„ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობ“ – გოგონა ლაგოდეხიდან, რომელმაც ბიოლოგიაში უმაღლესი ქულა მიიღო
გოგონა, რომელმაც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბიოლოგის საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო, ნეირო, ან კარდიო ქირურგობას აპირებს. მარიამ დავლაშერიძემ ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლა დაასრულა და სწავლის გაგრძელებას სამედიცინოზე აპირებს.
ამბობს, რომ ამაზე სულ პატარა ასაკიდან ოცნებობდა და ამიტომ, თავიდანვე განსაკუთრებულად სწავლობდა იმ საგნებს, რომლებიც სამედიცინოზე ჩაბარებისთვისაა საჭირო.
მარიამ დავლაშერიძე: ბავშვობიდან ვოცნებობ რომ ექიმი გავხდე. ყოველთვის ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე შენს ხელშია და დახმარება შეგიძლია. ნეირო, ან კარდიო ქირურგობა მინდა. ვნახოთ რა იქნება, იმედია შევძლებ. მე მაქსიმალურად ვეცდები.
-ასეთ მაღალ ქულას ელოდი?
-სანამ გამოცდაზე შევიდოდი არა. შემდეგ, როცა ტესტები ვნახე, 65-69 ქულას ველოდი. 70 ქულას თუ მივიღებდი ნამდვილად არ მეგონა. ვფიქრობდი რამეს მაინც გამინულებდნენ. ყოველთვის მიზიდავდა ბიოლოგია და ქიმია. ამ სფეროში კი ეს ორი თითქოს გაერთიანებულია. სკოლაც ოქროს მედალზე დავამთავრე.
-სხვა საგნებში როგორ ქულებს ელოდები?
-ეგ ნამდვილად არ ვიცი. ქართულის ქულის გაგება თავიდანვე ცოტა რთულია. იმედია კარგ ქულას ავიღებ. ინგლისურშიც ესეს გარეშე კარგი ქულა მაქვს. ვნახოთ ესეში რამდენს დამიწერენ. მასწავლებელთან ერთად შევამოწმე, თუმცა თავდაჯერებული არ ვარ. ყოველთვის მგონია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ.
-როგორც ვიცი, ბოლო ერთი წელი ბიოლოგიაში ემზადებოდი კიდეც. როგორ ფიქრობ, შენი ასეთი ქულა მომზადების შედეგია თუ სკოლაში მიღებული ცოდნის?
-ვფიქრობ, სკოლაში მიღებული ცოდნის. ბიოლოგიის დაწყებიდანვე
კარგად ვსწავლობდი. არცერთი გაკვეთილი არ გამიცდენია და არ ჩამიგდია. ეს 1 წელი მხოლოდ გადამეორება იყო. ჩვენს სკოლაში მასწავლებლები მართლა ყველაფერს აკეთებენ ცოდნის გადმოსაცემად. განსაკუთრებით ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლების მადლიერი ვარ.
-მოსაზრება, რომ რაიონის სკოლებში სწავლების უფრო დაბალი ხარისხია, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მცდარია…
-მისწავლია თბილისის სკოლაშიც და სინამდვილეში, სრულიად პირიქითაა. სხვათაშორის, ეგ სტერეოტიპი პირველად გავიგე და ძალიან ცუდია, თუ მართლა მასე ფიქრობენ. სხვა რაიონებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა განათლების დონით. თუნდაც ჩემს კლასში 23 ბავშვიდან 20 უმაღლესში ვაბარებთ.
-სწავლის გაგრძელებას უცხოეთშიც ხომ არ განიხილავ?
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ განათლების დონე საქართველოშიც საკმაოდ მაღალია. თუ სადმე სასწავლებლად წავალ, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. კარიერის აწყობას მხოლოდ საქართველოში ვგეგმავ. მინდა რომ საკუთარი თავი ქართველებს მივუძღვნა, რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს.
-როგორი უნდა იყოს შენი კარიერა, რათა თქვა, რომ ის შედგა?
-მაგას, ალბათ, მაშინ ვიტყვი როდესაც პირველ დამოუკიდებლად ოპერაციას გავაკეთებ და ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენ. ესაა ჩემი ოცნება.
მარიამი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთია იმ აბიტურიენტთაგან, რომელთაც ბიოლოგიის გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღეს. EDU.ARIS.GE თითოეულ აბიტურიენტს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება