GE

[14-10.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

25/10/2019 – 31/10/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, მუშავდება კონცეფცია, რომლის თანახმადაც სკოლები საფეხურების მიხედვით დაიყოფა. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ცალ-ცალკე იქნება დაწყებითი და საშუალო საფეხურის სკოლები. თუმცა სკოლების არსებული მრავალსართულიანი ნაგებობების პირობებში, ამ კონცეფციის განხორციელება გაჭირდება. ახალი შენობების დაგეგმვის დროს კი, მოხდება ამ მიდგომის გათვალისწინება.

სკოლამდელი განათლება

§

25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ანგარიში მოისმინა.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ღირებულებით – 4 412 000 ლარი, ხოლო სხვადასხვა სახის რეაბილიტაცია ჩაუტარდა 213 ბაღს, რისთვისაც დაიხარჯა 6 321 000 ლარი. დანარჩენი სამუშაოების ღირებულება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გავიდა. სულ, 2019 წელს დაიწყო 14 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 259-ს. საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე დახარჯულმა თანხამ ჯამში 19 მლნ ლარი შეადგინა.

ზოგადი განათლება

§

EDU.ARIS.GE-ს მიერ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია გვამცნობს, რომ 10 ოქტომბრის მდგომარეობით, საინფორმაციო სისტემამ ასახა 1 425 ახალი პედაგოგი, რომლებზეც 2019-2020 სასწავლო წლის შესაბამისი საგნობრივი საათები გადანაწილდა.

ყველაზე მეტი ახალი მასწავლებელი თბილისის სკოლებში შევიდა (115 სკოლაში შესულია 301 ახალი მასწავლებელი). შემდეგი იმერეთის რეგიონია, სადაც 145-მა საჯარო სკოლამ 212 ახალი მასწავლებელი მიიღო. ყველაზე ცოტა მასწავლებელი რაჭა-ლეჩხუმის სკოლებში შევიდა, აქ 16 სკოლაში 22 ახალი მასწავლებელი ჰყავთ.

სამინისტრომ არ უპასუხა EDU.ARIS.GE-ის კითხვას: პენსიონერი მასწავლებლების წასვლის შემდეგ რომელ სკოლებში ვერ შეივსო ვაკანსიები და ვერც ღიად დარჩენილი საათების გადანაწილება მოხერხდა სხვა მასწავლებლებს შორის?

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბევრია ისეთი სკოლა, სადაც უმასწავლებლობის გამო, შესაბამისი საგნის გაკვეთილები არ/ვერ ტარდება.

§

26 ოქტომბერს ათასწლეულის ფონდმა გამოაცხადა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2020 წლისთვის. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს (დაბადებულებს 02.04.2001-01.04.2017); განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 ნოემბერი.

კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 2020 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით.

პროფესიული განათლება

§

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სკოლას 7 000 მეტი მოსწავლე ტოვებს, ეს ტენდენცია ძირითადად რეგიონებში იკვეთება. 2018-2019 სასწავლო წელს საბაზო საფეხურის შემდეგ სკოლა 7033 ახალგაზრდამ დატოვა და მათგან 1858-მა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა. შეიძლება ითქვას, რომ საბაზო საფეხურის შემდეგ სკოლიდან წამოსული ყოველი მეოთხე (თითქმის) ახალგაზრდა სწავლას პროფესიულ სასწავლებელში აგრძელებს.

§

29 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამ მიმართებით, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალ ხუთწლიან პროგრამას იწყებენ, რომლის ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროა (დაახლოებით 156 მილიონი ლარი).

§

30 ოქტომბერს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინეთის საელჩოს საქართველოში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაიმართა ერთობლივი სემინარი – „ინკლუზიური განათლება, სოციალური მეწარმეობა და დასაქმება“, სადაც ყველა ის გამოწვევა განიხილეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებს, მათ განათლებასა და დასაქმება-რეალიზაციას უკავშირდება.

შშმ პირების განათლების და დასაქმების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. სემინარის მონაწილეები განათლებისა და დასაქმების საუკეთესო ფინურ მოდელებს გაეცნენ. გაიმართა დისკუსია ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

უმაღლესი განათლება

§

28 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აშშ-ის ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც ვებსტერის უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს.

§

30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო დაბალი რისკის მსჯავრდებულებისთვის სამაგისტრო პროგრამებზე წვდომის საკანონმდებლო ინიციატივა.
როგორც აცხადებენ, ამ საკანონმდებლო ინიციატივის წინაპირობა შექმნა 23 წლის მსჯავრდებულმა, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ მას მიეცემა შესაძლებლობა, იანვრიდან ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში.

§

28 ოქტომბერს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება ,,2019-2020 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის წლიური ბიუჯეტი განსაზღვრულია 45 000 ლარით; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.

სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, თუ ის არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებში.

§

30 ოქტომბერს ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტის და საქართველოს 44 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა თსუ-ში გამართულ ERASMUS+ საკონტაქტო სემინარში. ასეთი შეხვედრები შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობა ხდება.

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 30 ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტი, გაიცა 110 სამაგისტრო სტიპენდია, 4775 სტიპენდია საქართველოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, 2725 სტიპენდია საქართველოში ევროპიდან ჩამოსული სტუდენტების და პროფესორებისთვის.

სხვა ამბები

§

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მასპინძლობს ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანების (ETUCE) მიერ ორგანიზებულ სამდღიან ,,მრგვალი მაგიდას“ ევროპულ და საერთაშორისო დონეზე პროფკავშირების სოციალურ გარდაქმნებში ჩართულობის თემაზე, რომელშიც 25 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

[14-10.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი