„ბოლო თვეში ჩვენი სიყვარული გაცალმხრივდა, მინდოდა გამეხარებინა“ – როგორია 2020 წლის გამოცდების შეყვარებული ბიჭის ისტორია
კითხვაზე – „რით დაგამახსოვრათ თავი 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა“, კორონავირუსს თუ არ ჩავთვლით, უმრავლესობის პასუხი იქნებოდა თბილისის ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრის შესასვლელში გამოკრული პოსტერი წარწერით „გაიღიმე ჩურჩუტელა, წარმატებებს გისურვებ! მიყვარხარ“!
ეროვნული გამოცდების რომეოდ წოდებული შეყვარებული ბიჭის ჟესტმა, სრულიად სოციალური ქსელი და ინტერნეტ-მედია ვირუსულად მოიცვა. ზოგს ადრესატის ვინაობა აინტერესებდა, ზოგს ავტორის, ზოგს ეპითეტი „ჩურჩუტელა“ მოხვდა თვალში და ზოგსაც გულში.
და რადგან ფოტო პირველებმა გაგიზიარეთ, ავტორსაც მივაგენით. EDU.ARIS.GE 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველაზე პოზიტიური მოვლენის ავტორს, საბა ჯიქურს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, საბას არც კი უფიქრია, რომ მის მიერ საყვარელი ადამიანისთვის მომზადებული სიურპრიზი ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა. გავიგეთ ისიც, რომ ეს ამბავი სევდიანია, რადგან საბას ჯერ კიდევ გამოცდებამდე დაშორდა შეყვარებული.
-ამ ეროვნულ გამოცდებზე თქვენ პოსტერზე დიდი გამოხმაურება არაფერს მოჰყოლია. ელოდი საზოგადოების ასეთ რეაქციას?
-სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არც მიფიქრია ხალხის რეაქციაზე. უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის პატარა სიურპრიზი გამეკეთებინა და სტრესული გამოცდის წინ, მცირე პოზიტივი შემეტანა. ღამის 02:00 საათიდან დავიწყე ადრესატის სახლიდან სამსახურამდე ამ სტიკერების გაკვრა და ბოლოს საგამოცდო ცენტრის შესასვლელში ბანერით დავაგვირგვინე.
-შენმა სიურპრიზმა მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. რატომ დაამთხვიე უცხო ენის გამოცდას, მანამდე ხომ ორი სხვა გამოცდაც იყო?
-ადრესატისთვის ეს ბოლო გამოცდა იყო და, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მისი ნერვიულობა პიკს აღწევდა ამ კონკრეტულ დღეს. ორი წლის განმავლობაში ჩვენი გრძნობები ორმხრივი იყო, თუმცა უკანასკნელ თვეში გაცალმხრივდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც მის გულს გაახარებდა. თუმცა ამანაც არ უშველა.
-რა რეაქცია ჰქონდა თქვენი პოსტერის ადრესატს?
-სამწუხაროდ, არ ვიცი გაეხარდა თუ ეწყინა, იმიტომ რომ არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს ისე, რომ მე გამეგო. არაფერი არ უთქვამს საერთოდ. ჩემი შეყვარებულის გარდა ყველას ცხოვრებაში შევიტანე მგონი პოზიტივი.
-და რატომ მაინცდამაინც „ჩურჩუტელა“?
-რაც შეეხება ,,ჩურჩუტელა”- ს, პირველ რიგში, ეს მოფერებითი სახელი იყო, რასაც წარსულშიც ვეუბნებოდი ხოლმე დიდი სიყვარულით. მეორე რიგში ის, რომ იმ საგამოცდო ცენტრში ძალიან ბევრი მისი სახელის მქონე გოგო იქნებოდა და ასე კონკრეტულად შეიძლება არც მიეღო საკუთარ თავზე სახელის დაწერის შემთხვევაში.
-რას უპასუხებ იმ ხალხს, ვისი გაღიზიანებაც გამოიწვია ამ მიმართვამ?
-ამ ხალხს ნამდვილად არაფერს ვუპასუხებ და არც მიპასუხია. არ მესმის რა იყო იქ გამაღიზიანებელი და ნეგატიური. როგორც ჩანს, აღქმის და გაგების პრობლემასთან ერთად ისიცაა, რომ დადებითის და კარგის დანახვაც უჭირთ და ბუზს სპილოდ გადააქცევენ ხოლმე. ამ პოსტერს და იქ ყველა სიტყვას, მხოლოდ სიყვარული ედო საფუძვლად, ამიტომ არც ერთ კომენტარზე არ გამიცია პასუხი.
მართალია, საბას რჩეულმა გამოცდები უკვე დაასრულა, თუმცა მის გასამხნევებლად მომზადებული ბანერი ისევ საგამოცდო ცენტრის შესასვლელშია, როგორც საბამ გვითხრა, მის აღებას არ აპირებს.
„ბანერის აღებას არ ვაპირებ. არ ვაპირებ იქამდე, სანამ ხალხი „ჰაჩიკოს“ არ შეარქმევს.
ასე რომ, მათ ვისაც წინ კიდევ რამდენიმე გამოცდა დაგრჩათ, სიყვარულით შექმნილი პოსტერი საგამოცდო პროცესის წინ განწყობას კიდევ გაგიუმჯობესებთ. საბას კი, ბედნიერებას და დიდ სიყვარულს ვუსურვებთ ასეთი სითბოს გაზიარებისთვის.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება