ახალი შეთავაზება სტუდენტებს – თსუ-ის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაცია თსუ-ის ადმინისტრაციამ დღეს, 16 ივნისს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხი, უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი, ფინალური გამოცდების ფორმატი და სხვა.
„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული საკითხის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით თემატური სამუშაო ჯგუფები უკვე მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად და კონსტრუქციულ ფორმატში სამუშაოდ.
რაც შეეხება ფინალური გამოცდების ფორმატს, თითოეული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინალური გამოცდები იწყება 20 ივნისს 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება“, – ნათქვამია თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მოგეხსენებათ, სტუდენტების ნაწილი ორ თვეზე მეტია, რაც აქციებს მართავს. მათ ერთი კვირაა, რაც დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის რექტორატი. გიორგი შარვაშიძის კაბინეტის დაკავებისას ისინი მოითხოვდნენ გნათლების მინისტრთან შეხვედრას, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას, სტუდენტური საცხოვრებლების მოწესრიგებას, რექტორ გიორგი შარვაშიძის გადადგომას და რექტორის არჩევის წესის ცვლილებას. პროტესტის მონაწილეთა ბოლო განცხადებით კი, ისინი 17 ივნისს, ადმინისტრაციასთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. 15 ივნისის მდგომარეობით, სტუდენტების მოთხოვნათა სია ასე გამოიყურება:
- აშენდეს სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც დააკამყოფილებს ყოველი უნივერსიტეტის სტუდენტთა მოთხოვნებს!
- ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი, გამოვლინდეს ყოველი შესაძლო გადაცდომა, პასუხისმგებელი ადამიანები წარსდგნენ კანონის წინაშე, ხოლო ბიუჯეტის თანხები წარიმართოს სწორი მიმართულებით!
- შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, გახდეს დემოკრატიული და ყოველი ლექტორისათვის ხელშესახები!
- შეიცვალოს ფინალური გამოცდების ფორმატი!
- მოვითხოვთ განათლების მინისტრთან, ბატონ მიხეილ ჩხნეკელთან შეხვედრას!
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება