GE

სახელმწიფო ენის შესახებ კანონის რეალურად აღსრულება არ ხდება – კანონი არის, ბიუჯეტი არა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც 2016 წელს უნდა შექმნილიყო და რომლის ფუნქციაც სახელმწიფო ენის დაცვა, განვითარება, სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შემუშავება და კიდევ ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად სახელმწიფო ენის შესახებ კანონის აღსრულების კონტროლი უნდა ყოფილიყო, არ შეიქმნა. პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, მაგრამ სახელმწიფო ენის დეპარტამენტისთვის დაფინასება არ არის გამოყოფილი.

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს ლადო პაპავას თქმით, დღეს ქართული ენა დანაგვიანებულია. დანაგვიანებულია წიგნებში,  მედიაში გამოყენებული ქართული ენა და ამას სჭირდება მოვლა, რაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმე უნდა ყოფილიყო. როდემდე გადაიდო მისი შექმნა, ამაზე არც განათლების მინისტრს, არც განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარეს პასუხი არ აქვთ. არადა, კანონის აღსრულება სწორედაც რომ ხელისუფლების ვალდებულებაა.

470_1457682702820796აღნიშნულ  ვითარებას  გამოუცდელობით გამოწვეულ გაუგებრობას აბრალებს აკადემიკოსი ლადო პაპავა. იგი EDU.ARIS.GE-ს უყვება, რა გზა გაიარა კანონმა სახელმწიფო ენის შესახებ 2015 წლის 22 ივლისამდე, ანუ იმ დრომდე სანამ პარლამენტი მას მიიღებდა და რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნას ქვეყნისთვის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ დაისვა საკითხი სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მისაღებად. ეს კანონი ყოველთვის იბლოკებოდა. გაუგებარი იყო – რატომ. ბოლოს აღმოჩნდა ისეთი სიტუაცია, სახელმწიფო ენის კანონი გააჩნდა ყველა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს: აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, თურქეთს. არ ჰქონდა მხოლოდ საქართველოს.

სამწუხაროდ, ქართული ოცნების 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაუგებარი მიზეზით ხდებოდა კანონის მიღების გადადება. სწორედ ამიტომ პროფესორები 2014 წლის 25 დეკემბერს შევიკრიბეთ უნივერსიტეტში და გავაკეთეთ მიმართვა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის მიმართ, რომ ასეთი კანონი აუცილებლად იყო მისაღები, რომ ეს იყო ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

ის, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არ იქმნება, ნიშნავს რომ კანონი, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ენის შესახებ, არის ქაღალდზე. მისი აღსრულება არ ხდება რეალურად. სახელმწიფო ენას სჭირდება დაცვა, გამდიდრება, ენობრივი სტანდარტების შემუშავება და ეს ყველაფერი სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გასაკეთებელი საშური საქმეა.

მოდით, უფრო გლობალურად შევხედოთ ამ საკითხს. საქართველოს მთავრობას არც ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების 100 წლისთავი აღუნიშნავს (რაც, როგორც თსუ-ს რექტორმა, არაერთხელ ვთხოვე წერილობითაც და სიტყვიერადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს), არც ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავი, და არც შოთა რუსთაველის 850 წლისთავი. აღნიშვნაში ვგულისხმობ მასშტაბურ ღონისძიებებს, თუნდაც ისეთს, როგორიც იყო 1966 წელს, როცა საქართველომ იზეიმა შოთა რუსთაველის 800 წლისთავი. თუ ამას მთავრობა არ აღნიშნავს, ამ ფონზე მე უკვე აღარ მიკვირს, რომ არ ასრულებს სახელმწიფო ენის შესახებ კანონს და შედეგად სახელმწიფო ენის დეპარტამენტს უწერია დაფინანსება ნოლი.

მე რომ ვიყო მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, ვიტყოდი რომ ეს არის ანტიქართული მთავრობა. მაგრამ რადგან არ ვარ ოპოზიციურად განწყობილი  მთავრობის მიმართ, ამ ვითარებას დავაბრალებ გამოუცდელობით გამოწვეულ გაუგებრობას…“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

mariamjashimajoriგანათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ კარგად შეისწავლის ამ საკითხს (იმას, რომ ქართული ენის დეპარტამენტის შესაქმნელად ბიუჯეტში დაფინანსება არ არის გამოყოფილი), ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას და იანვრის დასაწყისში მოგვახსენებს თავის პოზიციას . . .

„ენის სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებით უკვე დაწყებული მაქვს  კონსულტაცია. პირველ რიგში, მინდა გავერკვე. შევიტყო რეალური ფაქტორები, რამაც შეაყოვნა დეპარტამენტის ამოქმედების საკითხი. რის გამოც მოხდა კანონით გათვალისწინებული სტრუქტურის შეფერხება. ამ თემასთან დაკავშირებით დაწყებული მაქვს მუშაობა და იანვრის პირველ ნახევარში მე ჩემს პოზიციას გაგაცნობთ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მარიამ ჯაშმა.

„როგორ შეიძლება, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე არ იყოს საქმის კურსში, რაც ეხება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნას? აბა, რა თემები ეხება მას? ეს მარტო განათლების და მეცნიერების კომიტეტის კი არა, იურიდიულ საკითხთა  კომიტეტსაც ეხება, რადგანაც საუბარია სახელმწიფო ენაზე. ვერც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გადგება გვერდზე, დაფინანსება ნოლი რომ ჩაუსვა.

მე, სამწუხაროდ, ამ პრობლემის შესახებ ოპოზიციის ხმაც არ გამიგია. ვინმემ თქვა ოპოზიციიდან, ამას რატომ არ აკეთებთო? ოპოზიცია ამას არ იტყოდა, იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე ებრძოდა ყველაფერს იმას, რაც ქართულია. სამწუხაროდ, არც „პატრიოტების“ პროტესტი გამიგია…

ეს არ იქნება დიდი ორგანიზაცია. სხვადასხვა სტრუქტურებისთვის შენობებიც არის, ფართობებიც, მანქანებიც, ხელფასებიც. რატომღაც ეს ვერ მოიძებნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შესაქმნელად!“, – ამბობს ლადო პაპავა.

qantoo-e1460462080895-660x330პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრს და წინა მოწვევის პარლამენტში იგივე კომიტეტის  თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ქანთარიას ვერ აუხსნია, რატომ არ არის გამოყოფილი თანხა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შესაქმნელად ქვეყნის 2017 წლის ბიუჯეტში.

„სამწუხაროდ გაჩერებულია 36-ე მუხლის აღსრულება, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ეხება.  მეც ვერ ამიხსნია. კანონი ამ შემთხვევაში არსებობს და ენის დეპარტამენტი არ არსებობს. ახლა, მით უმეტეს, ამ შემჭიდროებული ბიუჯეტის ფორმატში რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დარღვევა, არ ვიცი.  მუდმივად ვსვამდით ბიუჯეტის განხილვის დროს ამ საკითხს, მაგრამ მუდმივად იყო ,რომ ვერ მოხერხდა დაფინანსების გამოყოფა. იმედია მოხერხდება. ეს იქნებოდა ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ენის სიწმინდის დაცვაზე იქნებოდა ორიენტირებული. იმედი მაქვს, რომ იქნება. ეს უკვე აღმასრულებლის საქმეა“, – აღნიშნა ალექსანდრე ქანთარიამ.

13406909_1600524183611133_7373701008928101082_nალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, გადაწყვეტილება მისაღებია, როცა იქნება.

„მე ვფიქრობ, ფუნქცია აუცილებელია. ჩვენს ენას სჭირდება განვითარება. ახლა ამას ვაგვარებთ „კუსტარული“ მეთოდებით, ასე ვთქვათ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები მუშაობენ. თვითონ მასწავლებლის სახლი, როცა სჭირდება, ამ მიმართულებით ცდილობს, რაღაცა გააკეთოს. თუმცა, საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, როცა იქნება. 2017 წელს ენის დეპარტამენტს დაფინანსება არ ექნება. სამომავლოდ ვიმედოვნებ, რომ ექნება“,- აღნიშნა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სახელმწიფო ენის შესახებ კანონი  2015 წლის 22 ივლისს მიიღო. მუხლი 36-ე, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ეხება, 2016 წელს უნდა ამოქმედებულიყო. როგორც აღვნიშნეთ, ბიუჯეტში თანხის არ გაწერის გამო, დეპარტამენტი არც 2016 და როგორც გაირკვა, არც 2017 წელს შეიქმნება. ზუსტად როდის ამოქმედდება 36-ე მუხლი, ჯერ-ჯერობით კვლავ ბუნდოვანი რჩება.

გთავაზობთ, სახელმწიფო ენის კანონიდან იმ მუხლებს, რომლებიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და მის შექმნას ეხება

მუხლი 36. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

  1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. იგი ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
  2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
  3. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
  4. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
  5. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
  6. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) შეიმუშავებს და გამოსცემს სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს;

გ) ზედამხედველობს ამ კანონის შესრულებას;

დ) ქმნის სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიას და კომისიის მიერ შემუშავებულ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას;

ვ) სახელმწიფო  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად;

ზ) ამ კანონისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო ორგანოს დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მოთხოვნით;

თ) ახორციელებს საინფორმაციო და მეთოდური უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახელმწიფო ენის სფეროში;

ი) ახორციელებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
  2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა სავალდებულოა.
  3. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოებისაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ინდივიდუალური საწარმოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია.
  4. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოებისა და პირების მიერ სახელმწიფო ენის დეპარტამენტისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა ინფორმაციის მიუწოდებლობად ჩაითვლება. ინფორმაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარედგინოს.

მუხლი 41. კანონის ამოქმედება

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 33-ე, 34-ე, 36-ე და 37-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
  2. ამ კანონის 36-ე მუხლის პირველი–მე-5 პუნქტები, მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები და მე-7–მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.
  3. ამ კანონის 33-ე და 34-ე მუხლები, 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და 37-ე მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 14 თებერვლიდან.

ქართულ ენას ახალი წლიდან კანონი დაიცავს – როგორი იქნება სანქციები კანონდამრღვევთათვის

ცისანა შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური