COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებლების ფონზე, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება
დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან – 366 თბილისში, 286 – აჭარაში, 104 კი – იმერეთში. ამ ფონზე რეკორდული სიხშირით იზრდება სკოლების და ბაღების რიცხვი, სადაც ვირუსის ფაქტები გამოვლინდა.
დედაქალაქის მასშტაბით უკვე დაიხურა 13 ბაგა-ბაღი, სკოლების შემთხვევაში კი წერტილოვანი შეზღუდვები გრძელდება.
EDU.ARIS.GE– ს ინფორმაციით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა, სადაც კორონავირუსი პედაგოგს, და ასევე მე-3 კლასელ მოსწავლეს და მოსწავლის მშობელს დაუდასტურდა. დასწრებული რეჟიმი დროებით გაუქმდა თბილისის 45-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც სკოლის თანამშრომელი ინფიცირებულთან კონტაქტი აღმოჩნდა. ვირუსი დაფიქსირდა თბილისის კერძო სკოლა „მთიებში“, სადაც იზოლაციაში ერთი კლასი და მათი პედაგოგი არიან. სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 173-ე საჯარო სკოლაც, სადაც ინფექცია ფეხმძიმე პედაგოგს დაუდასტურდა და მას სკოლის შიგნით ბევრი კონტაქტი ჰქონდა. დედაქალაქის მასშტაბით ეს სკოლების არასრული ჩამონათვალია.
როგორც უკვე ცნობილია, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიაც, სადაც ინფიცირებულია პედაგოგი. აღნიშნული პედაგოგი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მკურნალობას სახლში იტარებს, რადგან კლინიკებში ადგილი არ მოიძებნა.
დედაქალაქის პარალელურად სკოლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სხვა დიდ ქალაქებსა და რეგიონებში. ქუთაისის ორ კერძო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. კერძო სკოლა „პროგრესში“ მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი პირველი კლასის მოსწავლეს დაუდგინდა და ინფიცირებული ამავე კლასის პედაგოგია. ამ დროისათვის დისტანციურ სწავლებაზე ინფიცირებული მოსწავლის კლასი გადავიდა. ახალი კორონავირუსული ინფექცია დაფიქსირდა კერძო სკოლა „იმედში“-ც. აღნიშნულ სკოლაში პედაგოგია ინფიცირებული, რის გამოც სკოლამ ერთი კვირით ფუნქციონირება შეწყვიტა. კორონავირუსის ფაქტი ისევ დადასტურდა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც კლასების ნაწილი ონლაინ სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა.
კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. კორონავირუსი სოფლების იგოეთისა და ახალქალაქის სკოლების მასწავლებელს დაუდასტურდა. ორივე სკოლაში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები. შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 18 რეგიონში მაცხოვრებელია. ახალ შემთხვევებს შორის 4 არასრულწლოვანია. ამ რეგიონის მასშტაბით ონლაინ სწავლებაზე ჯამში 5 სკოლაა გადასული. 3 ბაღის გახსნა კი გადაიდო.
კოვიდ ინფქცია დაუდასტურდა ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში განთავსებულ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც კონტაქტში იყო აღნიშნული სკოლის მასწავლებელთან.
დღეს მთავრობს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სკოლებსა და ბაღებში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების ფონზე, გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სკოლებმა და ბაღებმა ფუნქციონირება გააგრძელონ.
„გაერო-ს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვების უსაფრთხო დაბრუნებას სკოლებში, სასწავლო დაწესებულებებში. ვთანამშრომლობთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე სხვა პარტნიორებთან, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. პასუხისმგებლობა, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო იყოს, აკისრია როგორც სკოლების ადმინისტრაციას, ასევე სამინისტროს, მშობლებსა და ბავშვებს. უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. სკოლებიც საზოგადოების ნაწილია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, იქაც იყოს უსაფრთხო გარემო. გარდა ამისა, მშობლები უნდა ესაუბრონ შვილებს და მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ბავშვებმა დაიცვან უსაფრთხოების ზომები: ფიზიკური დისტანცია, პირბადე. განათლების სამინიტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად და ჩვენ, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ვეხმარებით ამ პროცესში. მიგვაჩნია, რომ ბავშვებმა უნდა განაგრძონ სწავლა-განათლება და ეს უნდა მოხდეს უსაფრთხო პირობებში“, – განაცხადა ღასან ხალილმა.
თამთა ვირსალაძე
ნიკა გაბლიშვილი
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი