დამატებითი ცენტრები – თსუ-ის პასუხი ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩატარების მოთხოვნაზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გუშინ სტუდენტებს არ შეხვედრია, თუმცა უნივერსიტეტს აქვს პასუხი ყველა იმ სტუდენტისთვის, ვინც ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩატარებას ითხოვს.
კონკრეტულად კი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის 30 მაისის განცხადებით, თსუ სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში შეძლებენ, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილის მიერ დაყენებული მოთხოვნის შესრულებაზე არ ფიქრობს.
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული (შერეული) ფორმატით მიმდინარეობს, ფინალური გამოცდები კი თბილისის გარდა დამატებით საგამოცდო ცენტრებში – ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართება. თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა ფოთოლაშვილის თქმით, თსუ-ის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა – ქუთაისი და ახალციხე, რათა გაუმარტივდეს სტუდენტს გამოცდაზე გამოცხადება”, – ვკითხულობთ გუშინდელი საპროტესტო აქციის პასუხად გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების რეგისტრაცია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 30 მაისს დასრულდა. რეგისტრაციის შედეგად, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოთქვა.
“სასწავლო პროცესი თსუ-ში მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმატით, რაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულ პროგრამებზე არის როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიო სწავლება. თსუ-ში 24 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. ამ ეტაპზე თსუ-ში სასწავლო პროცესი გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში”, – განმარტავს თსუ-ის ადმინისტრაცია.
პროტესტის მონაწილე სტუდენტები კი შეკრებას დღეს კიდევ გეგმავენ.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება