებული მათი ურთიერთობა მომავალში ძალიან ხშირად წარმატებული სპეციალისტების საქმიან ურთიერთობებში და არც თუ იშვიათად მეგობრობაშიც გადაიზრდება ხოლმე.
 
კითხვა - როგორია მზიურში სწავლების საფასური?
პასუხი - ინტერნეტშეჯიბრში და კონკურსში „იმედი ხვალის“ მონაწილეობა უფასოა. ასევე უფასოა შესარჩევი კონკურსი. ორწლიანი კურსი, საოლიმპიადო და დაპროგრამების ჯგუფები, რა თქმა უნდა, ფასიანია, მაგრამ  გადახდისუუნარო ოჯახებისათვის მოქმედებს ფინანსური დახმარების მოქნილი სისტემა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდულია, საშუალებას გვაძლევს, არ დავკარგოთ არც ერთი ნიჭიერი ბავშვი.
 
კითხვა - როგორ შეიძლება მოემზადოს ბავშვი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?
პასუხი - ინტერნეტშეჯიბრის დაუსწრებელ ტურებში და დასწრებულ მათემატიკურ კონკურსში ”იმედი ხვალის” მონაწილეობა საუკეთესო გამოცდილებაა მზიურის ორწლიანი კურსის ჯგუფებში შესარჩევ კონკურსში წარმატების მისაღწევად. გარდა ამისა, ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ უკანასკნელი ოთხი წლის მისაღები კონკურსების ამოცანებს, მისამართზე: http://www.concurs.mziuri.ge/past.php
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეგისტრაციისთვის შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები