GE

[8-09.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

13/09/2019 – 19/09/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

 

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სისტემის ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული, მეცნიერება) განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ანგარიში შეეხო მთელ სისტემაში განათლების ევროპული მოდელისა და ხარისხის პრინციპების დანერგვის მნიშვნელობას, ახალი სკოლის მოდელს, სკოლის უსაფრთხოებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და მის მნიშვნელობას, სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას, ასევე, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკასა და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას.

ამ ღონისძიების ფარგლებშივე, საზეიმოდ გაიხსნა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“.

სკოლამდელი განათლება

§

,,მიმდინარე წლის ნოემბერში მოხდება სასკოლო მზაობის ახალი პროგრამის დანერგვა საბავშვო ბაღებში. ეს იქნება საპილოტე პროგრამა ,,სამოდელო ბაღი“, ხოლო 2020 წლის მაისიდან დაიწყება აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება და ანაზღაურების გეგმის გასაჯაროება. პედაგოგები საუნივერსიტეტო დონეზე გაივლიან მომზადება-გადამზადების კურსს“, – აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.

§

ქობულეთში 100-მდე ბავშვი, რომელთაც 6 წელი 17 სექტემბრის შემდეგ უსრულდებოდათ, ბაღისა და სკოლის გარეშე დარჩა. როგორც ქობულეთის მერიის ბაღების გაერთიანების უფროსი აღნიშნავს, ამ ასაკის ბავშვებისთვის ჰქონდათ შექმნილი მოსამზადებელი ჯგუფები, რომელიც სკოლებში ფუნქციონირებდა. წელს სკოლებმა უარი თქვეს ფართის გამოყოფაზე. საბავშვო ბაღებში ისედაც ადგილების დეფიციტია, 300 ბავშვის მიღება ვერ მოხერხდა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სკოლებთან.

ზოგადი განათლება

§

პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის, კომპეტენციების დასადასტურებლად, ნოემბრის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 17 სექტემბერს ამოიწურა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით რეგისტრაცია 26 600-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. აპლიკანტთა უმრავლესობისთვის ზაფხულის გამოცდების შემდეგ ეს მეორედ მიცემული შესაძლებლობაა.

§

განათლების რეფორმის ანგარიშში განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა, თუმცა მას ისეთივე განვითარება სჭირდება, როგორც ჩვენს მოსწავლეებს.

როდის ირწმუნებენ ამას მასწავლებლები და მოსწავლეები, რომელთაც ,,განვითარდება სჭირდებათ“, მაგრამ სკოლებში, ინტერნეტთან დაკავშირებით, ახალ სასწავლო წელსაც ძველი პრობლემები ხვდებათ და ათასზე მეტ მოსწავლიან სკოლას სერვისის მომწოდებლები ხარვეზების გამოსწორების ,,მარტივ“ სქემას სთავაზობენ ,,ოცი კომპიუტერია ,,ინტერნეტში“, დატოვეთ ერთი და ხარვეზზე მერე გველაპარაკეთო(!?).“

§

EDU.ARIS.GE–მ მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების გაანგარიშების ცხრილში შეცდომები აღმოაჩინა, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმაც დაადასტურა და მედიაპორტალს ხარვეზების გამოსწორებას დაპირდა. საინტერესოა, როგორ აპირებს ცენტრი ამ ხარვეზებზე რეაგირებას, როცა შედეგები უკვე შეცდომით არის დამდგარი. ,,ყველაფერი მასწავლებლების სასარგებლოდ გადაწყდებაო“ აცხადებენ ცენტრში, თუმცა როგორ? – ეს გაუგებარია.

§

მარტყოფში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სკოლა 500 ბავშვზეა გათვლილი. მოხდა სკოლის სრული რეაბილიტაცია: სპორტ დარბაზით, სააქტო დარბაზით, ლაბორატორიებით. სკოლის გახსნას ესწრებოდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაცია. მარტყოფის სკოლა ერთ-ერთია, იმ 91 სკოლას შორის, რომელიც საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრულად განაახლა.

პროფესიული განათლება

§

კოლეჯების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ჯერ კიდევ უცნობია. არადა, მისი ვადა ჯერ ,,პროფესიული განათლების შესახებ“კანონის 39-ე მუხლს დარღვევით, 2019 წლის 5 თებერვლის N120-ე ბრძანებით, 8 აპრილიდან 6 ივლისამდე გადაიწია. თუმცა გადაწეული თარიღი – 6 ივლისიც არ აღმოჩნდა საკმარისი კონკურსის შედეგების გასაჯაროებისთვის.
პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას ობიექტურადაც ბევრი წინააღმდეგობა ხვდება, ამიტომაც გაუმჭვირვალე პროცესები, სუბიექტური ბარიერები წარმოშობს ეჭვებს და უნდობლობის განცდას სისტემის მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ, კონკურსში მონაწილეთა უფლებების დარღვევაზე.

§

,,მიმდინარე წლის დარჩენილი თვეებისა და 2020 წლის მთავარი ამოცანა პროფესიული განათლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება,“ აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სამინისტრო კოლეჯებით დაფარული 40 მუნიციპალიტეტის არეალის გაფართოებას, დარჩენილი მუნიციპალიტეტების ისეთ სკოლებში გეგმავს, რომელთაც დაუტვირთავი ფართი გააჩნიათ. ასეთ სკოლებში პროფესიული განათლების თითო პროგრამის ამოქმედებას მაინც აპირებენ;
ჩანაფიქრი საინტერესოა და არცთუ ახალი. საზოგადოებისთვის უცნობია ის შედეგები, რომელიც აქამდე პილოტურად ამოქმედებული ანალოგიური მცდელობებით დადგა. საინტერესოა ისიც, თუ რეალურად როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ასეთ პროგრამებს ადამიანური რესურსით (პედაგოგებით), ხარისხიანი სწავლა-სწავლებით, როცა ამ პრობლემას არსებული პროფესიული განათლების დაწესებულებებიც ვერ უმკლავდებიან.

უმაღლესი განათლება

განათლების რეფორმის შესახებ ანგარიშში მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა, რომ ,,უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი მზადაა და ოქტომბერში წარვუდგენთ საზოგადოებას, ზუსტდება ზოგიერთი საკითხი. მოდელისთვის ნიშანდობლივი ხარისხზე და არა – რაოდენობაზე ორიენტაცია იქნება“, – აცხადებს განათლების მინისტრი. მეტი კონკრეტიკა არ ჟღერდება. როგორ შეხვდებიან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ამ გადაწყვეტილებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის რას შემატებს და რას რისკებს შეუქმნის დაფინანსების ახალი წესი.

§

ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო არ არის ძველი ,,პროდუქტის“ ახალი შეფუთვით წარმოდგენის შემთხვევები. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის, აწ უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით პრეზენტირებაც ამ მოვლენათა კატეგორიაში ჩაეწერა.

შესაბამისად, განახლებული პროექტით, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი კი ალექსანდრე თევზაძე იქნება.

უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში 3 მიმართულებით: მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მენეჯმენტის პროგრამებზე მიიღებს; სწავლა ინგლისურენოვანი იქნება და მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამის მიხედვით შექმნილ აკადემიურ პროგრამებს ქართველი და უცხოელი ლექტორები გაუძღვებიან. ეტაპობრივად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი მიმართულების პროგრამებზეც გამოაცხადებს მიღებას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას: პირველ ეტაპზე მოხდება 3 სასწავლო კორპუსის , სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, პროფესორ-მასწავლებელთა საერთო საცხოვრებლის, ცენტრალური ბიბლიოთეკისა და სასადილოს მშენებლობა.

ზოგადად, უნივერსიტეტის 153 ჰექტარზე შენარჩუნდება 80 ჰექტარი ტყე და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მწვანე კამპუსი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის. ასეთია წარდგენის მცირე დეტალები იმასთან ერთად, რომ უნივერსიტეტის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს.

სხვა ამბები

§

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციაში საუბარია 2019 წლის ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში თანხების ათვისების (6 თვის მონაცემებით) საკითხებზე. სხვა მიმართულების პროექტებს შორის, დასახელებულია, განათლების მიმართულების პროექტებიც. კერძოდ, ირკვევა, რომ პროექტისთვის ,,ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებში“ გამოყოფილი 20, 000,000 ლარიდან ათვისებულია 0%. საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სახელოვნებო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი 131,500,000 ლარიდან – 39 %; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 50,000,000 ლარიდან – 12%;

ეს მონაცემები გვახსენებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთაც სასწავლო წელი დროულად ვერ დაიწყეს და ამის გამო, სამუშაო დღედ შაბათის დამატება მოუწევთ.

აუდიტის სამსახურში ამ პრობლემების მიზეზს პროექტების პირველადი შერჩევის არაფორმალურ და არასტანდარტიზირებულ პრაქტიკაში ხედავენ.

§

19 სექტემბერს ქუთაისში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელშიც სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი ცდის დროს მოხდა აფეთქება და რამდენიმე მოსწავლე დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულებს მაშინათვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

[8-09.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი