5 კილომეტრი ფეხით სკოლამდე – ვარიანელი სკოლის მოსწავლეების გასაჭირი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები მოსწავლეები საშუალო განათლებას მეზობელ სოფელში იღებენ. მათ ტრანსპორტი არ ემსახურება და 30-მდე მოსწავლე იძულებულია ვარიანის სკოლამდე მისასვლელად 5 კილომეტრამდე მანძილი ფეხით გაიაროს.
„სკოლის დირექტორმა გამოგვიცხადა, რომ თანხა არ მაქვს და ტრანსპორტით ვეღარ ვატარებ თქვენს შვილებსო. ძალიან ვთხოვ ყველას, მოგვაქციოს ყურადღება, რადგან ჩვენი შვილები საფრთხის ქვეშ არიან“, – გვითხრეს სოფელში.
„მე მეურვეობა მაქვს ბავშვზე შვილიშვილს ვზრდი. იმას, რომ რამე მოუვიდეს ვინ გამცემს პასუხს. ბავშვები არიან და სანამ სკოლამდე მივლენ ქუჩაში დარბიან და მათ არავინ აკონტროლებს. ბოდიში და სულ ყველას ფეხებზე ვკიდივართ“, – გვეუბნება ლარისა ისაკაძე.
ვარიანის მეურნეობაში პრობლემის მოგვარებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. იქამდე კი, მშობლებმა ტრასპორტის დაქირავება თავად გადაწყვიტეს. დღეს ფულის შეგროვება დაიწყეს, თუმცა არასაკმარისი თანხის გამო, მოსწავლეები სკოლაში ტრანსპორტით ვერ გაუშვეს. მათ სკოლაში წასაყვანად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი თვეში 200 ლარზე მეტს სთხოვს.
„7 ლარს ვაგროვებთ ერთ ბავშვზე. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახების დიდი რაოდენობა სოციალურად დაუცველია ხშირად ფულს ვერ დებენ და საკმარისი რაოდენობა არ გროვდება. ამიტომ, ჩვენ ზედმეტი თანხის დამატება გვიწევს, რათა არ დავტოვოთ სკოლის გარეთ ჩვენი შვილები“, – აცხადებს ქრისტინა ბადალოვი.
„ამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია. ჩვენ გვთავაზობენ სოფელ საქაშეთის სკოლაში ვატაროთ ჩვენი შვილები, რომელიც შედარებით ახლოსაა სოფელთან, მაგრამ ის სკოლა არ მოგვწონს“, – გვითხრა კიდევ ერთმა მშობელმა.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა ვარიანის სკოლის დირექტორმა. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი გვითხრეს, რომ ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში აღნიშნული სოფლის მოსწავლეები ვერ ჩაერთვებიან. „ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა ეხებათ მოსწავლეებს, რომლებსაც უახლოესი სკოლა აქვთ ორ კილომეტრზე ან უფრო შორს. კანონის მიხედვით, მოსწავლეს არ ეკრძალება სკოლის არჩევა, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მოემსახუროს მოსწავლეს უახლოეს სკოლამდე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვარიანი მეურნეობასთან ახლოს არის საქაშეთის სკოლა და ის ორ კილომეტრში მდებარეობს. შესაბამისად, სახელმწიფო ტრანსპორტით საქაშეთის სკოლამდე უზრუნველყოფს“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მშობლები მოსწავლეების საქაშეთის საჯარო სკოლაში გადაყვანას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება