აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა 27 ივნისიდან შეეძლებათ – როგორ უნდა ამოვბეჭდოთ ის
2020 წლის აბიტურიენტები, საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის კანდიდატები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 27 ივნისიდან ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ.
როგორც გამოცდების ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განმარტა, ბარათთან ერთად აბიტურიენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია გამოცდაზე დასაშვები ნივთების თაობაზეც:
“ხვალიდან 12 საათის შემდეგ აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის და მაგისტრობის მსურველებს შეეძლებათ თავიანთი საგამოცდო ბარათი, მათი პირადი გვერდიდან ამობეჭდონ. შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რომელიც პირადობასთან ერთად უნდა იქონიოთ საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დროს. მნიშვნელოვანია, რომ კარგად დააკვირდნენ აბიტურიენტები, თუ რომელ დღეს აქვთ გამოცდა, რომელი სესია აქვთ და რა დროს უნდა გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში. აქვე არის მითითებული ის ნივთები, რომლებიც შუეძლიათ შეიტანონ საგამოცდო ცენტრში. წყლის და კლამის შეტანა ადრეც შეიძლებოდა, ამას დაემატა პირბადე”, – აღნიშნა გორგოძემ.
პ რ ო ც ე დ უ რ ა
მას შემდეგ, რაც შეხვალთ გამოცდების ცენტრის ვებგვერდის – online.naec.g-ის პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენოთ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ნებადართულია ბარათის ამობეჭდვა შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.
ინფორმაციისთვის, საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება