2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა – გამოცდებში რეგისტრირებულთა 94%-მა მიიღო მონაწილეობა
დღეს, 25 ივლისს, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე აბიტურიენტებისთვის ბოლო გამოცდის მიმდინარეობას ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში დააკვირდა.
სოფო გორგოძემ ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები შეაჯამა და აღნიშნა, რომ წლევანდელ გამოცდებზე ორი მთავარი მიზანი იყო შესასრულებელი.
“ორი მთავარი მიზანი გვქონდა. ერთი პანდემიის პირობებში აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა ისეთი გარემო, რომ მათ მისცემოდათ შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოევლინათ საკუთარი ცოდნა და უნარები. მეორე ის რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების მიმდინარეობისას თავიდან აგვეცილებინა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, სხვადასხვა უწყების მუშაობის შედეგად ორივე მიზანი მიღწეულია. იყო კორონავირუსის შემთხვევა მაგრამ აბიტურიენტი არ გამოეთიშა პროცესს და მიეცა გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში”, – განაცხადა მან.
სოფო გორგოძის თქმით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულთა (39 300-ზე მეტი აპლიკანტიდან) 94%-მა მიიღო მონაწილეობა, გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი, მათგან ერთი მობილური ტელეფონის გამოყენების ორი კი დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
2020 წლის გამოცდები მასწავლებლობის მსურველებისთვის 30 ივლისის ჩათვლით გრძელდება, აგვისტოს დასაწყისში კი გამოცდებს მაგისტორობის მსურველები ჩააბარებენ.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
- ტკბილ-მწარე გაკვეთილები ქართული განათლების სისტემისგან – 2024 წელი განათლებაში by ARIS.GE-განათლება
- „უკანა წინას სჯობია!“ – რა შეცვალა 2024-მა წელმა საქართველოში განათლების კუთხით? by ARIS.GE-განათლება
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს – ილიაუნის კანცლერი by ARIS.GE-განათლება