დისტანციურად მომუშავე პირი სამსახურში გამოძახებიდან 1 საათში უნდა გამოცხადდეს – მთავრობის განკარგულება
მთავრობის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებული ღონისძიებები ამოქმედდა, რაც თანამშრომლების დისტანციურად მუშაობის დაშვებასაც გულისხმობს. საჯარო სექტორს განეკუთვნებიან საჯარო სკოლებიც. არდადეგების გახანგრძლივების გამო, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია ანაზღაურებას მიიღებენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათ სამსახურში გამოცხადება მოუწევთ.
“დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია პირობები, თუ რა შემთხვევაში არ უნდა გამოცხადდეს თანამშრომელი სამსახურში და რა წესები უნდა დაიცვას ორგანიზაციამ ჰიგიენის კუთხით:
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
1.სამსახურში არ გამოცხადდეს საჯარო დაწესებულების ის თანამშრომელი (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი):
ა) რომელიც ამ განკარგულების ძალაში შესვლამდე ბოლო 7 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყანაში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო) ან მოემგზავრება ასეთი ქვეყნების გავლით − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში;
ბ) რომელიც ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროისთვის ან შემდეგ იმყოფება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქვეყანაში და დაბრუნდება საქართველოში − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში;
გ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.
2.ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა: ა) ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2-კვირიანი პერიოდი გაატაროს თვითიზოლაციის წესების დაცვით;
ბ) სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზისა და რისკჯგუფში შემავალ პირთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დამსაქმებელი დაწესებულების უფლებამოსილ სამსახურს/თანამდებობის პირს და გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმში;
გ) შესაძლებლობის შემთხვევაში, სამუშაო შეასრულოს დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.
3.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის, შენობა-ნაგებობებში) ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.
4.შეიზღუდოს სამსახურებრივი მივლინებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
5.დასაქმებულმა პირებმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს, აგრეთვე აცნობონ დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურს/თანამდებობის პირს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა.
6. ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე: ა) შეიზღუდოს დაწესებულების მიერ საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირთა მონაწილეობით; ბ) დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ დაწესებულებებში გარეშე პირთა დაშვებისა და გადაადგილების მაქსიმალური შეზღუდვა/რეგულირება; გ) საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა განსაზღვრონ დაწესებულებების თანამშრომლების ის ნაწილი, რომელიც დროებით გადავა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე (კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას და დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს).
დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
7.საბიუჯეტო ორგანიზაციებმა/დაწესებულებებმა/უწყებებმა უზრუნველყონ, ამ განკარგულების გათვალისწინებით, შიდაუწყებრივი სხვა დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.
8. მიეცეს რეკომენდაცია ყველა პირს, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იხელმძღვანელონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული დებულებებით.
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი