GE

დეკემბრიდან აპრილამდე ეს გრიპი იქნება, სწავლა არ უნდა იყოს? – NCDC-ში არდადეგების გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ხედავენ

სეზონური გრიპის ვირუსების გამო, ზამთრის არდადეგები არ გახანგრძლივდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) აცხადებენ, რომ არსებული სტატისტიკა ამის აუცილებლობას არ მოითხოვს.

„ვიცი წამოვა ჩემს მიმართ „ფეისბუქში“ უარყოფითი კომენტარები, მაგრამ მაშინ სწავლა არ უნდა იყოს დეკემბრიდან აპრილამდე, იმიტომ რომ დეკემბრიდან აპრილამდე ეს გრიპი იქნება. განვითარებულ ქვეყნებში საერთოდ არ წყვეტენ ხოლმე სწავლას როდესაც არის ეპიდემიაც კი. არსებობს ბრიტანეთის მაგალითი, პანდემია რომ იყო მსოფლიოში და ბრიტანეთში ეპიდემია, არ შეუწყვეტიათ ეს სწავლა. ჩათვალეს, რომ ეს უარეს შედეგებს გამოიწვევდა. ეს უფრო ხშირად პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტაქტიკაა, სწავლის შეწყვეტა, რატომღაც ხალხს გონია, რომ თუ სწავლა არ იქნება გრიპი არ იქნება“- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე.

კლინიკებში სეზონური ვირუსული ინფექციების გამო მიმართვიანობა ისევ მაღალია. ამ დროისთვის მხოლოდ იაშვილის კლინიკაში გრიპის დიაგნოზით 68 ადამიანი მკურნალობს. მედიკოსების თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. გრიპის ვირუსის გამო სკოლებში, ბაღებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გადადების საჭიროება არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც საბჭო გადაწყვეტილებას იღებს, უნდა შეჩერდეს თუ არა სასწავლო პროცესი, მკვეთრად დაბალია. უწყების ინფორმაციით, მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.

სპეციალისტების თქმით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაცია გასცა, რომ სკოლებსა და ბაღებში სწავლა არ გადაიდოს.

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, 15 იანვრიდან საინფორმაციო კამპანია იწყება თბილისის საბავშვო ბაღებში, რაც  მშობლებისთვის საინფორმაციო ფურცლების დარიგებას გულისხმობს, სადაც  ინფორმაცია იქნება გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ამბობს, რომ საინფორმაციო ფურცლები უკვე მზად არის და ისინი მშობლებს ერთი კვირის განმავლობაში დაურიგდება. მისივე ინფორმაციით, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება. ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვის კოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს. სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უმრავლესობას გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური