GE

[12-10.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

11/10/2019 – 17/10/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

 

სკოლამდელი განათლება

§

15 ოქტომბერს, უსინათლოთა საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ეტაპზე შშმ პირთა ჩართულობის უკიდურესად დაბალ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დარეგისტრირებული 161 931 აღსაზრდელიდან, მხოლოდ 805 შშმ პირი იყო, რაც საერთო რაოდენობის 0,5%-ც კი არ არის.

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, 2018-2019 სასწავლო წელს რეგისტრირებული 524 000 მოსწავლიდან, მოსწავლეთა მართვის ელექტრონული ბაზის შესაბამის ველში სკოლებს მხოლოდ 750 შშმ მოსწავლე ჰყავდათ მონიშნული, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,14 პროცენტია.

ზოგადი განათლება

§

10 ოქტომბერს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება სასწავლო წლის ნებისმიერ დროს დანიშნოს წინასწარ განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები.

§

EDU.ARIS.GE-ს მიერ მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების გამოთვლის წესში ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, პრემიერ მინისტრის ბრძანებით, ცვლილება განხორციელდა.

ნოემბრის გამოცდებზე მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშების ახალი წესი იმოქმედებს.

§

20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია პროგრამაში ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ჩართვის მსურველთათვის. ეს პროგრამა სოფლის მცირეკონტიგენტიანი სკოლების მხარდაჭერის მიზნით, 2000 მასწავლებლობის მსურველსა და მოქმედ მასწავლებელს გადაამზადებს მონათესავე საგნების სწავლებისათვის. ამ პროგრამის საჭიროება მცირეკონტიგენტიან სკოლებში ღიად დარჩენილმა ვაკანსიებმა განაპირობა. სწავლება ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს რეგიონულ ცენტრებში წარიმართება, ხოლო მეორე სემესტრიდან გადამზადებული პირები სკოლებში მაძიებლის სტატუსით შევლენ.

§

16 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. სკოლის დირექცია მომხდარს მოსწავლის ცელქი ქცევით ხსნის. სხვა ვერსია აქვთ მოსწავლეებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ დაზარალებულთან ერთად, გაკვეთილის გაცდენის მიზნით, 2 სხვა სხვა მოსწავლეც გადმოხტა ფანჯრიდან, მაგრამ ისინი დაზიანებას გადაურჩნენ.
შსს ორგანოებმა მომხდარზე მოკვლევა დაიწყეს.

პროფესიული განათლება

§

15 ოქტომბერს დასრულდა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია. ამ ეტაპისთვის პროფესიულ ტესტირებაზე დარეგისტრირდა 10 622 აპლიკანტი, მათ შორის, 235 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია.

§

18 ოქტომბერს ქალაქ თეთრწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.

ფორუმში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, მსხვილი და საშუალო კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. ამ შეკრებაზე სამუშაოს მაძიებლები გაეცნობიან დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს, ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროფესიული განვითარების კურსების შესახებ.

უმაღლესი განათლება

§

10 ოქტომბერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამოაქვეყნა შედეგები უმაღლესი განათლების მიმართულებით. ინფორმაცია ეხება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც სამ ქართულ უნივერსიტეტთან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ერთად ახორციელებს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში.

წელს SDSU-საქართველოს პირველი 58 კურსდამთავრებული ჰყავს ხუთი მიღების შედეგად, სულ ჩარიცხულია 779 სტუდენტი. პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების 99 პროფესორმა სან დიეგოში გაიარა პროფესიული განვითარების პროგრამა. აშენდა ახალი საგანმანათლებლო შენობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.

სხვა ამბები

§

15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ბრძანება საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ.

გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესული დოკუმენტი არეგულირებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და სხვა საკითხებს. დეპარტამენტში სამი სამმართველოა: სკოლამდელი განათლების, ზოგადი განათლების და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების.

განათლების საკითხების განხილვა საქართველოს პარლამენტში

§

საქართველოს პარლამენტში განვლილ კვირაშიც გრძელდებოდა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და მათ შორის განათლების სფეროს ბიუჯეტის განხილვა.

განხილვის პროცესში გააქტიურდა ეგრედწოდებული უფასო ფაკულტეტების (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების) საკითხი. თუ რამდენიმე ხნის წინ თავად განათლების მინისტრი უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის შეცვლას და ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაუქმებას აანონსებდა, ახლა სამინისტრო აცხადებს, რომ სტუდენტების დაფინანსების ნაწილში ცვლილებები არ იქნება, შეიძლება ცვლილებები იყოს მხოლოდ დაფინანსების ეტაპებსა და მექანიზმებში. რეაგირების გარეშე რჩება სახელმწიფო აუდიტის შეფასებები და რეკომენდაციები ე.წ. უფასო ფაკულტეტების არაეფექტურობასთან დაკავშირებით.

§

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შენარჩუნდება პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ბიუჯეტი 33,0 მილიონი ლარი იქნება.

§

,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, 2020 წელს დაიწყება, მაგრამ ბევრი საბავშვო ბაღი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სერიოზულ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებას საჭიროებს“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პარლამენტში დეპუტატების მიერ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის შესახებ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

მანვე, სახელოვნებო და სასპორტო სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, დასმულ კითხვაზე უპასუხა: ,,მათ მართლაც დაბალი ხელფასი აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე ხელფასის მატების რესურსი არ არსებობს და რომც არსებობდეს, ეს მხოლოდ ახალი სასწავლო წლიდან იქნებოდა შესაძლებელი.“

[12-10.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ARIS.GE - განათლება