GE

3 საათში ელექტრონულად 13 636 პირველკლასელი დარეგისტრირდა – რამდენი პირველკლასელი გვეყოლება წელს

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და 25 ივნისს დასრულდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, 12:00 საათისთვის ელექტრონული რეგისტრაცია 13 636-მა პირველკლასელმა გაიარა.

EMIS-ის ცნობით, რეგისტრაცია უხარვეზოდ მიმდინარეობს და რეგისტრირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. რაც შეეხება პირველ და მეორე ეტაპზე რეგისტრირებულთა მაჩვენებელს, ჯამში, ელექტრონულ რეგისტრაციამდე პირველ და მეორე ეტაპზე 22 841 პირველკლასელი დარეგისტრირდა. შესაბამისად, ამ დროისთვის 36 477 ბავშვი უკვე პირველკლასელია, წელს კი, საერთო ჯამში, დაახლოების 50 ათას პირველკლასელს ელიან.

„სულ საქართველოს მასშტაბით 83 678 ვაკანტური ადგილი იყო, აქედან თბილისის სკოლებში განსაზღვრული რაოდენობა 16 623, დარჩენილი ლიმიტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 47 201-ს ხოლო თბილისის მასშტაბით 1891 ადგილს შეადგენს“, – განაცხადეს განათლების მართვის სისტემაში.

იმის მიუხედავად, რომ მშობლები სასურველ სკოლაში მოსახვედრად სხვადასახვა ხრიკს იყენებენ, სასურველ სკოლაში ვერ მოხვედრის პრობლემა ყოველ წელს იქმნება.

“136-ე სკოლაში მინდოდა ბავშვის დარეგისტრირება, ბავშვის პირადი მონაცემები მგონი 2 წამში შევავსე და მშობლების ინფორმაციის ველი საიტმა გვიან გამომიტანა, უკვე 0 ადგილი აჩვენა სკოლაში. ახლოს მდებარე სხვა სკოლაში დავარეგისტრირე, მაგრამ ვერანაირად ვერ ვხსნი ამოცანას, ე.წ. მოთხოვნად სკოლებში ერთ წამში როგორ ივსება ადგილები. ყველა არსებული ხერხი მქონდა წინასწარ შესწავლილი, მაგრამ არაფერი გამოვიდა, წარმატებას ვუსურვებ ყველა პირველკლასელს”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ნათია ხაინდრავამ.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური