GE

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა!

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.

იუნესკოს განმარტებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა საერთშორისო დღის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს. დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი.

უკვე რამდენიმე წელია საქართველოში სწორედ ამ დღეს ასახელებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს. 2020 წლის ჯილდოს მფლობელი დღეს 20:00 საათზე გამოვლინდება.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცემა.

კონკურსის წლევანდელი ფინალისტები არიან:

სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი

თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

განახლება:

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია გახდა.

EDU.ARIS.GE ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური