GE

აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება დაწყებულია და პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება

აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება დაწყებულია და პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის დაწყების წინ განაცხადა, სადაც ის რეგისტრაციის პროცესს პირადად აკვირდებოდა.

“ყველა ინფორმაცია, შეჯამების სახით, რაც აბიტურიენტების გამოცდებს ეხება გვექნება 25-ში, რაც შეეხება შედეგებს, იცით რომ ნამუშევრები გადის საკარანტინე პერიოდს, თუმცა ნაშრომების გასწორება დაწყებულია და შესაბამისად აგვისტოს პირველ ნახევარში ჩვენ შეგვეძლება გამოვაცხადოთ პირველადი შედეგები, შემდეგ იქნება აპელაცია და ამის შემდეგ გამოცხადდება საბოლოო შედეგები. აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან დაასრულა საგამოცდო პროცესი, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე აბიტურიენტი, რომელიც 24 რიცხვში დაასრულებს ამ პროცესს”, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

მან ასევე ისაუბრა მასწავლებლობის მსურველთათვის დღეს დაწყებული გამოცდების შესახებ და სტუდენტებს საგრანტო კონკურსის თარიღიც შეახსენა.

“დღეს დაიწყო მასწავლებლობის მსურველთა ტესტირება და იგი გასტანს 30 ივლისამდე, 12 000-მდე მსურველია დარეგისტრირებული და დღეს გაივლიან ტესტირებას ის აპლიკანტები, რომლებიც დაწყებითების ტესტირებაზე დარეგისტრირდნენ, მათ აქვთ 5 საათი სამუშაოდ. ამის გარდა, მინდა გითხრათ, რომ ყველა უსაფრთხოების ზომა მასწავლებლების შემთხვევაშიც დაცულია, მათაც როგორც აბიტურიენტებს საშუალება აქვთ მოიხსნან პირბადე გამოცდის პერიოდში. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და შევახსენებ სტუდენტებს, რომლებიც საგრანტო კონკურსისთვის ემზადებიან, მათი ტესტირება იქნება შაბათს, 25 ივლისს”, – აღნიშნა გორგოძემ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური