GE
ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო.

პროგრამა თავისი ფორმითა და ხარისხით აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებს შეესაბამება და სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

2021-2022 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ორ ტალღად ჩატარდება:

  1. ადრეული მიღება და
  2. გვიანი მიღება

ადრეული მიღება

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2021 წლის 15 თებერვლიდან 15 მაისამდე; მისაღები გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 22 მაისს.

გვიანი მიღება

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2021 წლის 16 მაისიდან 1 ივლისამდე; მისაღები გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 10 ივლისს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჩარიცხულ ყველა სტუდენტს საშუალება ექნება, უფასოდ გაიაროს მათემატიკის კურსი (3 კვირა, აგვისტო, 2021 წელი) და პირველი მინი-სემესტრი (8 კვირა, სექტემბერ-ოქტომბერი, 2021 წელი).

ფინანსური მხარდაჭერა

სწავლის საფასური: 3,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ერთი სასწავლო წლისთვის. თუმცა ISET-ის მხარდამჭერით - საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 15 სტუდენტი მიიღებს აკადემიურ სტიპენდიას სწავლის საფასურის გარკვეული წილის დასაფარავად. ყველა წარმატებულ სტუდენტს რეგიონიდან შეუძლია მიიღოს ნაწილობრივი სტიპენდია;

  • ISET-ისა და მისი პარტნიორების დახმარებით, ფინანსური დახმარების საჭიროების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ საჭიროებაზე დაფუძნებული სტიპენდიები;
  • სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შეუძლიათ თანხა ISET-ის სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად გამოიყენონ;
  • ISET სტუდენტებს სთავაზობს კომერციულ ბანკებთან შუამდგომლობას შეღავათიანი სტუდენტური საბანკო სესხებისათვის, სწავლის საფასურის დაფარვაში დასახმარებლად.

მომავლის პერსპექტივები

  • საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები - ISET-ის სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას საშუალება აქვს, ერთი სემესტრი გაატაროს კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტსა და ნორვეგიის ეკონომიკის სკოლაში, მონაწილეობა მიიღოს საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორკშოპებში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლასა თუ სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში;
  • დასაქმება და პროფესიული სტაჟირება - ISET-ის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები რეგიონსა და საზღვარგარეთ. ISET-ის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის პარალელურად, პროფესიული სტაჟირება გაიარონ არაერთ ორგანიზაციაში;
  • სწავლის გაგრძელება აშშ-ისა და ევროპის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით - ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორიკის, ლესტერისა და სხვა უნივერსიტეტებში;
  • ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამა - ISET-ის კურსდამთავრებულთა თითქმის 70% მონაწილეობას იღებს ჩეხეთის რესპუბლიკის CERGE-EI-ის ფონდის ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამაში. პროგრამის ყველა მონაწილე გადის პედაგოგიურ ტრენინგს პრაღაში, მათ აქტიურ მენტორობას უწევენ CERGE-EI-ისა და ISET-ის პროფესორები. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი რეგიონის სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიან თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკას.
  • გამოყენებითი კონცენტრაციების არჩევა - სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ეკონომიკური თეორიის, ენერგეტიკის ეკონომიკის, ინკლუზიური ზრდის, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და თანამედროვე მონაცემთა ანალიზის მიმართულებები.

რეგისტრაცია

  1. ონლაინ განაცხადის შევსება
  2. მისაღები გამოცდების ჩაბარება
  3. გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში)

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები