GE

ცნობილია სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების წესი და პროგრამების ღირებულებები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე – დოკუმენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დადგენილებით, გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები საიდანაც ცნობილი ხდება, რომ უნივერსიტეტის დაფინანსების ერთ-ერთი სახე – დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის [სტუდენტისთვის] უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, სტუდენტი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.

გარანტირებული საბაზო დაფინანსება კი გულისხმობს საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის გარანტირებულ დაფინანსებას შესაბამისი პროგრამების ღირებულების 50%-ის ოდენობით.

რა წერია დაფინანსების წესისა და პირობების დოკუმენტში

სახელმწიფო დაფინანსების მიზნები

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო დაფინანსების მიზნებია:

ა) უმაღლესი განათლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნით, ინფრასტრუქტურის განვითარებითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის მოზიდვით;

ბ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილ ყველა პირს, მიუხედავად მათი სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობისა, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება;

გ) საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო რესურსების რაციონალური და სტრატეგიული განაწილება;

დ) ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგების განვითარება, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდა;

ე) რეგიონული განვითარების მხარდაჭერა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რეგიონში კადრების შენარჩუნება და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება;

ვ) სამეცნიერო პროგრესის, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენების ხელშეწყობა.

საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებები

მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება

1. საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებები განსხვავდება სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით და განისაზღვრება ამ წესის დანართის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება შესაძლებელია, განსხვავდებოდეს ამ წესის დანართით გათვალისწინებული ღირებულებისგან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვროს ამ წესის დანართით გათვალისწინებული ღირებულებისგან განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება.

4. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული /საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განსაზღვროს ამ წესის დანართით გათვალისწინებული ღირებულებისგან განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღირებულებების ფარგლებში საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი პირის სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

დაფინანსების ძირითადი სახეები და დაფინანსების პროცესების ადმინისტრირება

მუხლი 5. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება და დაფინანსების პროცესის ადმინისტრირება

1. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი სახეებია:

ა) საბაზო დაფინანსება;

ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება.

2. სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების წესი და პირობები, ასევე ძირითადი შესრულების ინდიკატორების კატალოგი, რომლითაც განისაზღვრება თითოეული სტრატეგიული მიმართულების ქვეშ ინდიკატორებისა და ამ ინდიკატორების გაზომვისათვის საჭირო ქვეინდიკატორების ჩამონათვალი მტკიცდება სამინისტროს მიერ. სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება გაიცემა სამინისტროს მიერ, შესაბამისი საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის საფუძველზე.

3. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პროცესები იმართება სამინისტროს მიერ, უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელშიც მუშავდება ინფორმაცია ამ წესით სახელმწიფო დაფინანსების მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საბაზო დაფინანსების მართვისა და გაანგარიშების პროცესების ადმინისტრირება, ასევე სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების პროცესების მართვა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი და შეფასება. უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 6. საბაზო დაფინანსების განაწილება

1. საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილ ერთ პირზე ყოველწლიურად გამოყოფილი საბაზო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა უთანაბრდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას.

2. საბაზო დაფინანსების გაცემის საერთო ვადა არ შეიძლება, აღემატებოდეს ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ვადებს.

3. საბაზო დაფინანსება შედგება ორი კომპონენტისგან:

ა) პირველი კომპონენტი − გარანტირებული საბაზო დაფინანსება;

ბ) მეორე კომპონენტი − დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული საბაზო დაფინანსება გულისხმობს საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის გარანტირებულ დაფინანსებას შესაბამისი პროგრამების ღირებულების 50%-ის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაზო დაფინანსების მეორე კომპონენტი განკუთვნილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის სრული დაფინანსებისათვის − საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულების დარჩენილი 50%-ის ოდენობით, რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით.

6. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნების, შეჩერებისა და აღდგენის პირობები განისაზღვრება ამ წესის მე-8 მუხლით.

მუხლი 7. საბაზო დაფინანსების ხანგრძლივობა

1. საბაზო დაფინანსება უზრუნველყოფილია:

ა) იმ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს − არაუმეტეს 8 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 10 სასწავლო სემესტრის განმავლობაში;

ბ) იმ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს – არაუმეტეს 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 8 სასწავლო სემესტრის განმავლობაში;

გ) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო 300-კრედიტიანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში − არაუმეტეს 10 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − არაუმეტეს 12 სასწავლო სემესტრის განმავლობაში;

დ) დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – არაუმეტეს 10 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 12 სასწავლო სემესტრის განმავლობაში;

ე) დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – არაუმეტეს 12 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − არაუმეტეს 14 სასწავლო სემესტრის განმავლობაში;

ვ) მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში − არაუმეტეს 2 სასწავლო სემესტრის განმავლობაში;

ზ) იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს − არაუმეტეს 4 სასწავლო სემესტრის განმავლობაში;

თ) იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს – 2 სასწავლო სემესტრის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბაზო დაფინანსების ხანგრძლივობაში ითვლება, ამ წესის შესაბამისად, დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების პერიოდიც.

მუხლი 8. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნება, შეჩერება და აღდგენა

1. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.

2. თუ კონკრეტული პირისათვის შედგენილია ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა, ამ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცენტი იანგარიშება ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ერთი სემესტრის სრული დატვირთვისთვის აუცილებელ კრედიტთა რაოდენობიდან (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

3. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებული მიზეზით, შესაბამის სემესტრში პირს არ/ვერ სთავაზობს სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებულ კრედიტთა საკმარის რაოდენობას (30 (ECTS) კრედიტი), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სტუდენტისათვის ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამის შედგენა, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი სემესტრის სრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული კრედიტების განსხვავებული რაოდენობა. ამ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცენტი იანგარიშება ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ერთი სემესტრის სრული დატვირთვისთვის აუცილებელ კრედიტთა რაოდენობიდან.

4. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებისთვის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც ექცევიან:

ა) აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირთა კატეგორიაში;

ბ) სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ბენეფიციართა კატეგორიაში;

გ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კატეგორიაში.

5. თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მას მომდევნო სასწავლო სემესტრიდან უჩერდება დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება და ვალდებულია, სწავლის საფასურის ნაწილი − შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულების 50% (რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით) დაფაროს საკუთარი სახსრებით.

6. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში შესაბამისი პირი უფლებამოსილია, ყოველი მომდევნო სემესტრიდან აღიდგინოს დაფინანსება, რისთვისაც ის ვალდებულია, წინა სემესტრში დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის (30 (ECTS) კრედიტი) ან ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის 100%.

მუხლი 9. საბაზო დაფინანსების გაანგარიშება

1. საბაზო დაფინანსების სემესტრული ოდენობა იანგარიშება საშემოდგომო სემესტრში შესაბამისი წლის 15 ნოემბრის, ხოლო საგაზაფხულო სემესტრში − 1 აპრილის მდგომარეობით, სისტემის მონაცემების შესაბამისად:

ა) საბაზო დაფინანსების უფლების მქონე პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებსაც აქვთ აქტიური სტატუსი და რომლებმაც დააკმაყოფილეს დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებისთვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული მონაცემები მუშავდება ცალ-ცალკე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებისა და საბაზო დაფინანსების ოდენობის გათვალისწინებით.

2. საბაზო დაფინანსების სემესტრული ოდენობის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინება პირი:

ა) რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი;

ბ) რომელმაც დაფინანსების გადარიცხვის სემესტრის წინა სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) ვერ დააკმაყოფილა დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებისთვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნარჩუნდება საბაზო დაფინანსება:

ა) 15 ნოემბრამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი აპრილის შემდგომ;

ბ) პირველ აპრილამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/ შეუჩერდა 15 ნოემბრის შემდგომ.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი გაითვალისწინება საბაზო დაფინანსების სემესტრული ოდენობის დაანგარიშებისას, იმ სემესტრის მომდევნო სემესტრიდან, რომელშიც დააკმაყოფილებს დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების აღდგენისთვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

5. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნარჩუნდება შესაბამისი პირების რაოდენობის გათვალისწინებით გარანტირებული საბაზო დაფინანსება.

მუხლი 10. დისბალანსის ლიმიტი

1. თუ მიმდინარე საბიუჯეტო წლის კონკრეტული სემესტრის გარანტირებული საბაზო დაფინანსების ოდენობა წინა საბიუჯეტო წლის იმავე სემესტრის გარანტირებულ საბაზო დაფინანსებასთან მიმართებით შემცირდა 5%-ზე მეტით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, შემცირებით გამოწვეული ფინანსური დანაკლისის დაბალანსებისა და ინსტიტუციური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმართოს სამინისტროს არაუგვიანეს ამგვარი ფაქტის დადგომიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) შესადარ სემესტრებში მიღებულ გარანტირებულ საბაზო დაფინანსებებს შორის სხვაობასა და აღნიშნულის განმაპირობებელ გარემოებებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსურ სტაბილურობაზე ზარალის გავლენის დასაბუთებას.

3. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია, გარანტირებული საბაზო დაფინანსების შემცირების მაჩვენებლის დასაშვები ზღვრის (≤5%) ფარგლებში მოქცევის მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებითი დაფინანსება ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსებიდან. ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

დანართი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება:

შენიშვნა 1: ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებას წარმოადგენს ამ დანართის მიხედვით შესაბამისი სწავლის სფეროსთვის გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება.

შენიშვნა 2: ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას წარმოადგენს ამ დანართით ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებების (02) სწავლის სფეროსთვის გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება, მასწავლებლის მომზადებისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებას − ამ დანართით განათლების (01) სწავლის სფეროსთვის გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება, ხოლო ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას − სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა ვეტერინარიის (08) სწავლის სფეროსთვის გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება.

იხილეთ: დაფინანსების წესის ტერმინდა განმარტებები და დოკუმენტი სრულად

ამავე თემაზე:

როგორ დაფინანსდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026–2027 სასწავლო წლიდან – მთავრობამ ახალი მოდელი და ბიუჯეტი დაამტკიცა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური