GE

[13-10.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

18/10/2019 – 24/10/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

 

უმაღლესი განათლება

§

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში საშემოდგომო სესიისთვის მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობის უფლებას მიანიჭებს. ინიციატივის მიხედვით, სტაჟირება 2-წლიანი იქნება და მსურველები აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურებას არ მიიღებენ.

კომიტეტის თავმჯდომარის ვარაუდით, სტუდენტები უკვე 2020-2021 სასწავლო წლიდან შევლენ სკოლაში. მასწავლებლის ასისტენტს ექნება თავისი უფლება -მოვალეობები, რომელიც კანონში გაიწერება.

§

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე ნანა შარიქაძე აირჩია.

ახალი რექტორი, ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულია. ის 1999 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 2001 წლიდან დოცენტი, 2007 წლიდან კი – პროფესორი.

ზოგადი განათლება

§

24 ოქტომბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩასატარებლად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განისაზღვრა 12 საჯარო სკოლა, სადაც ჯერ წინა მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელება და შემდეგ ჩატარდება გამოცდა/ტესტირება. ამ პროცესთან დაკავშირებით, ამოქმედდა განათლების მინისტრისთვის მინიჭებული უფლებამოსილება რიგგარეშე არდადეგების დაწესების შესახებ და 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საგამოცდოდ შერჩეულ 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით ანაზღაურდება.

§

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საქართველოში დღეს სულ 55 682 მასწავლებელია, მათგან 50 029 საჯარო სექტორშია დასაქმებული, 5 653 – კერძოში. სტატუსების მიხედვით: მენტორია 248 მასწავლებელი (საჯარო სკოლაშია 230, კერძოში – 18); წამყვანის სტატუსი აქვს 2 967 მასწავლებელს (საჯარო სკოლაშია 2 767, კერძოში – 200); სულ, 29 693 უფროსი მასწავლებელია (საჯარო სკოლაში მუშაობს 26 732, კერძოში – 2 961);

22 774 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 20 300 საჯარო სკოლაშია, 2 474 – კერძოში.

§

ოქტომბრიდან 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი დატვირთვა აქვს, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა. სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში, სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირია:

უფროსი მასწავლებელი – 1011 ლარი;
წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარი;
მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარი.

განაკვეთზე ნაკლები დატვირთვის მქონე პედაგოგებს შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც საშუალოდ, 100 ლარით ზრდას გულისხმობს.

§

17 ოქტომბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მთის განვითარების ფონდის მიერ ამ ზაფხულს სრულად რეაბილიტირებული (საერთო ღირებულებით 160 ათასი ლარი) სკოლა-პანსიონატი დაიწვა. ხანძარი სადილამდე გაჩნდა. შენობაში მყოფებმა გამოსვლა უვნებლად მოასწრეს. შენობაში წინა დღეს დასრულდა გათბობის სისტემის დამონტაჟება და ობიექტის ჩაბარების შესახებ ოქმი არ არსებობს. სკოლა-პანსიონის 8 მოსწავლე სასწავლო და საცხოვრებელი სივრცის გარეშე დარჩა. ხელისუფლება მოკლე ხანში ახალი სკოლის აშენების შესახებ საუბრობს.

§

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ (მცირეკონტინგენტიანი სკოლების მასწავლებლებით უზრუნველყოფაზე ორიენტირებულ პროექტი) ფარგლებში დაგეგმილ პროფესიული გადამზადების სპეციალურ პროგრამაში 5000-მდე მაძიებელი და პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულ მასწავლებლებთან გასაუბრება 25 ოქტომბერს დაიწყება. სკოლისთვის 2000 მსმენელის შერჩევაა დაგეგმილი.

§

23 ოქტომბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ერთ-ერთი სატელევიზიო სიუჟეტით აგორებული თემის, რომ მეათე კლასელებს წელს საპილოტე გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, გასაბათილებლად განმარტა, რომ ეს მხოლოდ არასწორი ინტერპრეტაციაა და 2019-2020 სასწავლო წელს მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის საპილოტე გამოცდები არ ჩატარდება.

24 ოქტომბერს ცენტრმა გამართა ბრიფინგი ეროვნული სასკოლო შეფასების პროექტის შესახებ. ამ პროექტით, მომდევნო სასწავლო წელს ჩატარდება მხოლოდ მე-4 და მე-6 კლასელების ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

პროფესიული განათლება

§

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირება 27 ოქტომბერს დაიწყება. წინა დღეს, 26 ოქტომბერს ჩატარდება პრეტესტი. მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, წელს საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ ტესტირებაზე 10 622 აპლიკანტი დარეგისტრირდა და აქედან 235 სპეციალური საჭიროების მქონე პირია.

სხვა ამბები

§

18 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა მიზნობრივი საგრანტო კონკურსი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე, საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინსტიტუციებს, ასევე ფიზიკურ პირთა ჯგუფებს;

§

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტში მოცემულია დეტალური ინფორმაცია როგორც საფასურის, ასევე, წესის ცვლილებების შესახებ.

[13-10.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm