ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, მშობლები ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების წაღებას შეძლებენ
კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული მდგომარეობის გამო სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის საჯარო ბაღებში სწავლა შეწყვეტილია.
თბილისის მერმა ამასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ განაცხადა, მისი თქმით, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფუჭებადი პროდუქტი, რომლებიც მიმდინარე არადადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, ისევ ამ ბავშვებს მოხმარდება.
„დღეს მსურს თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა გაგაცნოთ და ეს შეეხება ჩვენს პატარებს. გადავწყვიტეთ, რომ ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის არა მალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არადადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქციის ჩამონათვალი რა თქმა უნდა, შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა ბავშვების მშობლებს. ეს შესაძლებელი იქნება ხუთაშაბათიდან, პროცესში რა თქმა უნდა, ასევე, ჩართული იქნება მოხალისეებიც. დაფასოებული პროდუქტების პაკეტების გაცემა მოხდება ორ კვირაში ერთხელ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად დაცული იქნება ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როცა ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს შეძლებისდაგვარად, არც ერთ ბავშვს არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას, რათა ჰქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს,“- განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, გადაწყვეტილება იმითაცაა გამოწვეული, რომ ქალაქში ბაგა-ბაღებს აკისრია როგორც აღმზრდელობითი, ასევე გარკვეული სოციალური ფუნქციაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვებისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებად.
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი