„2020 წელს პროფესიული განათლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 1800 ლარი იქნება“
საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პროფესიული განათლების მასწავლებელთა სახელფასო ზრდაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პედაგოგებს, რომლებიც პროფესიული განათლების მიმართულებით მუშაობენ, საათობრივი ანაზღაურება უნდა გაეზარდოთ.
„პროფესიული განათლების ნაწილში განათლების სამინისტრომ წარმოადგინა საკითხი. და, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და პედაგოგებს საათობრივი ანაზღაურება გაეზრდებათ მნიშვნელოვნად და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი და დღეს უკვე 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უკვე პროფესიულ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი როგორც დასაქმების თვალსაზრისით ჩვენი პრობლემების გადალახვაში, ასევე დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რომელიც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნული ზრდა 2020 წლის იანვრიდან შეეხება ყველა მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა) ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე. მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში ამჟამად შეადგენს 1300 ლარს, ხოლო ზრდის შემთხვევაში ის მიაღწევს დაახლოებით 1800 ლარს.
დღევანდელ სხდომაზე მინისტრ მიხეილ ჩხენკელს გააქვს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მინისტრთა კაბინეტი დღეს სულ 10 საკითხს განიხილავს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება