აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია განათლების სამინისტროს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტმა შეისწავლა თუ რამდენად უზრუნველყოფილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემო. ასევე, რამდენად ეფექტიანია განათლების სამინისტროს მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები. ანგარიში 2016, 2017 და 2018 წლებს მოიცავს.
როგორც აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, კვლევის შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. კერძოდ, შესწავლილ პერიოდში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იყო როგორც მანდატურის, ასევე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების სიმცირის პრობლემა.
„2018 წლის მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 21 პროცენტია უზრუნველყოფილი მანდატურით. სკოლების 44 პროცენტი აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ამავე დროს, ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება 1 161 (50 პროცენტი) სკოლა, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით არ არის უზრუნველყოფილი ყველა რეგიონი, რაც აფერხებს აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, ცენტრებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა არ შეესაბამება მათ დატვირთვას, კერძოდ, არ შეესაბამება ცენტრში დაფიქსირებულ მიმართვიანობას. მონაცემთა ბაზა, რომელსაც ფლობს მანდატურის სამსახური, არ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლისთვის ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა და თარიღები, შემთხვევის დასრულების პერიოდი და მიღწეული შედეგები. შესაბამისად, შეუძლებელია მონაცემების სრულად დამუშავება და ანალიზი შედეგების შესაფასებლად, აგრეთვე განსახორციელებელი ღონისძიებების დასაგეგმად”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
ასევე, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სკოლის მოსწავლეებს არ მიეწოდებათ სათანადო ინფორმაცია მათი უფლებებისა და ბულინგის შესახებ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს, რომლებიც ისწავლება მესამე კლასიდან სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში, ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა გამოცემის სახელმძღვანელოში განსხვავებული მოცულობით არის განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის უფლებების კონვენცია, მოსწავლის უფლებები და ა.შ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, VII კლასამდე არ მიეწოდებათ მოსწავლეებს ინფორმაცია ბულინგის შესახებ. მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე არის ნებაყოფლობითი და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება, შესაბამისად, გადამზადებულია მასწავლებელთა მხოლოდ 13 პროცენტი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რათა ადამიანის უფლებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების საკითხების ეფექტიანი დანერგვა და სკოლების მიხედვით თანაბარი სწავლება განათლების ყველა საფეხურზე. ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაინერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც მოხდება დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამართულად ფუნქციონირების პერიოდული მონიტორინგი, შეფასდება მათი საჭირო რაოდენობა და შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლის შესაძლებლობა.
ა.წ.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება